top of page

თუ კი რუს თავი აიმღვრა

Updated: May 7, 2019

ეს, მხოლოდ ტოპონიმიკურ-მეტაფორული აქცენტია. ცხადია, მიმიხვდით, რომ რუ იქნება, ღელე თუ ნაკადული, სათავეში წყლის ამღვრევა, მთელს ნაკადს აამღვრევს და სწორედ ამის აღნიშნვნა მსურდა. და, ცხადია, არც იმის გამოცნობა გაგიჭირდებოდათ, თუ რას უკავშირდება ეს მეტაფორა - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და მის საწინააღმდეგოდ დაწყებულ მორიგ კამპანიას.



მე თუ მკითხავთ, ახლა - ჩვენი საზოგადოების ზრდისა და განვითარების ამ ეტაპზე, ფოტოზე ასახული წარწერის გადანაცვლება, მას უფრო აქტუალურს გახდიდა - მედია ვერ გაათავისუფლებას ხალხს. ის, მხოლოდ საუკეთესო მოკავშირე შეიძლება იყოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. აი, თავისუფალი ხალხი კი, სწორედაც რომ თავისუფალ მედიას უდრის. ანუ, ეს ყველაფერი, ერთგვარად, ჩვენი საზოგადოებისთვის ტექსტიცაა, მაგრამ ეს სხვა თემა გახლავთ და ამით, არ დაგღლით.

არის თუ არა „რუსთავი 2“ თავისუფალი? ცხადია, არა, რადგან თავისუფლად ვერ ჩაითვლება მედია, რომელიც მუდმივი ზეწოლის ქვეშაა - მაშინ, რაღაა მისი თავისუფლება, არა?

გარდა ამისა, ხშირად, ჩვენში ობიექტურობაში აღრევა ხდება თავისუფლებისა და თუ კი აქ, ამ კითხვასაც დავსვავთ - არის თუ არა ეს ტელეკომპანია ობიექტური, პასუხი ანალოგიური იქნება - არა. და არა იმ მიზეზით, რომ ის ღიად გამოხატავს სიმპათიებს და ანტიპათიებს. სულ სხვა მიზეზით: ეს „არა“ იმიტომ, რომ მის წინაშე, ამის მოთხოვნა უბრალოდ არ დგას.

არც მის წინაშე და, საერთოდ, არც ერთი მედიის წინაშე.

ხალხს არ სურს და არ ჭირდება ობიექტური მედია. თანამედროვე ადამიანს უკვე მშვენივრად მოეხსენება, რომ ასეთი რამ თუ კი ოდესმე არსებობდა, დღეს, ამ ტექნოლოგიებით, მანძილების ასე „დამოკლებისა“ და დროის ესოდენი „აჩქარების“ მხედველობაში მიღებით, გამორიცხულია. საკმაოდ დიდ ხანს ვეწინააღმდეგებოდი ასეთ გაგებას და აღქმას. ამასწინად, პოლემიკაშიც კი ჩავერთე და, გააფთრებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ ვცადე დამეცვა პოზიცია, რომ მედია, ნებისმიერ ვარიანტში, უნდა იყოს ობიექტური. მერეც ვიფიქრე ამაზე, რადგან საკითხი ჩემთვის მუდამ საინტერესოა - პოროფესიულადაც და სხვამხრივაც - საინტერესო დაკვირვება შეიძლება გქონდეს, თუ ახალ ინსტრუმენტებს და შესაძლებლობებს გაითვალისწინებ. და იცით რა დასკვნამდე მივედი?

ხალხს არ უნდა ობიექტურობა. მას წადია მედია, რომელიც გამოხატავს პოზიციას - ერთი, ერთ პოზიციას, მეორე - მეორეს და მესამე კიდევ, თავისას.

ხალხს მიაჩნია, რომ აქვს უნარი თავად გააკეთოს არჩევანი და გამოიტანოს დასკვნა, თუ რა ხდება მის თავს და მის ირგვლივ. ამიტომაცაა, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჯერ ისევ უცქერს ტელევიზიას, თვალყურს ადევნებს ყველა არხის საინფორმაციო გამოშვებას და შოუს. მიყოლებით. მე ვიცნობ და თქვენც უთუოდ გეცოდინებათ ადამიანები, რომლებიც მთელი დღის მანძილზე, მხოლოდ ამას აკეთებენ.

