top of page

მეფისტოლა ეპისტოლე

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. გასაკვირიც რაა - სწორედაც რომ ყველას გულის კარი უნდა შეაღოს, მაგრამ ჩვენში ესეც კი დაპირისპირების, აზრთა ჭიდილის ასპარზედაა ქცეული და, პრინციპში, ახალი აქაც არაფერია. მაგრამ უბედურება ეს არ გახლავთ - ეგებ ნათქვამის შემეცნების უმოკლესი გზაც ეგ იყოს.



მაგრამ საქმე, ჩვენდა სამწუხაროდ, სულ სხვა გახლავთ და მისი ფესვიც გაცილებით ღრმაა, ვიდრე ეკლესიის წინააღმდეგ „მებრძოლი“, უშეხედულებო ელემენტები წარმოაჩენენ. ჭირი, რომელიც ვმალეთ, თავს აღარ მალავს - საქმე ბევრად ცუდად გვიდგას. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე ნიშნით ეს პროცესი იმ წყებიდან გამოვაცალკევო, რომელიც პრობლემურ საკითხებს მოიცავს. ეს თემაც ერთია იმ ათასიდან, რომელიც ლოდად გვაწევს. განსჯა და ბაასი, ცხადია, ბევრი შეიძლება, მაგრამ ახლა სხვა რამისადმი ყურადღების მიქცევას გთავაზობთ.

მიმაჩნია, რომ წელსაც, ისევე, როგორც ბოლო ათწლეულებია, პატრიაქრის სიტყვებში გამოჩნდა მთავარი პრობლემა

საქართველოს სამღვდელოება მრევლს ახლისკენ და ახლებულრად კი არ მიუძღვის, არამედ ძველი ლექსიკით ცდილობს დაიცვას, ის, რაც არის. ხოლო ის, რაც არის, ვერ პასუხობს ვერაფერს, რასაც უნდა პასუხობდეს. საქართველოს საპატრიარქო არაფრით ავლენს მზაობას, თავი ამ დამდგარი შედეგების თანაავტორად გამოაცხადოს და, ტრადიციულად, იმას, რაც თავად ვერ დაძლია, ჩვენგან დაუძლეველ ამოცანად გვიცხადებს

და საერთოდ, უკვე აღარავინ და ვეღარავინ მალავს, რომ ეკლესია უფრო ჰკარგავს ავტორიტეტს, ვიდრე მოიპოვებს, არა თუ ზრდის მას. ეს განაპირობა იმ სენთა შორის მთავარმა, რომელიც შეგვყარეს. და ეს სენიც, არაფრით გაცალკევდება იმ ზემოხსენებული წყებიდან - კომპლექსში და კომპლექტაციაშია ამ თავდაუმალავ ჭირთა „კიდობანში“. მოდით, ცალი თვალი წარსულს შევავლოთ, რათა სწორად განვსაზღვროთ სენი იგი. უფრო კი მისი ერთი გამოვლინება, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველობას და ეკლესიას მათსას შეჰყრია. ჯერ კიდევ წარმართობის ეპოქაში, ქურუმთა ფენა იმიტომაც იყო ის, რასაც წარმოადგენდა, რომ ცოდნა ჰქონდა - ის, რაც არ გააჩნდა ჩვეულებრივ მოკვდავთა მილიონებს. რიტუალისა და მსგავსთა გარდა, თუნდაც სააქიმო საქმის ცოდნა, ასტრონომიისა, ასტროლოგიისა, რაც მუდამ იყო ინტერესის სფერო, და ბოლოს, თუნდაც მეტალურგიისაც, სადაც საიდუმლო „იდო“ ღადარში და სწორედ მღადვრელი გახდა მღვდელი. შემდგომ ამისა, ქრისტიანულ ეპოქაშიც, ანალოგიური სურათი შეიქმნა - სამღვდელობა, განსხვავებით მრავალრიცხოვანი მრევლისგან, იყო წიგნიერი. მრევლი კი, გამომდინარე იქიდან, რომ წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ, ღვთის სიტყვის მოსმენასა და შემეცნებაში სრულად დამოკიდებული იყო მღვდელზე, რომლისგანაც ჯერ წაკითხული უნდა მოესმინა, შემდეგ კი განმარტება.

და კიდევ, სხვაგანაც და ჩვენშიც, მეტი თვალსაჩინოებისათვის, კედლებზე ცალკეულ ბიბლიურ სცენებს თუ ახალი აღთქმის ეპიზოდებს უხატავდნენ მასებს - გონების თვალისა და წარმოსახვის უკეთ გასახსნელად.

