top of page

მერაბ კოსტავა 80 წლის სრულდება!

მაისი კოსტავას თვეა.

კონკრეტულად 26 მაისი, იმითაც გახლავთ გამორჩეული, რომ ამ დღეს, პირველი ქართული რესპუბლიკის შემდეგ ოციოდ წელიწადში, 1939-ში სამყაროს მერაბ კოსტავა მოევლინა. მისმა დაბადებამ კი, უმოკლესად თუ ვიტყვი, მეორე ქართული რესპუბლიკის წარმოქმნას დიდი სამსახური გაუწია.

დიახ, ეროვნული იდეა, სახელმწიფოებრიობის განცდა და ამგვარები, ჩვენში, სხვასთან და სხვებთან ერთად და ეგებ უპირველესადაც, სწორედ ამ დიდებულმა ადამიანმა გააცოცხლა.

ის თავისუფლების სიმბოლოა - ცხოვრებით სიტყვით.. ის მუდამ ფიქრობდა თავისუფლებაზე, საუბრობდა მასზე.. და წერდა მასზე. ეს წერილიც მისი დაწერილია. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია თუ კონკრეტულად სად დაიწერა იგი. მითითებულია მხოლოდ თარიღი -1978 წელი, თუმცა არც ადგილი და არც სხვა კონკრეტული რამ, მითითებული არ გახლავთ

საერთოდ, ეს წერილი მეორეჯერ აღმოვაჩინე და, პრინციპში, თავიდან. ძალიან ღრმაა და პოეტურიც, რაც, თავისმხრივ, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ტანჯვასა და ვაებაში, საკანში იწერებოდა, არაა ჩვეულებრივი ამბავი. გაეცანით თქვენც:

„საკანი.

სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს.

ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო ჩემსავე თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვენველისეული ქაოსი უმისამართო ენერგიით აღძრული ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.

მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდაუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას.

..გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფერად აელვარებული ხატება მათი.

შეწყდა მათი მოუსვენარი, საყვედურით აღსავსე სისინი.

მოისვენა სხეულმა, და სადღაც, გონებაში აკიაფდა სიმშვიდის მომფენი კანდელი სულისმიერი.

სარკმლის დამხანჯლავი სინათლე შთენია მარტოოდენ ერთადერთ, ჩაუფერფლავ სურვილად.

ცის ნაფლეთები მარადისობის ლურჯი იებივით მოსდგომიან ცხაურის ვიწრო სამზარებს.

თვალბუდეები ძლივსღა ამაგრებენ ამოსავარდნად გამზადებულ, უსასრულობის მირაჟით დატყვევებულ თვალებს.

შორს, კაბადონზე, იალქანივით ლაპლაპებს სივრცეში მონავარდე მტრედი. უცნაურად ენამჭევრობს იგი, როცა ფერმწერის სიმსუბუქით ჰაერში ავლებს იდუმალ ხაზებს.

ნეტა თუ ფიქრობს, ამ ფარულ ნიშნებს აღმოუჩინოს სადმე წამკითხველი?

ამაოდ, რადგან ისტორიის სათავეებთან აღმართული სახე კალხასისა, ჩვენმა აკადემიურმა საუკუნემ არა თუ ანაქრონიზმად, ბალღობისჟამინდელი „უმეცარი“ კაცობრიობის მონაჩმახად მიიჩნია, როგორც ყოველივე მითოლოგიური.

რაოდენი თავისუფლებაა საოცარო ფრინველო, შენს მოძრაობაში! განუსაზღვრელი ექსტაზი სივრცეთა შთანთქმისა, ერთდროულად ყველგანყოფნის სურვილი. თავისუფლება, დიახაც ჰგულისხმობს ყოვლისმომცველობას და შენ უთუოდ ჰფლობ მას სივრცეში, რომლის სინაკლებესაც მომეტებულად განვიცდი მე, როგორც პატიმარი. მაგრამ შენს უბოროტო გულს, შენს უმანკოებას ვფიცავ უსპეტაკესო, კიდევ უფრო მეტად რომ დავიწროვდეს საკანი, თუნდაც რომ დაიძრენ და კუბოს ფიცრებივით შემომეჭდონ მისი კედლები, შენ მაინც ვერ იქნები ჩემზე თავისუფალი.

შენ სივრცეებმა გასწავლეს ფრენა, მზემ ოქროს ცვარში ამოავლო საშურველი სითეთრე შენი სხეულისა. მიწამდე დაჰყვინთავ და წამისყოფაზე უმალ, დიდებული მნათობის კალთასთან ნებიერად ამოჰყვინთავ, ფირუზოვან თვალსაწიერის მეუფევ, მაგრამ ვერ მომატყუილებს ეგ შენი თავდავიწყებამდე დაუცხრომელი ნავარდი.

