top of page

თუ დანიშვნამდე არ დაიჭირეს..

Updated: Jun 3, 2019

ტერეზა მეი გადადგა და ამით, მისი brexit დასრულდა - ყველა მიიჩნევს, რომ ეს პუტინს არ გაუხარდებოდა, რადგან უბრიტანეთო ევროკავშირი ერჩივნა - უნებისყოფო ფრანგების და პრაქტიკული გერმანელების ამარა, რომელთაგანაც, პირველი, ლამის „დაბალი ღობეა“, ხოლო მეორესთვის, პრაგმატიზმის, და მისით ნაკარნახევი მოსაზრებების გარდა, ყველაფერი მეორეხარისხოვანია. თანაც, გერმანიას კვლავაც აქვს განცდა, რომ უკვე საკმაოდ მოძლიერებულია, რომ ევროპაში თავს ამერიკას კონკურენტად განიხილავდეს.

ეს კი, მნიშვნელოვნად რთულდება იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირში ვაშინგტონს ბრიტანეთი ეგულება.

მეიმ დიდი წინააღმდეგობები გადაიტანა და პირველ რიგში პარლამენტში, თუმცა, ცხადია პარტიაშიც, სადაც ახლა დიდი გადაადგილებები ივარაუდება.

„მე ყველა შესაძლებლობა მოვსიჯნე“ - განაცხადა აცრემლებულმა პრემიერმა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას, საკუთარი კაბინეტი აუჯანყდა. და ის გადადგა. ის ქვეყნის ისტორიაში მეორე პრემიერმინისტრი ქალი გახლდათ, თუმცა, ცხადია, მისი ტეტჩერთან შედარება სრულიად შეუძლებელია.


ერთი სიტყვით, ახლა, მას მერე, რაც 7 ივნისს მეი ოფიციალურად გადადგება, ათ რიცხვში კონსერვატორებში შერჩევის პროცედურები დაიწყება - მიმდინარე თვის მანძილზევე უნდა გაირკვეს თუ ვის დაასახელებს მის შემცვლელად კონსერვატიული პარტია და ვინ ჩაუდგება სათავაში მინისტრთა კაბინეტს.

საუბარია თორმეტ პრეტენდენტზე, თუმცა, ყველაზე აქტიურად, ბორის ჯონსონის კანდიდატიურას იხილავენ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მას მხარს უჭერს დონალდ ტრამპიც, რომელიც მალე, კუნძულს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

მოგვიანებით, ბრიტანულ The Sun-თან საუბრისას, ამერიკის პრეზიდენტმა რამდენჯერმე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ცალსახად მხარს არავის უჭერს და რომ მან უბრალოდ განაცხადა - ჯონსონი კარგი ვარიანტია, ნიჭიერი კაცია და ის შეძლებს ქვეყნის სათანადოდ მართვას-ო. ცხადია, პრეზიდენტის ამ განმარტებებმა სასურველი შედეგი არ იქონია და ელისაბედ II-სთან ოფიციალურ ბანკეტამდე, ამ ტიპის განცხადებების გამო, ტრამპი დიპლომატიური ეთიკის დარღვევაში დაადანაშაულეს. იმის ფონზე, რომ ამერიკის ლიდერი ბრიტანეთში ისედაც არ უყვართ, ყველა თანხმდება, რომ ტრამპის ვიზიტი ხმაურის ფონზე ჩაივლის.

საბოლოოდ, იოლი გამოსაცნობია, რომ ტრამპს სწორედ ჯონსჯონი აწყობს, რადგან ამერიკის ინტერესია, ბრიტანეთმა ევროკავშირის ყოველგვარი სავაჭრო წესები დაარღვიოს და აშშ-თან გააფორმოს ღია ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც ჯონსონის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის, და როგორც brexit-ის ხმალამოღებული ქომაგის ერთ-ერთი საკვანძო თემა გახლდათ. ამასობაში კი, მას სასამართლო უწყება მიართვეს - ჩვენების მისაცემად იბარებენ საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგვეა აღძრული და brexit-თან დაკავშირებული, წინასარეფერენდუმო კამპანიის დროს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. საუბარია ჯონსონის ცნობილ განცხადებაზე, რომელიც მან 2016 წელს ტელეკომპანია ITV-ის ეთერში გააკეთა და შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით, სიტყვა-სიტყვით გაიმეორე თავისივე სტატიაში, რომელიც The Daily Telegraph-ში გამოქვეყნდა: „როგორც კი ევროკავშირთან გავსწორდებით (ფინანსურად - რედ.) ჩვენ დავიბრუნებთ კონტროლს ყოველკვირეულ 350 მილიონ ფუნტ სტერლინგზე. არა ერთის აზრით, ცუდი არ უიქნებოდა, თუ კი ამ თანხებს ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახურში მივმართავდით.“ ეს „350 მილიონი ფუნტი“ ჯონსონის მხარდამჭერთა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იქცა. ის ასახული იყო სააგიატაციო მასალებზე. მეტიც, რესურსის Politico მიხედვით, იგი იმ ავტობუსის ძარასაც ამშვენებდა, რომლითაც brexit-ის მხარდამჭერი კამპანია ბრიტანეთში გადაადგილდებოდა. თუმცა ერთ-ერთმა ცნობილმა ვებრესურსმა, რომელიც პოლიტიკოსთა გამონათქვამების სისწორეს ამოწმებს, დაადგინა, რომ სინამდვილეში, ლონდონი ბრიუსელს ყოველკვირეულად მთელი 100 მილიონით ნაკლებს უგზავნის. მეტიც, ვინაიდან ეს განცხადება ჯონსონმა იმ დროს გააკეთა, როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, მას წერილობით მიმართა სტატისტიკის სახელწმიფო სააგენტოს შეფმაც და ოფიციალური მონაცემებით ღია მანიპულაციაში დასდო ბრალი. და აქ, ამ მიმოწერით ყველაფერი დასრულდებოდა, რომ არა ბიზნესმენი მარკუს ბოლლი, რომელმაც მთელი სააგიტაციო კამპანიაც კი წამოიწყო, რათა სასარჩელო ხარჯებისთვის აუცლებელი სახრები მოეზიდა. მან 200 ათასზე მეტის შეგროვება მოახერხა და სარჩელიც შევიდა - ჯონსონს სამოხელეო დანაშაულში სდებენ ბრალს, რაც, და ეს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს.



Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page