მოკლედ, დღეს, ფრესკები კი ჩვენი სიმდიდრეა, მაგრამ იმ დროში, სავსებით პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ. ყველაფერმა ამან, განაპირობა ეკლესიის, როგორც სოციალურ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლანდშაფტში ცალკე ობიექტად (გნებავთ, მოთამაშედ) ჩამოყალიბება და გაძლიერება.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ საქართველოს ისტორიას ახსოვს დრო, როდესაც ჯორზე ამხედრებული იერარქი, მეფის წინაშე არა თუ დაქვეითებას თვლიდა საჭიროდ, არამედ მისთვის ცხვირ-პირში წიხლის მირტყმასაც ბედავდა - სწორედ ამას აღწერს ჯუანშერი, როდესაც ვახტანგ გორგასლისთვის „კბილის შემსუვრის ამბავს“ მოგვითხრობს. შემდეგ, მოვლენათა დინებისთვის კალაპოტი გამოიცვალა - იმავე გორგასლის დაწყებული მეცადინეობით, მოვიპოვეთ ავტოკეფალია, კათალიკოს-პატრიარქობა, მცხეთაში მირონის ხარშვის უფლება და მეფის მცხეთაშივე მირონცხება.

ეს უკვე სულ სხვა „კლიმატი“ გახლდათ და ეკლესია არც აქ ჩამოუშორებია ვინმეს - მცდელობაც კი არ ყოფილა ამის - ის აღქმული იქნა, და წარმოადგენდა კიდეც, სახელმწიფოს ბურჯთაგანს. მოგვიანებით, ბიზანტიურ სამყაროში დაწყებული ხატმებრძოლეობა, ჩვენთან მოკიდებული ნესტორიანიზმი, ზოგადად, საეკლესიო კრებები და განხეთქილებები; მონიფიზიტობა და დიოფიზიტობა.. დიდი ყანყალის ეპოქა იყო, მაგრამ სადღაც ასურელ მამათა კანდელიც ღვიოდა და გადასარჩენი, გადარჩა.

გადიოდა საუკუნეები, გროვდებოდა არა მხოლოდ სულიერება, ან მატერიალური სახსარი, მრავლდებოდა არა მხოლოდ მრევლი და სამონასტრო ცხოვრება, არამედ ცოდნაც და უკვე მოგვიანებით, ეკლესია და სამონასტრო კერები განათლების ადგილად მოგვევლინა - ამის დასტურად, გელათისა თუ იყალთოს აკადემიებიც კმარა. კიდევ არა ერთი პროცესი იყო და ისინი ყველას გვახსოვს. საბოლოო ჯამში, სამღვდელოება ჩვენი საზოგადოების უგანათლებუყლესი ნაწილი გახდა და ასეთი გახლდათ იმ ავბედით დროშიც კი, როდესაც მართლმადიდებლობა ეული სანთელი იყო წვდიადში და არა ჭაღი მანათობელი. დღეს სურათი სახეცვლილია. და თუ მხოლოდ ამის გამო არა, მეტწილად კი დანამდვილებით, რუსული გავლენით - სწორედ მისი, ვინც შემნახავად და პატრონად მოვიწვიეთ. დღეს, თითოეულ ჩვენგანის ცნობიერებაში, ეს მავნე გავლენა კედლების შეთეთრებაში, ეგზარხოსებსა და მშობლიურ ენაზე ღვთის მსახურების აკრძალვაში, დევნაშია „აკუმულირებული“ - ჩვენში ამასთან ასოცირდება, ასე გამოიხატება. და ეს ძალიან ზედაპირულია, ისევე, როგორც სხვა არა ერთი საკითხისა თუ საგნის ფლობა.

ცხადია, ამით არაფერი დასრულებულა. შემდეგ, სულაც, სამოცდაათწლიანი უღმერთობა დააყენეს და ვითომც და საბოლოოდ მოსპეს სულიერება, მაგრამ მერე, როდესაც ახალ რეალობას ახალი ინსტურმენტები დაჭირდა, ძველი ააღორძინეს.

