top of page

ისა, და... სახლში იციან?

ახალი „სკანდალი“ არაა - რამდენიმე ხნის წინაც გაიჟღერა, მაგრამ მოულოდნელად მინავლდა - არადა, თითქოს მოკიდებული ფითილი იყო. ფეიკად ჩაითვალა და იყო კიდეც. ახლა, კვლავ წამოიწია... თუ წამოწიეს. წინა შეცდომის გამოსწორების მცდელობას ჰგავს, თუმცა ეს კიდევ უფრო უდღეური აღმოჩნდა, ვიდრე თავად მანამდე დაშვებული შეცდომა - დროზე ადრე მოუვიდათ პირველი გაჟონვის „ორგანიზება“ - დრო ვერ გათვალეს. ან, შესაძლოა, იმჯერად, რაღაც გადაუდებელი აუცილებლობა იყო. თუნდაც იმისა, რომ ნახევარი დღით გადაეფარა საიფორმაციო ველი. ასეა თუ ისე, მაშინ ეს მცდელობა ჩაფლავდა და თან იმდენად, რომ ეს მეორე, უკვე არამცთუ დაიმარხა, არამედ საგულდაგულოდ ჩაიტკეპნა კიდეც. თავის ქვეყნის, ხალხისა და ხელისუფლების სახელით, განცხადება თვით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

ელიზაბეთ რუთი: „ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, სრული სიცრუეა. ამერიკა საქართველოს აბსოლუტურად ენდობა სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენებისა და გაკონტროლების კუთხით."

იქვე სამხედრო ექსპერტმა, ირაკლი ალადაშვილმა განმარტა: "ამერიკელებისგან ნაყიდ „ჯაველინის“ მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს საქართველო თვითნებურად ვერავის გადასცემს (ასეთი განზრახვაც რომ არსებობდეს), რადგან ეს შესყიდვა დაზღვეულია მტკიცე კონტროლის მექანიზმებით". ზემოხსენებულ ბოლო ცნობას ReportBlogs ავრცელებს - რესურსი, რომელიც თითქოს მსოფლიო ამბების ანგარიშებს აქვეყნებს და ძირითად წყაროდ, Twitter-ის ჩანაწერებს უთითებს ხოლმე.

ამგვარადაა ახლაც: ვებგვერდი უთითებს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ბოლტონის ბოლო twitt-ს, თუმცა იქ, მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ბოლტონი თბილისში შეხვდა ხელისუფლებას და ისაუბრეს უსაფრთხოების და ენერგეტიკის საკითხებზე, თუ რაღაც.

აი, მერე კი იწყება ის, რასაც, როგორც საიტი მიუთითებს, თეთრი სახლის ანონიმური წყარო იტყობინება.ეს ინტერნეტრესურსი ადრეც შემხვედრია, მაგრამ მისი ხშირი მომხმარებელი არ ვარ და სხვასთანაც, იშვიათად მხვდება. ამდენად, მის რეპუტაციაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზემოხსენებული ფაქტი, რომელიც საიტის მიერვე მოხმობილი ბმულის ფუჭობას ცხადყოფს, კარგს არაფერს ამბობს გამოცემაზე. საქმე ესოდენ ნანატრ და გაფორმებულ კონტრაქტს (ღირებულებით 75.000.000$) ეხება, რომლის ფარგლებშიც, საქართველომ Javelin-ის სისტემის ეფექტური თავდაცვითი საშუალება მიიღო. და აი, თურმე, ყველას რომ გვეგონა, ტრამპის უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი ბოლტონი, კავკასიური ტურნეს ამბავში ჩამოვიდაო.. ან, ჩვენი არჩევნების წინ, ვაშინგტონიდან მესიჯი ჩამოიტანა, ე, მანდ, ხელი არ წაგიცდეთო... არ ყოფილა სიმართლე. ბოლტონი ჩამოსულა მკაცრი გაფრთხილებით, რუსებთან „ჯაველინზე“ საუბრებს თავი გაანებეთ, თუ არა და, სამუდამოდ არივედრეჩიო. ეს, ახლა, ძალიან ზედაპირულად მოგითხრეთ. თქვენი ყურდაღების გამახვილება სხვა რამეზე მსურს.

ზედ მეორე ტურის „ეპოქაში“, და თანაც როდესაც ორივე მხარე, ერთმანეთს რუსეთის სამსახურში ყოფნას აბრალებს, რა შეიძლება იყოს მითითებული სტატია?

ერთი დანამდვილებით შეიძლება ითქვას - ეს არ და ვერ იქნებოდა „ოცნების“ ნაბიჯი - ქოცურ და სალომეურ ლოგიკაშიც კი არ ჯდება. არ ვიცი - ამის შემდეგ, თემასთან ვაშაძის მიბმას თუ აპირებენ და ეს მხოლოდ „ტიტრები“ იყო, ძალიან მაინტერესებს, როგორ? გამორიცხულია. და თუ კი ეს არჩევნებს უკავშირდება და „ოცნების“ ხელი აქ არ ურევია, ლოგიკურად, „ბილიკი“ „ნაციონალებამდე“ მიდის, მაგრამ კაი, ვთქვათ და ეს მართლაც მათი ოინებია. მერე? რა საჭიროა თანხების ხარჯვა იმის დასადასტურებლად, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, და მისი ხელისუფლება სავსეა ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ჯაშუშებითა და გავლენის აგენტებით? ფლანგვაა და საფლანგავად, საქმე ჯერ არავის უდგას. ანუ, თუ კი ეს რაღაც შავი პიარის „დოზაა“ და ის არჩევნებს უკავშირდება (თუნდაც ირიბად), მას მხოლოდ ერთი შემკვეთი შეიძლება ჰყავდეს - რუსეთის ფედერაცია, რომელიც, როგორც ცნობილია, აქტიურადაა დაკავებული საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დისკრედიტაციით და დეზინფორმაცია, მისი ძირითადი იარაღია. ადრეულ მოტივს, ამერიკა შორისაა და რუსეთი აგერააო, ჩაენაცვლა მოსახლეობაში იმედგაცრუების და აპათიის ნერგვა, რაც საწარმოო მასშტაბებშია აყვანილი და ამერიკასთან უერთიერთობებში დიდი პრობლემების შესახებ დეზინფორმაციების გავრცელების გზით მიიღწევა. და იმაზე, რომ ეს სწორედ რუსეთის აქტივობებია, მეტყველებს ისიც, თუ ვინ გამოვიდა გამაბათილებელი განცხადებით. არა საქართველოს ხელისუფლება, რომლის მხრიდან უარყოფასაც არავითარი წონა არ ექნებოდა, არამედ თვით აშშ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ამბის უნებლიე მონაწილე. მაგრამ გავეშვათ შეთქმულების თეორიებს (თუნდაც საფუძვლიანს) და ვაღიაროთ ისიც, რომ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ჯერ კიდევ გვადგას თავზე, ამგვარი რამ სავსებით შესაძლებელია - თუმცა, ხმოლოდ განზრახვისა და კისრების ამბავში და არანაერად კონკრეტულ განხორციელებაში, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, პრაქტიკულად გამორიცხულია.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page