top of page

„კრეისერი“

Updated: Aug 1, 2019

ცხადია, ეს მეტაფორაა, თუმცა, თუ დისპოზიციას გავითვალისწინებთ, ქართული პოლიტიკის „ტერიტორიულ წყლებში“, დასავლეთიდან დიდი და ივანიშვილისთვის, ამ ჭაობის ბრძანებელი იან მორტასთვის, ძალიან სახიფათო ობიექტი შემოცურდა. დიახ, ეს ეჭვგარეშეა: მამუკა ხაზარაძე ცივილიზებული სამყაროს ფალავანია და თუ მსოფლიოს გეოპოლიტიკური სურათის „გადაკეთება“ მის ძალებს აღემატება, რეგიონალურ მასტაბში, შეიძლება ითქვას, ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს - პაშინიანი გარემოებათა ალყაშია, თურქეთი აგრძელებს ორმაგ თამაშს და მისი დანარცხება გადაიდო, აზერბაიჯანი კი.. დაველოდოთ, როდის „გადანათლავენ“ ბაქოს... ნურსულთანისა არ იყოს. გარდა ამისა, ის რაც 30 წლის წინ, მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო წრეებისთვის იყო ცნობილი, ახლა სულ უფრო და უფრო საჯარო ხდება - საქართველო არა თუ დასავლური ცივილიზაციის ნაწილია, არამედ ერთ-ერთი ინჟინერია ამ „კონსტრუქციისა“. ასე რომ, აქ ბრძოლა ივანიშვილის მასშტაბებსაც გასცდა და ხაზარაძისაც, მაგრამ თუ თამაშზე არ გამოცხადდები, წაგება ჩაგეთვლება.

ჰოდა, გამოცხადდნენ. და გამოცხადდნენ „მატჩის“ მოსაგებად. ეს ხაზარაძის დღევანდელი განცხადების დედანია.

ცხადია, შესაძლებელია და ერთგვარად, ახლა, მოვლენათა მთელი წყების შემდეგ, უკვე იოლია ღრმა ანალიზი და ამის შედეგად, მთელი სურათის აღწერაც, მაგრამ ამის საჭიროება, პრაქტიკულად, არ დგას - ყველა ყველაფერს ხედავს, და ამიტომ, ბოლო რამდენიმე მოვლენის გახსენება ვიკმაროთ.

ავადსახსენებელი „ანაკლიური ექსორიის“ შემდეგ, ყველა ლონდონური კრიმინალისტიკური ექსპერტიზის პასუხს ველოდით, რათა ცნობილი წერილიდან ბიოლოგიური მასალა გამოვლენილიყო - კერძოდ, იყო თუ არა ქაღალდზე გახარიას კვალი, მაგრამ ლოდინი გაიწელა, ხაზარაძე გაქრა და ირგვლივაც, იმდენი მოხდა, ლამის მიგვავიწყდა.