და აი, იმ რუს სათავეც სწორედ აქ გახლავთ: საკმარისია ეს დამართონ „რუსთავი 2“-ს და სხვა, მეტ-ნაკლებად თავისუფალ მედიას, ეს სიგნალადაც ეყოფა.

და საბოლოოდ საზოგადოება დარჩება იმ მედიის ამარა, რომლის ეთერშიც ყველაფერი კარგადაა.

ეს ტიპიური ჩრდილოეთ კორეა - ქრესტომათიული ნიმუში. ჩრდილოეთ კორეა, სადაც ხალხს მხოლოდ თავისი საფეხბურთო ნაკრების გატანილი გოლი აჩვენეს და გამოუცხადეს, რომ ბრაზილია დამარცხებულია! არადა, იმ მატჩში სამხრეთამერიკელებმა სამი გოლი შეაგდეს და გაიმარჯვეს

სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების იმ წარმოადგენელთა სტატუსები, სადაც მომხდარის გამო წუხილს კი გამოთქვამენ, მაგრამ იქვე, ღია მხარდაჭერაზე უარს, ნიკა გვარამიასადმი დამოკიდებულებით ხსნიან. ცხადია, მათ აქვთ ამის უფლება, თუმცა, ასევე სხვასაც აქვს უფლება, რომ მათი ეს პოზა (და არა პოზიცია), მინიმუმ, გაუაზრებელ აქტად მიიჩნიოს. ადრეც არა ერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი - პირადად მე, ბევრი რამ არ მომწონს „რუსთავი 2“-ში და გვარამიას მიმართაც, ჩემი პოზიცია გამაჩნია - არ მესიმპათიურება და აკი მოგეხსენებათ, ხდება ხოლმე ასე. ახლა ამაში ჩაღრმავება უადგილოცაა და ალბათ უინტერესოც, მაგრამ ამის აღნიშვნა იმიტომ დამჭირდა, რომ ყველას, ვისაც ეს ჯერ გაცნობიერებული არ აქვს, შევახსენო - როდესაც საქვეყნო მნიშვნელობის საქმე წყდება, პიროვნული, ყოვლად საფუძვლიანიც რომ იყოს, უნდა გადაიდოს. მართალია ის, ვინც ამბობს, რომ ახლა ტელეკომპანიის ან მისი სარედაქციო პოლიტიკის საკითხი არ წყდება. ახლა წყდება ყველაფერ იმის მომავალი, რაც საქართველოს განვითარებას უკავშირდება. და განა ან ერთი კომპანია „რუსთავი 2“, ან ერთი მოქალაქე გვარამია წყვეტს ამას, ან მათი გამარჯვებ-მარცხი განაპირობებს ქვეყნის მომავალს.. არა. აქ თავისუფლების საკითხი წყდება - ჩვენი თავისუფლების, და არა სხვათა. ხოლო სადაც მედიას ავიწროვებენ, იქ საზოგადოება არაა თავისუფალი, ხოლო სადაც საზოგადოება არაა თავისუფალი, არ ხდება განვითარება. რუსი პოლიტოლოგმა და „მემარჯვენე ძალთა გაერთიანების“ ლიდერთაგანმა, ლეონიდ გოზმანმა ერთხელ ბრძანა: „ჩვენ საბჭოთა კაშვირში ვბრუნდებით, სადაც მთავარი მტერი იყო რეალობა.“ დღეს ანალოგიურ პროცესს ვადევნებთ თვალყურს - საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულ ძალებს, არაფრთ აწყობთ, რომ მოქალაქენი სადღაც მაინც ხედავდნენ რეალობას. ან მის თუნდაც ნაწილს, მხარეს - ეს, სიცრუეს, რომელიც უხვად მოედინება, უმალ სააშკარაოზე გამოტანს. მაგრამ ვიმეორებ:

მედია ვერ გაათავისუფლებს ხალხს - ის, მხოლოდ საუკეთესო მოკავშირე შეიძლება იყოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. აი, თავისუფალი ხალხი კი, სწორედაც რომ თავისუფალ მედიას უდრის.

თქვენ თავისუფალი ხართ? თუ არა და, მაშინ ვინაა თქვენი თავის უფალი?


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page