top of page

მესამე ითხოვს, მეხუთეს შეუძლია

ბლოგის მკითველს კარგად მოეხსენება, რომ ამჟამინდელი პარლამენტისადმი, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. არა ერთხელ დამიფიქსირებია, რომ ვინაიდან ის ვერ პასუხობს ამჟამინდელ პოლიტიკურ განწყობათაგან ვერც ერთს, ჩემი აზრით, მან, დაჩქარებული წესით, მხოლოდ ქართველი ხალხის ნების შესაბამისი და ნამდვილად დემოკრატიული საარჩევნო კანონმდებლობა უნდა დანერგოს და სახლში წავიდეს. ამას წინად, გავრცელდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხედულება, რომ აქციებზე, რომელიც უკვე მეათე დღეა მიმდინარეობს, გახარიას გადაყენების მოთხოვნა უნდა შეიცვალოს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა ლოგიკური ბმა მიუსადაგა სააკაშვილმა ამ მოსაზრებას, მაგრამ კონკრეტულად ჩემთვის, ერთი ნამდვილია - ოპოზიციის ერთობის პირობებში, ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს, მით უფრო - ტრიუმფით, და ეს, არა მხოლოდ გახარიას, არამედ თავად ივანიშვილსაც მოგვაშორებს გავლენისა თუ მმართველობის სადავეებიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, შოთა დიღმელაშვილი, რომელიც რიგითი ქართველებისთვის, ჩემი პლეადის ხალხისთვის, ვინც იგივე ადგილას 30 წლის წინ იბრძოდა, ამ შესანიშნავი ახალგაზრდების ერთ-ერთი დამრაზმელი თუ არა, აქციათა ორგანიზატორია, არ იზიარებს ამ მოსაზრებას და აქცენტს მხოლოდ თავდაპირველ მოთხოვნაზე აკეთებს.

კონკრეტული მოთხოვნით დავიწყეთ ყველაფერი და ამ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს ამ პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა. შეგიძლიათ, გადასცეთ ექსპრეზიდენტს.“

- განაცხადა მან და, ცხადია, ეს მისი უფლებაა. მაგრამ, მოდით, ამ ყოველივეს ცოტა მეტი კონკრეტიკა შევძინოთ. რამდენადაც ვიცი, დიღმელაშვილი არ წარმოადგენს არც ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს. ამჟამად, ის მუდმივად სამოქალაქო საზოგადოებით აპელირებს და, მგონი, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაცაიაში, საქმიანობს კიდეც.

ეს, მას პოლიტიკიდან არც ისე შორს აყენებს და, უამისოდაც პოლიტიზირებულ საზოგადოებაში, ეს არაა პრობლემა დიდი პრობლემა. და, თქვენ წარმოიდგინეთ და, არც კონკრეტული პოლიტიკური ძალისგან - მხედველობაში „ევროპული საქართველოა“. პირადად მე, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას - ესეც მისი უფლებაა. აკი ითქვა კიდეც, მგონი აქციის მესამე დღეს, რომ აქციას „ევროპული საქართველო“ გამართავდა, მაგრამ მერე უგულავა „კვარცხლბეგიდან“ ჩამოაგდეს და ამგვარი რამ, თითქმის აღარ გაჟღერებულა. პროცესი კი არ შეწყვეტილა და ამ მომენტისთვის, მიშა მშვილდაძე, რომელიც ყველამ „ნაციონალებთან“ გააიგივა, დიღმელაშვილმა თუ არ ჩაანაცვლა, „გაუტოლდა“ მაინც ჩაანაცვლა. და ის, ძირითადში, იზიარებს „ევროპელების“ მიდგომას. საუბრები პოლიტიკოსთა არმონაწილეობის შესახებ, აბსურდულიც იყო და პრაქტიკულად შეუძლებელიც. ეს განზე დგომა და აქა-იქ ინტერვიუებში „ჩადგმები“ სავსებით საკმარისი გახლდათ და ყველა კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ ახლა, „თავისუფლების მარშის“ დაწყებამდე იმის გამოცხადება, რომ ჩვენ მხოლოდ გახარიას გადადგომას ვითხოვთ და დანარჩენი არ გვაღელვებსო, თუ კონკრეტული პარტიის სტრატეგიული ხაზი არაა, მაშინ პირად რევანშს ემსგავსება.