ლამის იმიტომ, რომ ანაკლიაზე, როგორც საქართველოს ახალ და მძლავრ შესაძლებლობაზე ფიქრი, არ შეგვიწყვიტავს და აქ, გინდა არ გინდა, ხაზარაძეც გახსენდება. მერე იყო გადაწყვეტილება, რომ იგი ათ ჩარტერულ რეისს დააფინანსებდა, რათა ასე, ქართული ტურისტული ბიზნესისთვის შეეწყო ხელი. ცხადია, „გვამთაყვანისმცემელთა“ ადგილობრივი ასეულები უმალ გააქტიურდნენ და ეს პირად ინტერესად გამოაცხადეს, მაგრამ ამით, მხოლოდ მხარდაჭერა მოუპოვეს ამ წამოწყებას. არ ვიცი, საბოლოოდ მოხდა ამგვარი რამ, თუ არა, მაგრამ უკვე მაშინ გამოჩნდა, რომ ხაზარაძე პოლიტიკისთვის მოიცლიდა. ასევე, ამ ბოლო ხანს შევიტყვეთ რომ მას, საერთაშორისო კონსორციუმმა კვლავ ნდობა გამოუცხადა - მან პოზიციები დაიბრუნა. ანაკლიის დანიშნულებაზე, შესაძლებლობებზე და რუსეთის დამოკიდებულებებზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ არც ამით დაგღლით. მხოლოდ იმის აღნიშვნა მსურს, რომ პირველი, რამაც თავში გამიელვა, ეს ფინანსური მხარე იყო - ივანიშვილის ერთადერთი უპირატესობა. ცხადია, მას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ხაზარაძეს და თანაც, მას აქვს ასევე შეუზღუდავი საკრედიტო ხაზი კრემლისგან. ასე რომ, ამ უთანასწორობაში, „აფთართა ხროვის“ მარცხი, ფანტასტიკის ჟანრი უფრო იყო. დასავლეთმა, და, პირველ რიგში ამერიკამ, რომლებიც ახლა თითქოს ლოიალური დამკვირვებლის როლშია, „მკლავები დაიკაპიწა“. ეს რუსეთი არაა, სადაც შავი ფული შავ საქმესაც ხმარდება და, ზოგჯერ, თეთრსაც, რათა შავი დაიმალოს.

ეს შტატებია და იქ ვალდებულებას გრძნობენ ფულის პატრონის, ამერიკელი ხალხის მიმართ. ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამერიკაში და ამერიკულ პოლიტიკაში ყველაფერი ლეგალური გზით და ღია ფინანსებით ხდება - ეს ასე არაა, რადგან ზოგადად პოლიტიკაა მაგგვარი სფერო და მით უფრო ზესახელმწიფოს პოლიტიკაში, ეს გასაოცარი არაა. ამიტომაც არავის უკვირს რუსეთის მზაობისა ამოაცალოს ქართველ ხალხს.. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკა ვერ გამოვარდებოდა და ვერ იტყოდა.. ანდაც, არ გამოვარდებოდა და არ იტყოდა, რომ აი, ძვირფასო ქართველო ხალხო, ბევრი ფული და მოიშორეთ ეგ ემისარი. მას ჭირდებოდა ერთგვარად „ლეგალური“ გზა იმისათვის, რათა ამ „ფინანსურ ფრონტზე“ სახსარი არა თუ გათანაბრებულიყო, არამედ, მისი საგრძნობი უპირატესობაც გამოვლენილიყო. ნუ, აშკარაა - ივანიშვილს დიდი ფული აქვს. და, ასევე, აშკარაა - ამერიკას აქვს არა მხოლოდ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ფული, არამედ ბიძინას ფულიც, პუტინის ფულიც და სხვა ათასი ველურის ფულიც, მისი კონტროლის ქვეშაა. მაშ რამდენი აშშ დოლარი აქვს ივანიშვილსო? მაგრამ აქვე, ამ ყოველივეს არც თუ საამო მხარეზეც ვთქვათ - მოვესწრებით იმ დროს, როდესაც ქვეყნის ბედს ქართველი ხალხის ინტერესები და შეხედულებები განსაზღვრავენ და არა ფინანსური ნაკადები ან, ასეულთა კერძო, აღვირახსნილი მერკანტილიზმი? ცხადია, უკვე გამოჩდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ფაქტს არც თუ უარყოფითად (!) აფასებენ და თანამშრომლობის პირობასაც კი აყენებენ, მაგრამ ეს შტრიხია და, როგორც ჩანს, საქართველოში სულ გამოვლინდება - უჩემოდ, ვით იმღერეთა და რამე. მაგრამ დროა გავიაზროთ, რომ ახლა, პირობების დაყენების დრო არაა. და მით უფრო პარტიისგან, რომლის ხელში, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ საპარლამენტო წარმომადგენლობა და ბოლო 10%-იანი შედეგია. და რომელიც აქტიურად კი საუბრობდა მიზიდულობის რაღაც მეორე ოპოზიციურ ცენტრზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ამ საქმიდან, ბევრი არაფერი გამოსულა. თუმცა, ცხადია, არ გამოვრციხავ, რომ ხაზარაძის, „ევროპელებისა“ და „დემოკრატების“ კავშირი უკვე შედგა და ბოკერიას დღევანდელი კომენტარი, მხოლოდ ფინტი იყო. მოსულა. და აი, ესეც მეორე ოპოზიციური მიზიდულობის ცენტრი ხორცშესხმულ მდგომარეობაში. მაგრამ, ამ ეტაპზე, მხოლოდ, როგორც ვარაუდი. აქვე, პირად შურისძიების შესაძლებლობაზე „ნაციონალების“ საუბრები, გაპრანჭვაა და ახლა პრანჭიაბის დროა? და მით უფრო მაშინ, როდესაც ბევრი ოპოზიციაში და ამ პარტიაშიც სწორედ რევანშის წყურვილმა გააერთიანა.. ეჭვგარეშეა - ეს ერთგვარი ტესტია იმ გაერთიანების სიმტკიცისა, რომელიც დღეს გვაქვს. როგორ გგონიათ, ხაზარაძე შეიძლება განხეთქილების მიზეზი, ან, თუნდაც, საბაბი გახდეს? ბევრი გადაირბენს? ისე კი, აბა, გვანახეთ ერთი, როგორ ხართ მზად ყველაფერი და, მათ შორის ამბიციებიც კი, ანაცვალოთ საქართველოს სამსახურს - აკი სულ გაიძახით!