დიახ - ააღორძინეს და ეს სიტყვა, აქ ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე, ვინაიდან რუსთათვის და მათი იმპერიისათვის, ჯერ კიდევ პეტრე პირველიდან მოყოლებული, ეკლესია სახელმწიფო აპარატის ნაწილია და არა დამოუკიდებელი ისნტიტუტი პატრიარქი ჩინოვნიკია და არა მწყემსი

და მაშინ, ასი წლის წინ, როდესაც, თითქოს და პირველად, დავაღწიეთ ამ მანკიერ არეალს თავი, საქმის საშველიც ჩანდა და მაშველიც - იყვნენ ამბროსი ხელაიას, კირიონ საძაგლიშვილის და სხვათა მსგავსთა დარი მწყემსები. აი, ჩვენ კი, ჩვენი პლეადა - მეორე ქართული რესპუბლიკის დამფუძნებლები აღვმოჩნდით ძალიან არახელსაყრელ სასტარტო პოზიციაზე. საუბრები გამრავლებულ ეპარქიებზე, მინიმუმ აუდგილოა, ისე კი უტაქტო - მათი რაოდენობის ზრდა, სულიერებას დიდად არ დაეტყო და ცალკეულთა მატერიალურ მდგომარეობას, აშკარად დააჩნდა.

ერთი სიტყვით, დღეს არავინა გვყავს ჩირაღდნად. ვინც გვყავს, მას, ცხადია მეტი ესმის, ვიდრე ჩვენ და უფალთანაც, ცხადია გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი, მაგრამ ის თავისი დროის „პროდუქტია“ და ოპერირებაც, ერთგვარი იცის. ასაკიც თავისას აკეთებს და ხშირად, რაღა დაგიმალოთ და, უფრო მძევლობაში მგონია, ვიდრე მმართველობაში. აკი სახელებიც სახელდება და ისიც მკაფიოდ ჩანს, რომ აფთრები, სვავები და ათასი ჯურის კონდორი უკვე დასტირალებენ „ნადავლს“ და ელიან, რათა ეცენ და დაისაკუთრონ. სუფთად რუსული მიდგომაა და იმის ნათელი დასტურიც გახლავთ, რომ „პრავასლავნიკობას“ მართლამადიდებლობა ჩაუნაცვლებია.

და ეს რუსული „ღწვა“ მართლმადიდებლობისთვის სულის ამორთმევა კი აღარაა, არამედ მოწალმლული „საკვებით“ კვლავაც და კვლავაც „კვება“ მსვერპლისა. ამისთვის, მას კარგად გამოზრდილი, ნაჩვევ-გამაძღარი გავლენის აგენტები ჰყავს. დიახ აგენტები, ვინაიდან, როდესაც მეუფედწოდებული სპირიდონის მსგავს ელემენტს მეუფება და მრავალათასიანი მრევლი „აქვს“, ის გავლენის აგენტია!

და ახდენს კიდეც მას, ყველა ხელმისაწვდომი გზით.

და რა არის ის, რაც განასხვავებს მას ჭეშმარიტი მწყემსისგან? ის „პრავასლავნიკია“ - მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი. და ვინაიდან საქმიანობს უცხო სამწყსოში, ის ემისარია. „პრავასლავნიკობა“ კი აი, ეს გახლავთ:

შენ ხარ ჭიანჭველა და არავინ არაფერს გეკითხება. გეტყვიან - მარჯვნივ! და შენ, მიდიხარ მარჯვნივ. და ასე, ცხოვრებისა და ყოფიერების ყველა სფეროში. უფლის წყალობა, საჩუქარი, რასაც ნების თავისუფლება ჰქვია, გაუქმებულია! შენს მაგივრად, ყველაფერი გადაწყვეტილია. ხოლო როგორაა გადაწყვეტილი, ამას „ბაწიუშკა“ გეტყვის

რა ნაცნობი მეთოდოლოგიაა, არა?

ხომ ყველა ვხედავთ, რომ ამას, არა თუ ცალკეული იერარქები, ყველა რგოლის წარმომადგენლები ერთგვარ „სავალდებულო პროგრამად“ თვლიან და ასეა იმიტომ, რომ მათ ხელში, მათივე მრევლის გამოისობითაც, ესეც უნდა ითქვას, ეს ძალიან ეფექტური იარაღაია.

ამის საპირისპიროდ, ქართული მართლმადიდებლობის დვრიტა, რომელიც, როგორც წესი და აზროვნების კატეგორია, ლამისაა აღარსად გვხდება, შემდეგია:

მეძიებდე და მპოვებდე. ანუ, კი არ მიგულისხმო, რომ ყველგან ვარ, არამედ მეძებე და აღმომაჩინე, რადგან ვარ კიდეც ყველგან. ხოლო ამის გზა, მხოლოდ შემეცნებაა და არა ბრმადმიმდევრობა, ცრურწმენა.

დიმიტრი მენდეელეევი ჯერ ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ტაბულის შემქნელია ყველასთვის და მხოლოდ მერე, მოაზროვნე.

