top of page

მამონტი

ცხადია, ყველა მიხვდა, თუ რატომ არ იყო შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ რიგებში - ის არ და ვერ იქნებოდა საერთო კანდიდატი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ზურაბიშვილს კონკურენციას ვერ გაუწევდა, არამედ იმ მიზეზითაც, რომ შალვას არ წარმოუდგენია სხვა გაერთიანება, გარდა მისი პერსონის ირგვლივ შემოკრებილისა.

ლეობორისტთა ლიდერი, ამ თავის ჟინით - ყოფილიყო პირველი, - გადაშენების პირას მყოფ სახეობას დაემსგავსა. ახლა ის სწორედ იმ ბოლო თეთრ გიგანტურ მარტორქას ჰგავს, რომელიც სწორედ ამ ერთადერთობით იყო ცნობილი და ამასწინად, რომელიღაც ზოოპარკში, ამ ბოლომ ის ბოლო ჰპოვა. პოლიტიკოსთა სახეობა, რომლის ბოლო წარმომადგენელიც ეს ინდივიდია, სწორედაც რომ უნდა გადაშენდეს.

დააკვირდით, მან და მისმა პარტიამ, ბოდიში მომითხოვია და, საკუთარ ამომრჩეველს ბევრჯერ მიაცუეს. ჯერ იყო და, ბატონმა შალვამ თბილისის მოგებული საკრებულო ჩამოარიგა ნუკბარივით და მერე, ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა, პარტიამ არად ჩააგდო, პარლამენტის წევრის მანდატები საზეიმოდ გაანადგურა... და პარლამენტარის ხელფასიც შეირგო..

ცხადია, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ის ამგვარი „წარსულის“ გამოც ვერ იქნებოდა და სხვა მიზეზებითაც - ის წააგებდა სალომესთან. და არა იმიტომ, რომ ვერ გაუქაჩავდა ფულით, ან ვერ აკენწლავდა დიალოგში, ან მის მხარდამჭერებს ქვეყნიერების დაქცევაში ვერ ამხელდა.. მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, წააგებდა იმიტომ, რომ როდესაც თხევადკრისტალური ეკრანი ხელმისაწვდომია, კინოსკოპიანი ტელევიზორი აღარავის უნდა. ანუ, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმათა შემოშავებაში, თუნდაც სუფთან ტექნიკური თვალსაზრისით, აგრეთვე სტლისა და გემოვნების ფაქტორებით... წარმოგიდგენიათ, სად დგას ნათელაშვილის პარტია, თუ „ოცნება“ უფრო თანამედროვეა?

შალვა კი ალბათ არავის მოუსმენდა მოკავშირეთაგან... არ მიიღებდა რჩევებს.

მაგრამ ამ ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, რადგან, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ფინანსებამდე მიდის და აქ „ოცნება“ უკონკურენტოა... ამ ჭიდილს ნათელაშვილი წააგებდა იმიტომაც, რომ ჯერაც არ გაბათილებულა ხმები მისი „მეორე ცხოვრების“ შესახებ, მოუოდნელი და სწრაფი გამდიდრების შესახებ. დღეს, აგერ, ზვიად ძიძიგურს რომ ვგაჩვენებენ სახლიდან მედიის გაყრის სცენებში... არ გახსოვთ ნათელაშვილი სადარბაზოს კიბის უჯრედიდან რომ დაჰყვიროდა პრესას ატეხილი ჯიხვივით? კაცის გამდიდრება მამულიშვილს უნდა უხაროდეს და ღმერთმა ქნას, საქართველო მდიდარი ხალხის ქვეყანა იყოს, მაგრა შოვნაცაა და შოვნაც. რაღაც არ მახსენდება წარმატებული ბიზნესმენი, ან იღბლიანი მემკვიდრე ნათელაშვილი. ერთი სიტყვით, რად უნდა ახლა ამას მიკიბვ-მოკიბვა - კაცმა, ფული პოლიტიკაში იშოვნა. იყო მისი საჭიროება და სანამ იყო, ივარგა კიდეც, მაგრამ ახლა დროა შეეგუოს, რომ ამგვარი საჭიროება აღარ დგას. ახლა ადგილის დათმობის საჭიროებაა მწვავედ მდგარი საკითხი - ზოგადად, გზა ახალგარდებს უნდა დავუთმოთ. კი, ყოჩაღობს შალვა და არც მის ამფსონ გუგავაზე ითქმის, წლებშიაო, მაგრამ კარგით რა... წლებზე თუ წავიდა საუბარი..

- ავოე-ეე! რომელი წლებია?

თანამედროვეობაში, ლეიბორისტები ისევევ გამოიყურებიან, როგორც სამოციანების საბჭოთა მოქალაქე, საგულდაგულოდ გაუთავებული კიტელით. მაგრამ ნათელაშვილმაც, როგორც ჩანს, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, რაც მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძისთვის ოდნავ გადასასწრებად აღმოჩნდა საკმარისი. თუმცა, განსხვავებით ლეიბორისტებისგან, „გირჩს“ პერსპექტივა აქვს. ლეიბორისტებს? ვფქირობ, შორს აღარაა ის დრო, როდესაც ნათელაშვილი პარტია კვდომას დაიწყებს. ერთი ამგვარი „გულის შეტევა“ მაშინ იწვნია, როდესაც გუგავას ამარადღა დარჩა, მაგრამ როგორღაც გადაიტანეს, გადარჩნენ. ახლა - სრული ფიასკო და ლამის გაუჩინარება. ნათელაშვილი ბოლო განცხადება ცხადჰყოფს, რომ შოკმა გადაიარა და შალვა კვლავ მოქმედებაშია. ეს ალღო არასოდეს ღალატობდა და აკი გუშინაც თქვა, ერთად უნდა დავამარცხოთო.. ეს შანსია. შანსი, რომ მისი პარტია, პოლიტიკური თვალსაზრისით, ოდნავ გვიან მოკვდეს. მაგრამ საუკეთესო, რისი გაკეთებაც ამ პირობებში ნათელაშვილს შეუძლია, პარტიის გადახალისება და ახალი სახეებისათის ასპარეზის მიცემაა. მაგრამ ეს ვერ მოხდება და ლეიბორისტთა უბედურება, ანუ სასიკვდილო განაჩენი, სწორედ ამგვარი კადრების არარსებობას უკავშირდება - პარტია აღარ შეესაბამება დროს - რაც შინაარსით, არც აქტივით, არც ლიდერებითა და მათი მესიჯებით.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page