მამარდაშვილის რეცეპტი
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 8, 2019
- 2 min read
დიდი ქართველი მეცნიერის ეს სიტყვები ბევრმა იცით:
ქართველმა ხალხმა, ჯერ უნდა ყურადღებით შეხედოს საკუთარ თავს სარკეში, შერცხვეს ტრაბახისა და უსაქმურობის, თავისი მონური სტერეოტიპების, შერცხვეს საკუთარი მკვდრების და დაფიქრდეს. ვინ ვიყავი მე მთელი ეს წლები? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? შეიძრას სირცხვილისა და ზიზღისაგან და მაშინ მისთვის გაიხსნება გზა თავისუფლებისკენ, რადგან მხოლოდ განცდილი სირცხვილისგან დაიბადება ენერგია ფერიცვალებისა...
მერაბ მამარდაშვილის დიდ გონებაში გააზრებული, ყველაფერი საყურადღებო მგონია, ხოლო უშუალოდ ეს სიტყვები, ჩემი აზრით, იმ კატეგორიისა, რომელზეც უთუოდ ღრმად ჩაუფიქრდები კაცი და მხოლოდ იმდენ დროს არ დაუთმობ მის გაცნობიერებას, რამდენიც გონებაში ჩაკითხვას დაჭირდება.

რამდენიმე თვის ადრე, ეს ციტატა facebook-სტატუსად დავდე. დიდი გამოიხმაურება და ჩემი სტატუსისთვის არნახული რაოდენობის გაზიარება მოჰყვა და ეს ნიშანია, რომ ამ სიტყვებს აქტუალურობა არ დაუკარგავთ. დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ოცდაათი წლის მანიძილზე, რაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, ამ პრიზმაში საკუთარი თავის დანახვის მცდელობაც კი არ გქონია. როგორ გგონიათ, დიდი სხვაობაა დამოუკიდებლობის პირველი წლებისა და ამჟამინდელ ქართველს შორის? ცხადია, თუ კი ყოფიერ საკითებს, ურთიერთობებს, დამოკიდებულებებს ვნახავთ, სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ, ადრინდელივით, განა მტრისთვის დღეს გვცალია? და ისევე არ ვართ მზად, ვხოცოთ ერთმანეთი, ნაცვლად მტრისა? ისევ საკუთარი სამრეკლოოდან არ ვუუცქერთ ყოველივეს და, იმ ცნობილი ანდაზის მნათესავით, მთელი სამყაროც ეგ არ გვგონია, რასაცა ვხედავთ? ტრაბახს რაც შეეხება... ცხადია, ჩვენ გვეამაყება ჩვენი ხანგრძლივი და დიდებული ისტორიის, ცალკეულ პიროვნებათა გამო. გვეამაყება მიღწევათა გამო და იმის გამოც, რომ არა თუ სამეზობლოში, სამყაროშიც კი, თითქმის აღარ არიან ხალხები, რომლებიც ისტორიის ასპარეზზე ჩვენთან ერთად გამოვიდნენ...
და ჩვენ კი, კვლავაც აქ ვართ. და ეს ძალიან საამაყოა.. მაგრამ ჩვენ?
ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ ჩვენმა შთამომავლებმა, რომელთა წინაპრებიც ვართ, ჩვენი ამბებიც გაიხსენონ სიამაყით და არა სხვამხრივ. სამწუხაროდ, ჩვენი მიღწევები ფრაგმენტულია და მათაც, ხშირად, წყალში ვყრით. ან, უფრო ზუსტი იქნება, თუ კი ასე განვსაზღვრავთ: წყალში ვაყრევინებთ. რამდენჯერ დაგვემართა ასე? დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ და საქმე მოთავებულად ჩაითვალა. გავიდა რამდენიმე თვე და მტერს უფლება მივეცით, მონაპოვარი ტალახში ეთრია და მტვერში ამოეგანგლა - ისევ და ისევ ჩვენი ხელითა და რუდუნებით. თავი დავაღწიეთ შევარდნაძის დროინდელ ნახევრადსახელმწიფოებრობას და დავიწყეთ ახალი ენერგიით, მაგრამ მერე, ხელისუფლებამაც და ხალხმაც, სახელმწიფოებრივზე მაღლა, პირადი დააყენა და უკვე წლებია, დროს ვფლანგავთ. დროს, რომელსაც ვუთმობთ ლამის ყველაფერს, გარდა საკუთარ თავთან მუშაობისა. ჩვენ, ელემენტარულად, არ ვცდილობთ ვიყოთ უკეთესნი, ვინაიდან ვხედავთ: უარესთა დროა. ჩვენ ჯერ ვერ განვიკურნეთ იმ მავნე სენისგან, რასაც ჰაი-ჰარალოზე „ღწვა“ ეწოდება. შრომა, ჯერ ისევ სათაკილოა და ყველას მზამზარეული ურჩევნია. ჩვენ იმ ჩვენი დიდებული წინაპრებისადმი დამოკიდებულება აზროვნების კატეგორიად კი არა, სტილად ვაქციეთ. და რაც ყველაზე სავალალოა - ჩვენ არ გვრცხვენია. და არ გვრცხვენია იმიტომ, რომ მამარდაშვილის რეცეპტი, არასოდეს გამოგვიყენებია. და ჩვენ თუ კი ვინმე გვძულს, ეს ისევ მოყვასია და ამ სიძულვილის სათავეში, საკუთარი თავისადმი ზიზღი დევს. ცხადია, ეს მოკლე ჩანაწერი ვერ დაიტევს ყველაფერს, რაც ამ სიტყვებში და სტრიქონებს შორის იკითხება. არც ვარ მოწადინებული საკუთარი ნააზრევი მოგახვიოთ - თავადაც ილოად „გააგნებთ“. უბრალოდ, დამეთანხმეთ, რომ ეს ყველაფერი ახლა ხდება - ან ჩვენ მივყვებით დიდი ქართველი მოაზროვნის დარიგებას, ან არა და ჩავუჯდეთ „Время“-ს, ვლადიმერ ვალდიმერის ძის ინტერვიუ იქნება, დასავლეთის მზაკვრულ გეგმებზე.
Comments