„მარქაფა“
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 25, 2019
- 1 min read
Updated: Aug 1, 2019
გუშინ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვარდნა, მხოლოდ TBC-ს არ შეხებია - დაეცა ყველა იმ ქართული კომპანიის აქციათა ღირებულებაც, რომლებიც ბირჟაზე „თამაშობენ“. ეს ძალიან საგანგაშო ტენდენციაა და აქ უკვე აშკარად იკვეთება არა კონკრეტული კომპანიისა და პირის რეპუტაციისადმი ნდობის კლება, არამედ სრული უნდობლობა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ. დღის ბოლოსთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტმა, მიუხედავად მათდამი ამასწინად გამოცხადებული სრული ნდობისა, ბანკის აქციონერთა ინტერესების გათვალისწინებით, თანამდებობა კვლავ დატოვეს. ამჯერად, დათქმით - ვიდრე არ შეიცლვლება ვითარება. ის, რომ ტანდემი მზად იყო გართულებებისა და ეგებ არასტანდარტული გადაწყვეტილებებისთვის, გუშინვე ითქვა:
აქ, ერთი დაკვირვების შესახებ მსურს გითხრათ: როგორც წესი, ბადრი ჯაფარიძე ბევრად პასიურია ხოლმე, ვიდრე მისი პარტნიორი მამუკა ხაზარაძე - ბოლო დრომდე ასე იყო. არ ვიცი, რით გახლავთ ეს განპირობებული. ფაქტია, რომ ხაზარაძესთან შედარებით, მოქალაქეთა ერთ ნაწილში, ის ნაკლებ გაღიზიანებას იწვევს. და, შესაძლოა, სწორედ იმიტომაც, რომ მას, აქამდე, „მეორეხარისხოვან როლი“ ჰქონდა, ბრენდის ავანგარდში კი, ხაზარაძე იდგა.
ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჯაფარიძე ამ ე. წ. ჩრდილიდან გამოსვლას იწყებს. და თუ კი ეს მართლაც ასე აღმოჩნდა, გეგმა უკვე მკაფიოდ იკითხება. ასეა თუ ისე, ვხედავთ, რომ „ბატალიათა“ ამ ეტაპზე, ტანდემი ბალასტს იცილებს. დიახ, ახლა (და ბევრად ადრე, ვიდრე ვვარაუდობთ) საგრძნობლად გამძაფრდება პოლიტიკური აქტივობები და აქ, ზემოხსენებული სტატუსი ბიზნესმენისა, შესაძლოა, სწორედ ვარდნის მიზეზი გამხდარიყო. იმ წამიდან, რაც ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადეს, და იმ მომენტიდან, რაც ისინი ამ „ბიზნესმენობის ტვირთს“ სრულად მოიცილებენ, ნებისმიერი ქმედება, რაც მათი წინააღმდეგ იქნება მიმართული, ჩაითვლება პოლიტიკურ დევნად.
P. S. დღეს „მარქაფა“ ქართული სარაგბო ტერმინია, თუმცა ადრე, ასე ეწოდებოდა მთელი ბრძოლის მანძილზე უქმად მდგომ, დასვენებულ საჯარისო შენაერთს, ერთგვარ რეზერვს, რომელიც საქმეში, მხოლოდ დევნა-ხოცვის ოპეარციის დაწყებისას ერთვებოდა. დასვენებული ბედაურების მუღამიც ეს გახლდათ.
Comments