top of page

ლურჯი მელიები

Updated: Apr 14, 2019

ამ ჩვენი სავალალო დღევანდელობისა და ყოველდღიურობის მიზეზთა ძიებაში, ხშირად, ყოვლის მიზეზად ჩვენს მენტალობაში გამჯდარ თავისებურებებს ვასახელებთ; ზოგჯერ, სავსებით სამართლიანად, გამოვთქვამთ წუხილს ჩვენთვის დამახასიათებელი ამ თუ იმ თვისების გამო, ვაბრალებთ მომხვდურთა გავლენებს, მუდმივ სამხედრო ყაიდას, რომელიც ცხოვრების წესსაც აყალიბებდა და ადამიანთა შინაგან კონსტიტუციასაც. მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მიუხედავად თითქოს და სწორად დასმული დიაგნოზისა, ცვლილებები დიდად არ შეინიშნება.

ree

ამასთან დაკავშირებით, თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მოაზროვნე, მერაბ მამარდაშვილი წერდა:

ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვიზრდებით, ეს უბრალოდ ზრდის პრობლემაა. ეს პრობლემა იმისდა მიხედვით აშკარავდება, ვბრაზდებით სამყაროზე თუ არა. ბავშვის სამყაროა ასეთი. ბავშვი ხომ სამყაროს თავისებურად აღიქვამს: სამყარო მას ეფერება ან აბრაზებს. როგორები არიან ზრდასრულები? გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა, ასე ვთქვათ, ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყაროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზრახვები. ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა

მაგრამ ახლა, ამ ჩვენი პრობლემის განსხვავებულ პრიზმაში დანახვა მსურს. თუ კი საკითხის, ან პრობლემის, ზოგადი დახასიათება ამგვარია, როგორ გამოიყურება იგი, თუ კი არა კონკრეტული ინდივიდის, არამედ აქაც ზოგადად, ინდივიდების იმ „სახეობას“ აღვწერთ, რომელიც დღეს დიდ გასავალშია და ჰქმნის კიდეც იმ რეალობას, რომელშიც ვართ. საწუხაროდ, დაზუსტებით აღარ მახსოვს სად და როდის ამოვიკითხე ეს განსაზღვრება და ვინაა მისი ავტორი, მაგრამ შინაარსი ამგვარია:

მდაბიოს ახასიათებს მწველი სურვილი გაძვრეს პირველთა რიგებში. ის გახლავთ ტიპიური მასის ადამიანი - აგრესორი. და რაც ნიშანდობლივია, აგრესორი კეთილისმსურველის ნიღბით - შემოსილი დემოკრატისა და შემწყნარებლის მანტიით. ინტელექტუალურ სიბრტყეში, მდაბიო სრულიად პრიმიტიულია, თუმცა, შესაძლოა, ზედმიწევნით წიგნიერიც კი იყოს, რაც მას პრაქტიკულობას სძენს. მდაბიო, ესთეტიურად საზარელი არსებაა, თუმცა ბევრად მეტად სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სხვა ტიპაჟები. მას სიცრუისა და ფარისევლობის რთული კულტურა აქვს შემუშავებულ-შეთვისებული. ასევე, მას ახასიათებს საკუთარი პერსონის წარმოსახვა ერთგვარ არისტოკრატად, ოღონდ არა ისეთად, როგორიც სხვები გახლავან. ის საკუთარ თავში სისტემის მოწინააღმდეგეს ხედავს და ელიტის წარმომადგენლის ამ სიმულაციაში, ძალიან რთულია სიცრუისა და სიმართლის გარჩევა. დღეს, რეალურად, ჩვენ შეხება გვაქვს არა მასათა ელიტარული კულტურასთან, არამედ ელიტარული კულტურის თამაშთან. იმიტაციასთან, რომლის უკანაც, სიცარიელეა

გეცნოთ? ეგაა. ეს იგივე ხალხია. ეგენი ყველგან არიან - სამეზობლოში, თანამშრომელთა შორის, მაღაზიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვა და სხვა მომსახურების სფეროში და, რაც ყველაზე სავალალოა, ქართულ პოლიტიკაში, საქართველოს პოლიციაში, ბიზნესში, ხელოვნებაში.. და რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სათავეში. ერთი სიტყვით, შესაძლოა ადგილს მოერგო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენს ადგილზე ხარ.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page