ის ბრძანებს:

რწმენის ხელშეუხებლობა დაუშვებელია - ის რელიგიის საფუძველია. ხოლო ნებისმიერი რელიგია ჩვენში, უხეში და პრიმიტიული ცრურწმენაა. ცრურწმენა კი იმის დაჯერებაა, რაც ცოდნით არ არის გამაგრებული

ერთ მაგალითს მოვიხმობ, ძალიან პრიმიტიულს, თუმცა კარგად კი დაგანახებთ, რისი თქმა მსურს. სააღდგომო კვერცხის ფერთან დაკავშირებული კამათი გქონიათ? ან შესწრებიხართ ამგვარ პოლემიკას? ეს, არათუ წყლის ნაყვაა, არამედ ყალბი აქცენტით ძირითადი საკითხისგან განშორება, ვინაიდან ვცდილობთ არა ღვთიური მინიშნების გააზრებას, არამედ ვდაობთ შეფუთვაზე..

- ვიდრე ეგ კვერცხები გაწითლდების..

თუ რა ამოიძახა იმ უბედურ დღეზე გაჩენილმა, მარიამ მაგდალინელის ძვღენისა და ამბის მაცქერალ-მსმენელმა?

და ასეთივე წარმატებით, მას შეეძლო ეთქვა გალურჯდება.

და ჩვენ ამას დავუკავშირებდით ზეცას.

გამწვანდება. - და დღეს, ამოტენილი ვიქნებოდით მწვანისა და, ზოგადად, სიცოცხლის ურთიერთკავშირითა და პარალელებით.

წითელი შესძახა მან, ფერის დასახელებად.

და უფალმაც იგი აღასრულა, ვითარცა ყოვლისშემძლემ.

ჯვარცმა, სისხლი და სიკვდილი?

სისხლი და წითელი?

სიმბოლიზმი - დიადი სიმბოლიზმი. და არა უმეტეს ამისა. ანდაც, რაღაა დიადზე უმეტესი როო?

კვერცი, ვითარცა სიმბოლო სიცოცხლის დაბადებისა - ღვთიური ჭურჭლისა, სადაც ის, რაც იყო მდარე, თხევადი თუ მყარი, მკვდარი, იწყებს სიცოცხლეს!

ტრადიციულად, ჩვენ მოვისმინეთ ათეიზმის შესახებ წუხილიც. ახლა მაინტერესებს: ეს ათეისტობა როგორ დგინდება? გამოკითხვით? არ მახსოვს, ვინმეს ჩაეტარებინოს. მაშ, სხვაგვარად როგორ? მხოლოდ იმ ნიშნით, თუ ვინ ემორჩილება მავანი მღვდლის მითითებებს, მსჯელობებს.. აბა, ათეზმის ზრდას უნდა ველოდოთ, ვინდაიდან საქართველოს სამღვდელოება, უმეტესად უწიგნურია.

ისე, ესეც მაინტერესებს: აი, ეს დასახელებული ათეისტები, იმ თავისი ხუთი გრძნობით და სულიერების უცოდინარობთ.. ისინიც სამწყსო არიან? თუ ამაშიც არ ვბაძავთ უფალს და სიყვარული ჩვენში სეგრაგირებულია? არა, ცხადია, არა. - სიტყვით მაინც, ყოველ შემთხვევაში. მაგრამ მაშინ ვინღაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მისი სამწყოსოს ცხორებმა არ იციან სულიერი ცხოვრება? ვინმემ გეზი მიუთითა? თუ მიახალა, შენ არავინ გეკითხება, დაგვემორჩილეო?

ვინ შეჰბედა? - ცხადია, ეკლესიამ.

მაგრამ როგორ მოხდა ეს?

ან, თქვენ გკითხავთ, მეგობრებო: რა სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ, დღევანდელი ქართველები?

„ოღონდაც და სახელმწიფო“-ს? თუ ახალ ქართულ სახელწმიფოს, რომელიც ერის ნებასაც შეესაბამება და დროის შესაფერიც არის?

იცით, იყო დრო, როდესაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ჩემთვის ეროვნული იდენტობის საკითხი იყო. მე ვკმაკოფილდებოდი იმითაც კი, რომ საქართველოში პატრიარქობა იყო და კათალიკოსის ტახტი იდგა.

ის, რასაც დღეს საქართველოს ეკლესიაში, მის წიაღში, მის ირგვლივ ვხედავ, ვერაფრით იგივდება ახალქართულთან. იქ, საიდანაც პროგრესი უნდა მოედინებოდეს, რეგრესი დაგუბებულა. რამდენი მაგალითი გნებავთ? ვიცი, ეს ერთიც იკმარებს: მისი უმიკიტნესობა ჩამობრძანდა?



תגובות


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page