ჰოდა, მორჩით ახლა წყალში შესვლამდე, ფეხის ცერით ტემპერატურის შემოწმებას. გაერთიანდით ყველა პროდასავლელი და გაუზიარეთ ამ კაცს თქვენი გამოცდილება, რაც ამ შვიდწლიან (მინიმუმ) საქმიანობისას, ამ სანაგვეში, რასაც ქართული პოლიტიკა ეწოდება, დაგიგროვდათ და ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. ისე, ხომ არ გაგახსენოთ, რატომ და როგორ დაეცა რეგიონის ზესახელმწიფო, საქართველო, მონღოლური ველური ურდოების წინააღმდეგ ბრძოლაში? ყველა ძლიერი ამა ქვყნისა, საკუთარ საპატრონოში გამაგრდა-გამოიკეტა და ერთიანი ფრონტით ბრძოლის მცდელობებიც აღარ ჰქონიათ. მონღოლებმაც, რიგ-რიგობით და სულ ციხე-ციხე აიღეს მთელი აღმოსავლეთ საქართველო. მონღოლები კვალ მოდიანმეთქი, უნდა შემეძახა, მაგრამ კი არ მოდიან.. ან, კი არ მოვიდნენ... თურმე არც არსად წასულან და ახლა თავის „ბასკაკებს“ უკვე ღიად ანავარდებენ. გამარჯვებას ჭირდება ძალა. ხოლო ძალა, როგორც მოგეხსენებათ, ერთობაშია! და კიდევ, მართალია დეპუტატი კობერიძე: პოლიტიკაში შევსლით, ხაზარაძე ხელს აწერს მზაობას, უპასუხოს არა ერთ შეკითხვას, რომლებიც მისი ამ ახალი ამპლუის პირობებში, სულ სხვა ჟღერადობას შეიძენს. რაც შეგვეხება ჩვენ - ამ ქვეყნის ბატონ-პატრონებს. იმედია ახლა მაინც მოვახერხებთ არჩევანი გავაკეთოთ სასარგებლოდ და არა წინააღმდეგ. ეს არც საქართველოს გამოადგება და ხაზარაძესაც, რომელიც, შესაძლოა, კარგი შანსია, სამუდამოდ ამოგანგლავს.

Opmerkingen


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page