top of page

იფეთქებს თურქეთი?

ერდოღანი შეუქცევადად პუტინდება.

ნუ, ჰო, სტამბულის მარცხი არაა ჩვეულებრივი ამბავი. ეს შედეგების მოლოდინმაც დაადასტურა და შემდეგ, ძალიან საეჭვო გადაწყვეტილებამ, რომელიც დამდგარ შედეგებს მოჰყვა.

სიმართლე რომ ითქვას, როდესაც გამარჯვებულსა და დამარცხებულ შორის ესოდენ მცირე სხვაობაა (რამდენიმე ათასი ხმა) არის შანსი, რომ გადასინჯვა ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ერდოღანის პიროვნება და მუდმივად გამარჯვებულის ის მანტია, რომელიც მის პარტიას თუნდაც სტამბულში 1994 წლიდან მოსდევს (არასოდეს დამარცხებულა), ეჭვისთვის ნოყიერ ნიადაგს ჰქმნის.


ეს უკვე ოფიციალურად გამოცხადებულ რეაქციებშიც ჩანს. ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციის აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემისადმი ნდობას ძირს უთხრის. ასევე, გავრცელდა ფედერიკა მოგერინის - საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელისა და თვით იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადება, სადაც ევროპელი მაღალჩინოსნები თურქეთის საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას ცალსახად გმობენ. სტამბული თურქეთის დემოკრატიულობის დედაბოძს და დასავლურობის ნიშანსვეტს წარმოადგენს. და მიუხედავად მისი აბსოლუტური სიჭრელისა, შესაძლოა, მენტალურად ჯერ ისევ კონსტანტინეპოლია - ეს სიჭრელე, პრინციპში, არც კონსტანტინეპოლისთვის იყო უცხო. ამდენად, არც თუ ალოგიკურია ვიკითხოთ: არის იმის შანსი, რომ იგი ხავერდოვანი რევოლუციის ალაგად იქცეს? ის მცირე სხვაობა, რაც პირველმა არჩევნებმა გამოავლინეს, ამას სათუოს ხდის - ძალთა თანაფარდობაში მკვეთრი სხვაობა არაა. მაგრამ თუ კი მოვლენები მაინც ამ სცენარით წარიმართა, ერდოღანს და კონსერვატიზმსა თუ ტრადიციონალიზმს ამოფარებულ სხვა ფუნდამენტალისტებს, აღარ უშველით იმ წმენდის შედეგები, რომლებიც ბოლო წლებია მიმდინარეობს - სამხედროებამდე საქმე არ მივა, რადგან მოვლენებს ბევრად უფრო საშიში ძალა - ხალხის ნება წარმართავს. არის ეს ნება თურქ ხალხში? ეს უკვე მხოლოდ სტამბულის მოსახლეობაზე არაა დამოკიდებული. სტამბულზე, რომლის ამომრჩეველიც ლამის თანაბრად გაიყო ორად. ამიტომ, ახლა ამაზე ძალიან ძნელია საუბარი. ფაქტია, ხელმეორე არჩევნები 23 ივნის დაინიშნა. ფაქტია, აღარავის სწამს ერდოღანიოსეული სეკულარიზმის (თუ კი ვინმეს ჯეროდა ოდესმე). გახსოვთ, ჩაშლილი თუ სისხლში ამოთხვრილი გადატრიალების შემდეგ, ერდოღანს მუდმივად აქვს შეთქმულების შიში - ეს ცნობილია. საფუძვლიანია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ, როდესაც ყველგან შეთქმულება გელანდება, მოკავშირეებს, რომლებმაც რაღაცად გაქციეს, აუხტები და პირს ოდინდელ მტერთან შეკრავ...

ერთი სიტყვით, როგორც დღევანდელი თურქეთი იქცევა, ისე რომ მუშაკობ, ლოგიკურიცაა პარანოიაზე საუბარი.

ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებაც აქედან დაიწყო და დღეს, ეს ურთიერთობა უდაბლეს დონეზეა. ფაქტია ისიც, რომ ამერიკა შავ ზღვაში მეტადრე კი მისი აღმოსავლეთისადმი მზარდ ინტერეს ავლენს და მას აქ მოკავშირედ უკვე საქართველო ეგულება.

ნუთუ ახლაც არაა ცხადი თუ საიდან წამოუბერა ამ ნეიტრალიტეტის თემამ? ახლა ძალთა გადაჯგუფება მიმდინარეობს და ეს პროცესი იმდენად აშკარაა, რომ კითხვასაც აღარავინ სვავს. ფრაზა - თურქეთმა მხარე უნდა აირჩიოს, აღარაა აქტუალური - თურქეთმა მგონი უკვე აირჩია. ამდენად, ერთი სიტყვით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთხელაც საქართველო ოლიგარქიული რუსეთისა და ფუნდამენტალისტური თურქეთის შუაში აღმოჩნდეს. კავკასიაში ორივეს ჰყავს მოკვაშირე, ესეც მხედველობაშია მისაღები. ამდენად, ახლა, ამ პირობებში და გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საუბრები ნეიტრალიტეტზე, სამხედრო ბაზების დაუშვებლობაზე, სამხედრო ბიუჯეტის შემცირებაზე და ნებისმიერი ანტიდასავლური „პასაჟი“, უნდა განვიხილოთ, როგორც ანტიქართული გეგმა. ნებისმიერ შემთვევაში, როგორც უნდა წარიმართოს მოვლენები, თურქეთი, უფრო კი მისი ლიდერი, ვეღარასოდეს დაუბრუნდება „კლუბს“.

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page