top of page

ტრიო

მოგეხსენებათ, გუშინწინ სომხეთის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი თავის ირანელ კოლეგას, ჰასან როუჰანის შეხვდა. ყოველივე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წარიმართა, ხოლო შეჯამდა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ქართულ მედიაში უმალ განგაშის ზარი შემოჰკრეს, ირანი სომხეთს გაზზე ელაპარაკებაო.

თუმცა, ეს ყველაფერი არ გახლავთ: როგორც სომხეთის პრემიერის წარმომადგენელმა, ვლადიმერ კარაპეტიანმა განაცხადა, აპრილში უკვე სამუშაო შეხვედრა შედგება და მასში, რუსეთის წარმომადგენლობაც ჩაერთვება.

სომხეთი მზადაა, ირანთან ტრანზიტის საკითხში ითანამშრომლოს და ირანული გაზისთვის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. ენერგეტიკული დერეფნის შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ორმხრივ და რეგიონულ, ისე უფრო ფართო კონტექსტშიც. ამ საკითხების გადასაწყვეტად პოლიტიკური ნება უკვე სახეზეა და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებათა პროცესი წარმატებით დასრულდება

ეს პაშინიანმა განაცხადა. იქვე, ექსპერტულ წრეებში ირანული გაზის შესაძლო ტრანზიტის შესახებ საუბრისას, სავსებით ბუნებრივად, საქართველოც გამოჩნდა. ირანისტი, გოარ ისკანდერიანი აცხადებს:

პრეზიდენტების და პრემიერების დონეზე სიტყვებს ჰაერზე არ ისვრიან. ამდენად, ვფიქრობ, საქართველოსთან წინასწარი საუბრები უკვე იყო. საჭიროა, რუსეთმა გაზის დამატებითი მიწოდებები დაუშვას. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ საკითხი უკვე მოსკოვშიც განიხილეს და ამან ფაშინიანსა და როუჰანის 27 თებერვალს იმ განცხადებების გაკეთების საფუძველი მისცა, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ახლა სომხური დიპლომატიური კორპუსის წინაშე დგას ამოცანა, ირანულ, ქართულ და რუსულ მხარეებთან ჩაატაროს სამუშაო ამ პროექტის რეალიზებისა და თანამშრომლობის აქტივირებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სომხეთი რეგიონულ პროცესებში სრულად ინტეგრირდეს

არადა, თუ კი ამჟამინდელ მდგომარობას შევხედავთ, სომხეთის „რეგიონულ პროცესებში სრულად“ ინტეგრაციას, სწორედ ირანთან და რუსეთთან დამატებით ვაგონად ყოფნა და მკვდრადშობილი იდებით საზრდოობა ეღობება. მაშინ, ამ ამბის შეტყობისთანავე ითქვა, რომ რუსეთთან, სომხეთთან და ირანთან, როგორც სახელმწიფოებთან, ნებისმიერი გარიგება არის საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. მაგრამ ამ იდეას (და, ზოგადად, თემას) რამდენიმე სერიოზული პრობლემა აქვს და მისი განხორციელება ძალზე სათუოა. ამდენად, ქართული მედიის შეშფოთება, ეგებ სამართლიანიც გახლდათ, თუმცა გადაჭარბებულად მეჩვენება და ეს ხსენებული პრეს-კონფერენციის იმ მასალებითაც დასტურდება, რომელსაც სომხური წყაროები ავრცელებენ.

ცხადია, ენერგეტიკას იქაც შეეხნენ - ისაბრეს არაქსისი ჰიდრო-ელექტრო სადგურზე, ხოდა-აფარინის კაშხლის პროექტის შესახებ. ოთხი ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, ირანი და რუსეთი) ენერგოსისტემების ინტეგრაცია, სამომავლო ამოცანად გამოცხადდა მაგრამ, საბოლოო ჯამში, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რეალურად, ეს ისტორია ნიღაბია, ხოლო ნამდვილი მიზნები სტრიქონებს შორისაა საძებნელი.

