top of page

ლურჯი ფილარმონია (+animation)

ფილარმონიაში თავყრილობაა. ამ შეხვედრის ინიციატორს, დავით მაღაძეს სურს, რომ „ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშოროს და თან ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს. ლეგიტიმურია - აქვს ამის უფლება - მასაც და მასთან ერთად შეკრებილ ჩვენ თანამოქალაქეებს, მის თანამოაზრეებს და იმ ჭრელი საზოგადოების წევრებსაც, სრულად, რომლის ფილარმონიაში შეყრა თავადვე ივარაუდა. მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში, მას მგონი ამ ყოველივეს რეალური მიზეზი წამოცდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ “ქართული ოცნება“ იგივე საყრდენებს დაეყრდნო, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ ეყრდნობოდაო.

რას ხედავთ აქ, სტრიქონებს შორის (როგორც ამბობენ ხოლმე)?

ივანიშვილმა, ისევე როგორც სააკაშვილმა, მათ არ მისცა საშუალება ეთამაშათ ის როლი, რომელიც საკუთარი თავისთვის მიუწერიათ. შესაბამისად, სხვა დაპურდა, შემოქმედებითად სხვა განხორციელდა და ა. შ.

ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვწერდი (ლურჯი მელიები). ახლა მხოლოდ ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ და მიმიხვდებით, რაც მაქვს მხედველობაში.

მდაბიოს ახასიათებს მწველი სურვილი გაძვრეს პირველთა რიგებში. ის გახლავთ ტიპიური მასის ადამიანი - აგრესორი. და რაც ნიშანდობლივია, აგრესორი კეთილისმსურველის ნიღბით - შემოსილი დემოკრატისა და შემწყნარებლის მანტიით. ინტელექტუალურ სიბრტყეში, მდაბიო სრულიად პრიმიტიულია, თუმცა, შესაძლოა, ზედმიწევნით წიგნიერიც კი იყოს, რაც მას პრაქტიკულობას სძენს. მდაბიო, ესთეტიურად საზარელი არსებაა, თუმცა ბევრად მეტად სიცოცხლისუნარიანია, ვიდრე სხვა ტიპაჟები. მას სიცრუისა და ფარისევლობის რთული კულტურა აქვს შემუშავებულ-შეთვისებული. ასევე, მას ახასიათებს საკუთარი პერსონის წარმოსახვა ერთგვარ არისტოკრატად, ოღონდ არა ისეთად, როგორიც სხვები გახლავან. ის საკუთარ თავში სისტემის მოწინააღმდეგეს ხედავს და ელიტის წარმომადგენლის ამ სიმულაციაში, ძალიან რთულია სიცრუისა და სიმართლის გარჩევა. დღეს, რეალურად, ჩვენ შეხება გვაქვს არა მასათა ელიტარული კულტურასთან, არამედ ელიტარული კულტურის თამაშთან. იმიტაციასთან, რომლის უკანაც, სიცარიელეა. გეცნოთ? ეგაა. ეს იგივე ხალხია. ეგენი ყველგან არიან - სამეზობლოში, თანამშრომელთა შორის, მაღაზიაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვა და სხვა მომსახურების სფეროში და, რაც ყველაზე სავალალოა, ქართულ პოლიტიკაში, საქართველოს პოლიციაში, ბიზნესში, ხელოვნებაში.

ამაზე ზუსტი განსაზღვრება, უბრალოდ არ არსებობს და აქ არათავმდაბლობას ნუ დამწამებთ - უბრალოდ ცადეთ და უკეთესად განსაზღვრეთ. ეს ფსევდოელიტა, რომელიც ხშირად გენეტიკურად უკავშირდება ე. წ. „წითელ არისტოკრატიას“, მათი იგნორირებით გამწყრალი, ჯერ სააკაშვილის ხელისუფლებას შეუჩნდა და ივანიშვილი აიტაცა, მაგრამ მენტალურად პროვინცილელი ოლიგარქი, რომელიც ისედაც კარჩაკეტილი, გულჩაკეტილი პერსონაა, თავიდანვე ვერ იტანდა ამ გაპრანჭულ კოჰორტას, რადგან მიუხედავად მილიარდებისა, ის მაინც მათზე ნაკლებად გრძნობს თავს. ხოლო ამ „სახეობამ“ მომენტი იგრძნო და გადაწყვიტა საკუთარ თავს თავადვე მიხედოს. ახლა მიჭირს თქმა, თუ რომელი უფრო დიდი შეცდომაა - ამჟამინდელი საქართველოში, ასეთი შესაძლებლობის კვლავაც დაშვება თუ, ძირითადად, მაინც ის მცდარი შთაბეჭდილება, რომელიც საკუთარ თავთან დაკავშირებით აქვთ. პრინციპში, აღარაა საინტერესო, რადგან ნათლად ჩანს - ეს შეკრებები იქნება ხანმოკლე და სულ უფრო მცირერიცხოვანი. ბესელია კი იქნება ის რაც მუდამ იყო.



Commentaires


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page