top of page

მეორე 25

ერთ ჩემს წინაპარს ჰყვარებია აღნიშვნა - ცხოვრება ოთხუჯრიანი მაგიდა არისო. თითო უჯრა, 25 წელს უტოლდებაო. მაგიდის თავი ყველაფრის ზედაპირია და რასაც კაცი ზედაპირზე დებს, ფონადაც ის სდევსო.

ree

ამას გაგრძელებაც აქვს, რაც უჯრების შიგთავსსა და მოწესრიგებასა თუ მოუწესრიგებლობაში ყოფნას და ამგვარებს უკავშირდება, მაგრამ ამით არ დაგღლით. ეს ისე, უბრალოდ გამახსენდა...

თითქმის ორი წელია, საქართველოს ახალმა რესპუბლიკამ თავისი „მეორე უჯრა“ გამოაღო. გაისად, პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავი სრულდება. ამის აღნიშვნა იმიტომაც ღირდა, რომ მიუხედავად ზოგჯერ ხელოვნური გზებით მივიწყებისა, ყველას კარგად გვახსოვს და ისტორიასაც ასე შემორჩება, რომ 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა სწორედ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების აქტის საფუძველზე მოხდა.

განა ახსნა ჭირდება ამ ფაქტის მნიშვნელობას? საბედნიეროდ, უმეტესობას გვესმის მისი უდიდესი მნიშვნელობა. საუბედუროდ, ჯერ კიდევ შემორჩა ხალხი, რომელსაც არამც თუ მისი მნიშვნელობა ესმის, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის საჭიროებაშიც ძალიან ეპარება ეჭვი. ყველა ვიცნობთ ასეთ ადამიანებს. ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, არც კი სძულს სამშობლო, მაგრამ ხსნის სრულიად დამღუპველი გზის მიმდევარია და, რაც ყველაზე სავალალოა, ყრუ კედლადაა ქცეული და გაგონება, სხვა არაფრისა სურს. ის მოწამლულია.

ძველი ჭეშმარიტებაა, რომ მონას თავისუფლება კი არ წადია, არამედ საკუთარი მონები. ამავე ლოგიკით, ეს ამ ე. წ. „პირველ ოცდახუთსაც“ შეეხედება, რომელიც ისე მივხურეთ და მერე, ისე გამოვაღეთ „მეორე უჯრა“, რომ პირველი ყოვლად დაულაგებელი დაგვრჩა - ყველაფერი ერთმანეთზე ყრია და ამ ყველაფერში, ჯერ კიდევ მოიძებნება იმ ტიპის აზროვნების ადამიანები, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

სამწუხაროა და ეგებ საფრთხისშემცველიც, მაგრამ მეორე უჯრაში მათი გადაყოლიება გვიწევს. აქ გასული წლების ლაკონურ ქრონოლოგიას შემოგთავაზებთ: მოვიპოვეთ. ავუჯაყდით. ერთმანეთი ვხოცეთ. სხვასაც ვახოცინეთ. პროვოკაციებს წამოვეგეთ - სხეული დავისახიჩრეთ. სვლა განგავრძეთ. ვითმინეთ.

ფიალა აგვევსო. გავაგდეთ. ვინც მოვიხმეთ, ლამის კუბოში ჩავდეთ. ისიც წინამორბედის გზას გავუყენეთ და აგერ ა, ბოლო წლებია ახალ კერპთან ვწირავთ მსხვერპლს... და აი, „მეორე უჯრაც“. ვითარება, სადაც ცოდნა კი ფასობს, თუმცა პრიორიტეტი არაა. მარიფათის ქონა იგივეა, რაც უდაბნოში მათარა წყალი. ვართ შესეული ამ ჩვენი დაძონძილ სამშობლოს და, სწორედ იმ მარიფათის სრული ამოქმედებით, ვგლეჯთ და ვგლეჯთ. დღეს ამას გადარჩენისთვის ბრძოლა ეწოდება და ამ განსაზღვრებაში, გარკვეული ლოგიკის მარცვალიცაა. ცხოვრებისეულ ასპარზზე გამოსული, მშიერი კაცი, საჭმელად და დასატაცებლად გამოვარდნილი ნადირივითაა და მაღალ მატერიებზე ვერ დაელაპარაკები. არგუმენტსაც ისეთს გეტყვის, ბაგეს დაგამუწინებს და ეგებ ცრემლიც კი გადაგაყლაპოს, მალულად.