და თუ ამ ღონისძიების სხვა აქტივისტებსაც გავითვალისწინებთ, ეს კიდევ მეტად ასეთად გამოიყურება. ანუ, გახარიას შს მინისტრის თანამდებობაზე სხვა პაიკი ჩაანაცვლებს, ხოლო ის კვლავაც დარჩება უშიშროების საბჭოს მდივნად და ვიცეპრემიერად? რა გამოდის? გახარიას გადადგომით, ვთავისუფლდებით?

ცხადია არა - მხოლოდ ვასუსტებ ივანიშვილს (იგულისხმეთ - რუსეთს) და სცენიდან მის გაყვანას, დროში ვწელავთ. ახლა ვკითხულობ: როდესაც, ამ ჩვენი შიდა ამბებით გართულთ, ირგვლივ მიმდინარე მასშტაბური მოვლენები მხედველობიდან თითქოს გვრჩება, მაგრამ მაინც ხომ ავდევნებთ თვალყურს და დარწმუნებულნი ხართ, რომ გვაქვს ამდენი დრო? ჩემი აზრით, სრულ ცაიტნოტში ვართ. იმედია ეს ერთობა, რაც „ევროპელებსა“ და „ნაციონალებს“ შორის არის და, დიდის ძალისხმევით, ამ მომენტამდე, სიფრიფანა ძაფებით, მაგრამ მაინც, დამაგრებულია, არ მოირღვვა. ძალა მასშია და ახლა, სწორედ ერთობის დროა. ისე, სხვათა შორის, ამ ძალებს შორის წინააღმდეგობის „საფუძვლებიც“ იოლი ამოსაცნობია - ცხადია, ცდილობენ, რომ საბოლოოდ, უკვე ახალ პარლამენტში, ერთმანეთთან კოალიცია არ გაუხდეთ შესაკრავი. „ნაციონალებს“ სერიოზული ძალებით ჰყავთ შემოკრებილი და საერთოდ, გაერთიანებული ოპოზიცია, ამ მომენტისთვის, ყველაზე ძლიერად გამოიყურება. „ევროპელებმაც“ დაიწყეს რაღაც მეორე ოპოზიციურ ცენტრზე საუბარი, მაგრამ ჯერ-ჯერობით, „თავისუფალი დემოკრატების“ ამარად არიან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები, მათ სასურველსა და სასიკეთოს, ბევრს არაფერს უქადის.

დათქმული 2020-სთვის კი, სავარაუდოდ, მოღონიერებას იმედოვნებენ. სხვა შემთხვევაში, ყოვლად დაუჯერებელი ჭორი, რომ, რეალურად, ეს ხალხი ივანიშვილის თამაშს თამაშობს, არც ისე დაუჯერებელი ხდება. და ამ თამაშში, „ოცნება“ გვარიანად გადახალისებულია, „ევროპელებს“ ყველაზე დიდი ფრაქცია აქვთ, ხოლო „გაერთიანებული ოპოზიცია“, საუკეთესო შემთხვევაში, 2-3 ექვსკაციანი ფრაქციითა წარმოდგენილი. ცხადია, ეს ამჟამადაც ჭორად რჩება და, ამდენად, ფასიც ჭირად გაგონილისა აქვს. ისე, ვარაუდის დონეზე ითქვა. ამავე კონტექსტში, ისმის კითხვაც, თუ რა აკავშირებთ „ევროპელებს“ და ბიძინას პრაქტიკაში?

სააკაშვილისადმი ანტაგონიზმი, რაც „თავისუფალი დემოკრატების“ მიერთებით, რომელიც, შესაძლოა, სწორედაც „ოცნებასთან“ შუამავალი რგოლია, გაორკეცდა.

და თუ კი „ევროპელებს“ ექნებათ შანსი, რომ „მიშიანი“ ან „უმიშო“ პარლამენტში ისხდნენ ისე, რომ სულ სხვა ძალასთან კოალიციით ახერხებენ სადავეებთან ყოფნას, ივანიშვილზე საუკეთესო მოკავშირეებს, ვერ იპოვნიან. აქ ვარაუდებს მოვრჩეთ. ამას წინად, სრულიად განსხვავებული შეფასების გაცნობის შესაძლებლობაც მომეცა. მეგობრის მეშვეობით მოქალაქე მირიან მირიანაშვილის ერთ სტატუსს გავეცანი. 26 ივნისს, ის წერდა:

ცხადია, ჩასაფრებული თვალი აქ რამე პროსახელისუფლებო ნარატივს უთუოდ გამონახავს, მაგრამ ფაქტია - ხალხის რაღაც ნაწილი, ასე მიიჩნევს და ამისთვის, სულაც არაა საჭირო, ან აუცილებელი „ოცნების“ მხარდამჭერობა. ანუ, რაღაც საერთო სახალხო კონსესუსზე საუბარი, თვით რუსეთის ირგვლივაც, ეგებ გადაჭარბებულიცაა, როგორც, თითქოს, ბოლო წლებმა გვაჩვენეს. აკი ხალხი, რომელიც შეხედულებებს, რომლებიც გააჩნდათ, ახლაღა ავლენენ.