არამც და არამც შენ არა ხარ თავისუფლება, არამედ მარტოოდენ სიმბოლო ხარ თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება, ენერგიულ ფიქრებში დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისკენ

დავიწყების უფსკრულიდან მოუხმობს გარდასულ სახეებს, აწ განვლილ ცხოვრებისეულ შემთხვევებს, ნაფიქრ-ნაგრძნობსა და თუ წარმოსახვაში აელვარებულ სურათ-ხატებს. ხელახლა აცოცხლებს, ახლებურად წარმოგვიჩენს მტერსა და მოყვარეს და შენში ჰბადებს ახალ თვალს, თვალს-მსაჯულს, შენივე სიღრმისაკენ მიქცეულს, რომელიც დაწვრილებით გამოწვლილავს მთელს შენს წარსულს, შენს ნამოქმედარს, ნათქვამს, გულისნადებსა და ნააზრევს, ადამიანებისადმი მიმართებას..

პირუთვნელობის უქცეველი სასწორით ასწონის ყოველივეს, ნაწევარებს გაამთლიანებს, მიზეზებიდან გამოიყვანს შედეგებს და შედეგებიდან, კვლავ მიგაბრუნებს მიზეზისაკენ, რითაც გასწავლის კითხვას დრო-ჟამისეული კანონებძში არეკლილი ბედისწერის წიგნისას. დრო-ჟამისეულ მდინარებაში გასწავლის ნავარდს, ისე, ვით შენ დანავარდობ, საოცარო ფრინველო..

სინდისის ცეცხლში გამოგაწრთობს, საკუთარ თავს, საკუთარ ჭეშმარიტ არსს გაპოვნინებს, სიქველის საწყისსა და უჟამობის სამანებს მიგაახლებს და მაშინ, ამ ახალი სიმაღლიდან, განახლებული სულითა და შემართებით გააცნობიერებ და გადააფასებ ნებისმიერ არსებას, ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას და ისეთ უმნიშვნელო გასაჭირსაც, როგორიცაა პატიმრობა, ოთხკედელშუა გამომწყდევა. გიხსნის და, რაც მთავარია, დასაბამს აძლევს შენში ახალ, ჭეშმარიტ ცხოვრებას, შინაგანი თავისუფლების შუქით გასხივოსნებულს.

მაშ, ასე სივრცეების პატარა ბინადარო, შენ მხოლოდ მშვენიერი სიმბოლო ხარ იმ თავისუფლებისა, ამ ბნელ საკანში რომ იწყო აღმოცენება. ოდესღაც, მტრედისფერი დაარქვეს რიჟრაჟს, როცა კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე, პატრიარქთა დიდმა წინაპარმა ნოემ წარღვნისეულ სტიქიათა დაცხრომისას გამოგტყორცნა კიდობანიდან, როგორც მაცნე გადარჩენილი კაცობრიობის ახალ საფეხურზე აღზევებისა. და შენ, მაშინ, ცნობიერების გარიჟრაჟის სიმბოლოდ იქეცი.

სპეტაკზე უსპეტაკესად გიხილა ზეცით გარდმოსული იორდანეზე წინამორბედმა უფლისამან და ნათლისმცემელმა, როცა ლაჟვარდოვანი სიწმინდის მისაღებად მოიწაფა კაცობრიული გონი, და ამ ახალი, გაწმენდილი ცნობიერების სიმბოლოდაც შენ შეიქმენ.

ცნობიერება მიგვაახლებს ჭეშმარიტებას, ხოლო ჭშეშმარიტება თავისუფლების ძალუმი ფრთთებით გვაუნჯებს. ანგელოსის ორი ფრთა ფრესკაზე, მაღალი ცნობიერი ცხოვრების ხატია, ხოლო ქურუმების ექვსი ფრთა, ხატი განუსაზღვრელად უფრო მაღალი ცნობიერებისა, და ვინ უნდა გაგიმართოს მზერა შენ, უფალო, რომელი ყველგან ხარ და ყოველივეს აღავსებ მადლითა შენითა.

ეს შენ მოგვივლინე სულიწმინდის ხატად ელვარე ნიმბით მოსილი პატარა მტრედი, სხეილისმიერი საკნის წიაღში რომ აღგვინთებს ცნობიერების კანდელს და გვაზიარებს ანგელოსურ ბუნებას შენსას, უკვდავებისა და თავისუფლების საწინდარს, ჭეშმარიტად არსებობს შენგან დადგენილი ცით დედამიწამდე დამავალი და მიწით ზეცამდე აღმავალი ანგელოსური კიბე ცნობიერების ხარისხებისა, შენგან არჩეული ერის ნუგეშად, რომ იხილა ოდესღაც ბიბლიურმა იაკობმა. შენ ხარ, მტრედო, ხატი ცხოვრების ამ სიმაღლეთა ერთიანობისა. ვუმზერ სივრცეში შენს დაუსრულებელ ნავარდს, როგორც ჩეწმი სულის პროექციას გარე სამყაროში და ვტკბები მშვენიერი სიმბოლოთი, რომლის ჭეშმარიტმა არსმა ჩემშივე იწყო აღმოცენება.

მერაბ კოსტავა 1978 წელი“.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page