მესტუმრე
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 12, 2019
- 1 min read
Updated: Jul 29, 2019
უჩიჩინეს, ამოუტენეს ყური და გონება... ისიც, ისედაც ეჭვიანი და მალემრწმენი იყო და, დაიჯერაო. ისნის ციხეში დაამწყვდია. და ბოლოს, მოაკვლევინა. ერთ კვირაზე მეტ ხანს, რიყეზე ეგდო იმ საბრალოს ხრწნადი გვამი და დამარხვას ვერ ბედავდნენ. ბოლოს, შეიკრიბა ქალაქის ზეპური საზოგადოება - ყველა, ვისაც მისგან სიკეთე ახსოვდა და მისგან გამწარებულიც - ვინც მეფეს ყური ამოულესა ჭორით;
ვინც იხელთა დრო და, ჯიგდა-ხათუნის ჩატკეპვნის შემდეგ, მოახდინა მოსახდენი. მოკლედ, ყველა ყროლს შეეწუხებინა. ეაჯნენ მეფეს, მიწას მივაბაროთო. ბოლო-ბოლო, დაითანხმეს.
ეს შუასაუკუნეების საქართველოს ერთი ამბავია - საქართველოს მეფე, დავით ულუსი და მესტუმრე ჯიქურისა

აღარავის ახსოვდა სიკეთე, რომელიც ამ დაბალი რანგის, თუმცა გადიდკაცებული მოხელისგან ჰქონდა.. და ყველას ბევრად მეტი წყენა ჰქონდა ბოღმით სავსე გულში, ვიდრე რეალურად ზიანი მიადგა - ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ ამ ქართულ Story-ის, ცხადია ეროვნული საკმაზი აქვს.
ბათო-ყაენთან დაბარებულმა დავით ულუმ, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება მწიგნობართუხუცესის (უმაღლესი კანცლერი, და არა პრემიერმინისტრი, როგორც ზოგჯერ შეცდომით ასახელებენ) და დიდი დარბაზისთვის მიებარებინა, დედოფალსა და დაბალი რანგის მოხელეს, მესტუმრე ჯიქურს მიანდო.
ჯიქური დიდად დახოლოვნებული, მარიფათიანი კაცი აღმოჩნდა და მალე, მის დაუკითხავად, ქართული ზღაპრისა არ იყოს, მცირე პერიფრაზით, ჩიტი ვერ დაიჭიკჭიკებდა.
და ეს „აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი“, ანუ მაშინდელი ქართული არისტოკრატიული ელიტა, ერთხელაც მიხვდა, რომ ყველას ფეხებზე ჰკიდია მისი რვაასი წლის გენეოლოგიური ხე - მონღოლურ სარდლობასთან, ბასკაკებთან და სხვათა „დიდთა თუ მცირეთა“ აჯის ყურამდე, გზა მესტუმრე ჯიქურზე გადიოდა და ჯერ მისი წყალობა გხლდათ „დასათრევი“.
ჯიგდა-ხათუნი, საქართველოს დედოფალი, ფარად ედგა და ჯიქურის მდაბიური კისრის მოგრეხა, რთული საქმე იყო - ხათუნს სულ ცოტა, ერთი ნოინი ეყენა, თავისი ბევრით (ბევრი - 10.000 ძველქართულში) მაგრამ ელიტას ხელთ ეკავა ერთი უბასრესი იარაღი - ჭორი.
და ერთიც ნოყიერი ნიადაგი - მჩატე მეფის მალემრწმენი ბუნება.
ბუნებრივია, ვხდები, რომ პარალელები უკვე თქვენც გაავლეთ და ის იქნება ისევე მრავალფეროვანი, როგორც თავად საქართველოა.
Comentarios