აბა, თუ თავად სომხეთს არ ჩავთვლით, ვის უნდა ირანული გაზი? სხვათა შორის, როუჰანიმ საგანგებო მადლობით აღნიშნა ის მიდგომა, რომელიც სომხეთს „უკანონო სანქციებთან“ დაკვშირებით აქვს და რომ ირანი და სომხეთი, ურთიერთობებს დამოუკიდებლად, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ავითარებენ და მესამე მხარე აქ ვერ ჩაერევა. ცხდია, აქ პირველ რიგში შტატები იგულისხმება, მაგრამ ეგეც რომ არ იყოს, სანქციებთა დაკავშირებით, ჩენი ოფიციალური პოზიცია იგივეა, რაც სომხეთისა? არა, ბატონებო. და ამდენად, ნებისმიერი რამ, რაც ირანს, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოს, მდგომარეობას შეუმსუბუქებს, ჩვენს კურსს და სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. სომხეთი, რომელიც გეოგრაფიულ-ეკონომიკურად და სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, თავს ჩიხში გრძნობს, ცხადია, არ იქნება წინააღმდეგი, თუ კი, სრულიად მოულოდნელად, სატრანზიტო ფუნქციას შეიძენს, მაგრამ ნებისმიერი ტრანზიტი, ან სხვა ეკონომიკური აქტივობა, რომელიც არ ეხმიანება ოფიციალური თბილისის პოლიტიკას, საქართველო-სომხეთის საზღვარზევე ჩაფლავდება. მაგრამ ერთია პოლიტიკის ოფიციალური დეკლარაცია და სულ სხვა რამ გახლავთ რეალობა, რომელიც გადაწყვეტილებებში ვლინდება. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული ინტერესჯგუფებისგან, რაიმე ფარულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ამ მასშტაბის რეგიონალური პროექტები, კულუარებში არ ხორციელდება. ამ ყველაფერს კარგი საინფორმციო შემზადება, ვითომც და კავშირში არმყოფი მოვლენების შესაბამის ჭრილში გაშუქება, ვიზიტები, სამუშაო ჯგუფები, ფინანსები ესაჭიროება და ეს ყველაფრი არის „შეიარღებაში“, მაგრამ კვლავაც ვიკითხავ: სომხეთის გარდა, ვის რად უნდა ირანული აირი?

ინტერნეტგამოცემა Accentnews-თან საუბრისას, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე აღნიშნავს:

სომხეთ–ირან–საქართველოს სატრანზიტო ღერძი უკვე დიდი ხანია, განიხილება. ეს საინტერესო შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის და შეიძლება, ითქვას, მნიშვნელოვანიც. უბრალოდ ერთი პრობლემაა და ეს პრობლემა ისევ და ისევ რუსეთია, რომელმაც ერთი ასეთი ენერგოპროექტი უკვე ჩაუგდო სომხეთს. ეს ბევრად უფრო საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე რუსული გაზი, მაგრამ სომხეთის გავლით საქართველოში ირანული გაზის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ გაზი რუსულ მილებში გაივლის: სომხეთში ხომ მილსადენი ინფრასტრუქტურა მთლიანად „გაზპრომის“ საკუთრებაშია. ამდენად, ეს, სულ მცირე, იმოქმედებს გაზის ფასზე და ეს ტრანზიტი გარკვეულწილად, მაინც რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

მაშ, რა არის ამ მოლაპარაკებათა ჭეშმარიტი მიზანი და რა მიზნით შემოტენეს აქ რუსეთი? ამის მიზეზად, მხოლოდ იმის დასახელება, რომ კრემლთან ორივე სახელმწიფოს კარგი ურთიერთობები აქვს, გულუბრყვილობაა. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე, პაშინიანი პუტინს სტუმრობდა და გაზის საკითხი, იქაც დაისვა - სომხურ-რუსული შეთანხმება გასაახლებლია. აქ მინისტრ ქობულიას ის გამოსვლაც უნდა გავიხსენოთ, რომელიც დივერსიფიკციას ეხებოდა. საინტერესოა, თუ კი სომხეთი და რუსეთი ახალ პირობებზე შეთანხმდნენ, რა საჭიროა აქ ირანი, თავისი გაზით?

იმავე პრესკონფერენციაზე, ტრადიციული პროტოკოლური თავაზიანობათა გაცვლის, ხაზგასასმელის აღნიშვნის შემდეგ, ტურიზმსა და კულტურულ კავშირებზე საუბრის კვალდაკვალ, გაიჟღერა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანმა სკითხმაც: სომხეთის მეშვეობით ოპტიკურ-ბოჭკოვან საკომუნიკაციო კაბელთან მიერთებასა და ქვეყნებს შორის მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობებზე საუბრისას, როუჰანიმ აღნიშნა, რომ თეირანი, საინფორმაციო-კომუნიკაციების ტექნოლოგიების მიწოდებისთვის მზადაა. მე არ ვიცი, რა ტექნოლოგიური გარღვევები აქვს ირანს, მაგრამ ფაქტია, აღნიშნულ კაბელთან მიერთება, სომხეთის და, შემდეგ, საქართველოს გავლით ირანს ევროპასთან საინფრმაციო-ტექნოლოგიური ბმას განაპირობებს და გააადვილებს ურთიერთობას რუსთთანაც.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page