top of page

ლუკმა არის. ხახა - იქნება!

როგორც კი „პერესტროიკა“ და „გლასნოსწი“ გამოცხადდა, კოოპერატივები დაუშვეს..

პრივატიზაცია, „პრიხვატიზაცია“, დირექტორები და კოლექტივი, აქციები და მათი იაფად დათრევები და ის სხვა „ღონისძიებები“ გაიმართა, რასაც „ქონების გადანაწილება“ ჰქვია, საქართველოს ძარცვაც მაშინ დაიწყო. იძარცვებოდა ხალხიც და ქვეყანაც - ხალხს მთელი ქვეყანა ძარცვავდა და ქვეყანასაც, ძარცვავდა ქვეყანა ხალხი.

შემდეგ იყო ამ „გადახედვის“ ახალი ტალღა.. უფრო ზუსტად, გადაგლეჯვის ცუნამი, XXI საუკუნე, სხვა შესაძლებლობები და პერსპექტივები და, შედეგად, ძარცვის ახალი მეთოდოლოგია - დახვეწილი, მრავალსვლიანი კომბინაციები, ცრუ გაკოტრებები, ყალბი ტენდერები.. ამ ორომტრიალში, შემოდიოდნენ და გადიოდნენ „პერსონაჟები“, მაგრამ ერთი, მიუხედავად ნიღბების დიდი რაოდენობისა, უცვლელად ადგილზე გახლდათ - პოლიტიკური ინტერესი. უფრო ზუსტად კი, ინტერესის პოლიტიზირება - პოლიტიკაში ხარ?ითრევ!შენ თავად არ ხარ, მაგრამ ახლობელი გყავს სადმე, მაღალ საფეხურზე?ითრევთ! ვითარება, როდესაც ქვეყანას მთელი ხალხი ძარცვავდა, შეიცვალა ვითარებით, როდესაც მთელი ქვეყანა ხალხს ძარცვავს. აბსურდული ვითარებაა - სახელმწიფო ნელი სიკვდილით სპობს თავის დამფუძნებელს. თუ პირიქით? ეს ურთიერთსპობის პროცესია. სულ ახლახანს, ევროკავშირმა საქარველოს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 3.417 მლრდ. ევრო გამოყო. კოლოსალური თანხმაა, თითქმის იმდენივე, რაც ათიოდ წლის წინ აშშ-მა და მაშინ, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ეს დაეტყო. ამჯერადაც ასე იქნება და, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოხმარდება საქართველოს ოდინდელი, კონტინეტშორისი დამაკავშირებელი ფუნქციის, კიდევ უფრო სრულფასოვნად და, რაც მთავარია, გაცილებით დიდ მასშტაბებში ამოქმედებას. ჩემთვის, როგორც დილეტანტისთვის, ჩუმათელეთი-არგვეთის მაგისტრალი საგზაო ონჟინერიის შედევრი თუ არა, მაღალი კლასის მაჩვენებელი ნამდვილად არის. ეს ძვირი სიამოვნებაა და განსაკუთრებით ამ გზატკეცილის ის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს ხერხემალზე, ლიხის უღელტეხილზე გადის. რიკოთზე 96 ხიდისა და 53 გვირაბის აგება, ძალიან ამბიციური წამოწყებაა და თუ კი ის განხორციელდა, შესანიშნავი იქნება - იგეგმება მილიარდის დახარჯვა. ფოთიდან სარფამდე ავტომაგისტრალი (241 მლნ. ევრო. მათ შორის, ფოთიდან გრიგოლეთამდე არსებულ მონაკვეთზე, 25 მლნ. ევრო დაიხარჯება). 101 მლნ. გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთისთვის, ხოლო ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობას, 240 მილიონი ევრო მოხმარდება. რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალი - 15 მლნ. ევრო.ალგეთი-სადახლოს პროექტზე -  90 მლნი. ევრო. საერთო ჯამში, ათ საგაზო პროექტზე, რომლის საერთო სიგრძე 280 კმ.-ია, 2.087 მილიარდი ევრო დაიხარჯება. გარდა ამისა, 90 კმ.ის სიგრძის რკინიზის ორ პროექტზე - 349 მილიონი ევრო.საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილებაც მიიღო - მეორე ფაზის ფინანსირებაზე 333 მლნ. ევროა გათვლილი. აქედან, უშუალოდ პორტის მშენებლობისთვის 233 ევრო დაიხარჯება, ხოლო პორტამდე მისასვლელი  საავტომობილო და სარკინიგზო გზების გაყვანაზე დაიხარჯება დანარჩენი 100 მილიონი ევრო. 123 მლნ. ევრო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სატვირთო ტერმინალისა და ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე თანაბრად გადანაწილდება.

ერთი სიტყვით, ყველა იხეირებს - დასაქმებულიც, დამსაქმებელიც, მიმწოდებელიც, მძღოლიც, რეგიონიც, რაიონიც და ცალკეული დასახლებაც კი - ზოგი ჯაფით, სხვა - მოხერხებული იდეით. გამოცხადდება ტენდერები... და იხეირებს ისიც, ვისაც არ ერგება და ეს ისეთივე ნაღდია, როგორც 2x2=4

ამგვარი მადაგახსნილობის აღსაკვეთად, რა მექანიზმი არსებობს? პირველ ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ დღეს მას ღარიბი ნათესავის მდგომარეობა აქვს. ალბათ თავად ევროკავბშირიც ჩაატარებს ხოლმე ხარჯვისა და მიმდინარეობის მონიტორინგს, მაგრამ ჩვენი კომბინატორები მარკას არ დააგდებენ. ძველი ანდაზისა არ იყოს, თაფლი იყოს და ბუზი გაღდადიდანაც მოფრინდება.


 
 
 

Komen


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page