ხვდებით, რომ წინააღმდეგობა „პოსტბიძინურ ხანას“ უკავშირდება და, მათი გზით, ამომრჩეველს. და სიმართელე რომ ითქვას, ნებისმიერი მცდელობა განხეთქილებისა, ან წინააღმდეგობებზე აპელირებისა, მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფას ჰგავს.

ეს ერთი და იმავე სახეების გამუდმებული ცქერა, მართლაც ყელშია ამოსული და რაღაც ახალ ძალებზე უკვე რახანია ვსაუბრობთ... ისე, ველოდი, რომ ამგვარი ძალის კონტურები, სწორედ ამ ტალღაზე გამოიკვეთებოდა და ეგებ ასეთი რამ მართლაც მიმდინარეობს, მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ მომცულობაში, სახეზე ამჟამინდელი აქტორები გვყავს და მათი ერთიანობა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ახლა, უკვე უშუალოდ პატივცემული დიღმელაშვილის მისამართით მსურს ვიკითხო: ანუ, თუ კი მე ვთვლი, რომ გახარიას მოთხოვნას კი არა, რიგგარეშე არჩევნებს უნდა ვითხოვდეთ, მიტინგზე აღარ მოვიდე, თუ რისი თქმა სურს? ნუთუ მიაჩნია, რომ მთელი ქართველი ხალხი, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანია? ან იქნებ მიაჩნია, რომ სამართლიანი აღშფოთებაც მხოლოდ მათში გამოიწვია ამ ყოველივემ და, შესაბამისად, მხოლოდ მათი შეხედულებების თანაზიარნი სარგებლობენ რაიმე „ექსკლუზივით“? ცხადია, მჯერა, რომ ის ასე არ მიჩნევს და მაშინ, ლოგიკურია, როდესაც საქმე დიფერნეციაციამდე მივა, მეტი თავშეკავებისგან მოვუიწოდო. ისე, ამ ეტაპზე მაინც, ჯობს აქამდე საქმე არ მივიდეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბატონ დიღმელაშვილს არ მოუხდენია მკვეთრი იდენტიფიკაცია იმისა, თუ ვისი სახელით საუბრობდა. „ხალხი“, „აქ შეკრებილი საზოგადოება“ და ამგვარები, ასეთი განცხადებისთვის დასაშვებზე ზოგადი განსაზღვრებაა.

ეგებ რამე ჯგუფი შეიქმნა და მე გამომრჩა? ასეც და ისეც, დიღმელაშილს ამის უფლებაც აქვს და ვნახოთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი უმნიშვნელოვანესი მარში.

ისე კი, „სათადარიგო ვარიანტად“ ახლახანს „აღმოჩენილი“, ერთი მეტად საინტერესო შესაძლებლობა განიხილება. სიმართლე გითხრათ, მისი მოსვლის დღიდან, მისგან წასვლას ვითხოვ და არ მეგონა, თუ რაღაც ვითარებაში მისი გადაწყვეტილება გამახარებდა. დიახ, არის საკანონმდებლო „ფანჯარა“, რომლიც სალომე ზურაბიშვილს აძლევს შესაძლებლობას, დაითხოვოს პარლამენტი. მაგრამ ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება სრულფასოვანი პოლიტიკური ნაბიჯის წონა, თუ კი კრიზის თავად ხელისუფლება შექმნის. ანუ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, აწყობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნები ახლავე. არსებობს მოსაზრება, რომ რიგგარეშე არჩევნები, ყველაზე მეტად სწორედაც რომ მისი ინტერესია, ვინაიდან „ოპოზიცია შეიძლება არ აღმოჩნდეს მზად “.

ეგებ სწორედ ესაა „ევროპელების“ მამოძრავებელი, რადგან ამჟამად, მათ ბაქრაძის ნაჩვენები 10% აქვთ და ეს კი, მგონი, სამ პატარა ფრაქციასაც არ ნიშნავს. ასე რომ მათი სტრატეგია ახსნადია. ახლა, მთავარია, დიღმელაშვილმა აქციაზე მისვლის უფლება დაგვრთოს.

 
 
 

Commenti


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page