სადღაც მართალიცაა ის კაცი, რომელსაც სამი მშიერი, ჩასაცმელ-დასაპურებელი, სკოლაში გასამგზავრებელი შვილი, მოხუცი მშობელი და კუდზეყავარგადებული ცოლი ელოდება. თანაც, ის ჯერ კიდევ სიყრმიდან ხედავდა, რომ ცოდნა და წიგნიერება სარჩო-საბადებლის მოპოვებას კი არა, გამდიდრებასაც აღარ ჭირდება - ახლა მარიფათიამეთქი მთავარი. ვიცი - აქ, ამერიკა არავის აღმოუჩენია - საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამაღლებულზე ფიქრს, დანაყრებული კაცი თუ მიჰყოფს ხელს. დააკვირდით - დანაყრებული. და არა გამაძღარი, რადგან ამ კატეგორიის ხალხის ერთადერთი საზრუნავი შემდეგომი გამოძღომაა და სხვა არაფერი. ჰოდა ის დაბეჩავებული კაცი დღესაც ხედავს იმ ყოველივეს და რაღა დარჩენია: ერგება ცხოვებასა და ყოველდღიურობის მიერ დამკვიდრებულ წესრიგს. ერგება და ისე იჟღინთება არსებობის ამგვარობით და ზნეობის ამსიდაბლე კატეგორიებით, რომ ბუნებაც ეცვლება და ერთ დროს სამშობლოთი აღფრთოვანებული ყმაწვილკაცი, თავს წარმატებულად თუნდაც იმის გამო მიიჩნევს, რომ მესამე რანგის ჩინოვნიკია, თვლის, რომ გაბრექვის საფუძველი აქვს და სხვა და სხვა ყულაბებში, ქვეყნის სიყვარულით, ოცლარიანზე ნაკლები, არ ჩაუტენია. თავისთავად ცხადია, სულაც არ ვარ მოწადინებული, რომ მათი არსი და შიგთავსი ვცვალო. სხვა ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ზუსტად ვიცი - ვისიც უნდა იყოს ამგვარი მცდელობა, მაინც კრახით დასრულდება, რადგან კოკასა შიგან რაცა დგას, ისსავე გადმოდინდებისო. ამ ხალხს, აღარფერი ეშველება - წვივებში წკეპლა შედეგს არ მოიტანს და ძელზე გასმამ, დრო მოჭამა.

ასე რომ, ახალ თაობაში ამგვარის ჩანასახშივე მოსპობაა საქმე და არა „ინფიცირებულთა“ შველა. აი, დაკვირვებისა და ერთგვარად შესწავლის თემად კი შეიძლება გამოდგეს. თანაც, გინდა არ გინდა, მაინც აკვირდები კაცი - ბუზივით გვახვევია თავს.

...და, ბარემ, შევისწავლოთ. ამ ათიოდ წლის წინ, მორიგი პოლიტიკური კრიზისის მიდინარეობისას, ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა და მართლაც ასეა: ჩვენი ამოცანა იმთავითვე ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველი, ანუ ქართული სახელმწიფოს აღდგენა, ავად თუ კარგად შესრულებულია. მეორე კი, იმაში მდგომარეობდა, რომ როგორმე ეს სახელმწიფო შეგვენარჩუნებინა იმ დრომდე, ვიდრე ასპარეზზე ახალი საქართველოს პირველი თაობები გამოვიდოდნენ. ესეც, ასე თუ ისე, შესრულებულია - კოჭლია, დასახიჩრებული, ღატაკი თუ ვიგინდარათა პოდიუმადაა ქცეული, სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია - დღეს ქართული სახელმწიფო არის. და არის ახალი, სრულიად განსაკუთრებული თაობაც, რომელიც დაიბადა და ჩამოყალიბდა თავის ეროვნულ სახელმწიფოში. ჩვენ ვნახეთ ისინი ამ რამდენიმე წლის წინ. აი ისინი, ვინც რამდენიმე წლის წინ სტიქიის შედეგებს შეესია, ძალმომრეობა გააპროტესტა და უკვე საზოგადოებრივ ასპარეზზეც გამოჩენაც მოასწორეს აქა-იქ. ბევრი მათგანი ცოდნასა და პროფესიას საზღვარგარეთ დაეუფლა. სხვა ცხოვრება ნახა, პროგრესსა და თანამედროვეობას ცხადად ეზიარა. მე მათ ხან „ტემზადალეულებსა“ და ხანაც, „რეინნაყლაპებს“ ვეძახი, მოფერებით. მიმაჩნია, რომ ისინი ატარებენ იმის პოტენციალს, რომ „თერგდალეულთა“ მსგავსი სამსახური გასწიონ. და არა მხოლოდ ისინი ცხოვრების გზაზე შემდგარ ახალგაზრდებს შორის, აქაც ხომ ბევრნი ვიცით, იმედის მომცემი.

და აი, ამ „მეორე 25“-ის ძირითადი ამოცანა: მათთვის ფართო შესაძლებლობების მიცემა, თამამი საკადრო გადაწყვეტილებები, კრეატივისთვის გასაქანი... მოკლედ, ნელა, მაგრამ მიზანდასახულად, ქვეყნის საზოგადებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა შესაძლებლობების ახალი, ენერგიით სავსე, იდეებით დახუნძლული და თავისუფალი მენტალობის ადამიანებისათვის გადაცემა, ჩვენი ამჟამინდელი გამოწვევაა.

დანარჩენზე 10-15 წელიწადში დავილაპარაკოთ.

ერთი ბლოგპოსტისთვის, საკმაოდ მოცულობითი თემაა - მონოგრაფიას უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ძირითადი, მგონი ითქვა. დასასრულად, იტალიელი საზოგადო და პოლიტიური მოღვაწისა და თანამედროვე იტალიური რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მასიმო დაზელიოს (Massimo d’Azeglio) ცნობილი სიტყვების გამოდგება: როგორც იქნა იტალია შეიქმნა. ახლა, დროა შევქმნათ იტალიელები.

ეს პროცესი დაწყებულია.

არ უნდა ჩაიშალოს!


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page