top of page

„მნათე“

Updated: May 13, 2019

გუშინ, ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ რუსეთი არ გახლავთ ოკუპანტი. მეტიც, ის განმათავისუფლებელია და მალე არა თუ საქართველოს, არამედ მთელს კაცობრიობას გაათავისუფლებს. ნუ, მე თუ მკითხავთ, საქართველოს და კაცობრიობის გათავისუფლება, მხოლოდ რუსეთის ძირგამომპალი იმპერიის სიკვდილითაა შესაძლებელი და, პრინციპში, წინააღმდეგი არ ვარ. გუშინ, რუსულ ტელეკამერებთან დაჩოქილი ჯამბაზიც ვნახეთ, რომელიც ოლიგარქთა იმპერატორს ხსნას ევედრებოდა. მინდა გითხრათ, ამასთან დაკავშირებით სათქმელი აქ იწურება და თუ კი ვინმე ამგვარი ჯგუფებისა თუ ცალკეული ადამიანების შესახებ მსჯელობას ელის, შემცდარა, ვინაიდან მათზე, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, მხოლოდ ამის თქმაა შესაძლებელი: ისინი ხვდებიან რასაც ჩადიან და მტრის სამსახურში დგანან, ან ვერ ხვდებიან და აქ, უკვე მედიცინაც უძლურია.

ესეც, მთელი მსჯელობა. მე სხვა რამ მსურს აღვნიშნო: მიიჩნევს თუ არა რუსეთს ოკუპანტად საქართველოს ამჟამინდელი ხელისფლება - არა სიტყვით, და განცხადებით, არამედ საქმით. და აქ, საქმეში იმ რაღაც ყალბ და, რეალურად, არაფრისმომცემ აქტივობებს არ ვგულისხმობ, რომელთაც სხვა და სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სცენებზე ვაკვირდებით.

განცხადებები, რაღაც სხდომებში მონაწილეობა და ამგვარები, ხელისუფლებაში მყოფთათვის „აუცილებელი პროგრამაა“, მაგრამ ამის პარალელურად, არა ერთი პროცესია, რომელიც დიამეტრალურად სხვა ტენდენციას თუ მიდგომებს ავლენს.

ბუნებრივია, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა თუ სხვა სტრატეგიული მიმართულებების რუსეთის უკანა ეზოდ ქცევა, თავისით არ ხდება. და როდესაც ვამბობ - უკანა ეზო, მხედველობაში მაქვს ისიც, რომ ეზო უკანაა და შესაძლოა იყოს არა თუ მოუვლელი და გაუთიბავი, არამედ დანაგვიანებულიც - აკი უკანაა და მაინც არა ჩანს. ანუ, არის დარგები, სადაც რუსეთისთვის კარი გაპარმაღებულია და არის მიმართულებები, რომელიც რუსეთს არც თუ დიდად აინტერესებს, მაგრამ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი და ე. ი. უნდა ჩაჭკნეს. აქვე, ამის მსგავის ფაქტების პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მცირე, თუმცა ძალიან ნიშანდობლივ ელემენტებს, რომელიც არა თუ მტერთან, მის ბიზნესწრეებთან და გავლენის აგენტებთან ე. წ. чашка-ложка-ს მოწმობს, არამედ საოკუპაციო ძალებთან პირდაპირ თანამშრომლობასაც, თუ მთლად ოდრიკალად მოკეცვას არა.

ეს ვიდეო ბევრს გვინახავს ლაშა ბერულავამ და მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელეს.

რაღაა საჭირო ზემოთქმულის დასამტკიცებლად? ცხადია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებების მცდელობებიც და, მათ შორის იმგვარად ცინიკურიც კი, როგორიცაა - აბა მაშინ ადგებიან და დაიკავებენ ქვესადგურს.. ანდაც, ასეთი: თუ დენის მიწოდებას შევწყვეტთ, ამით დამოუკიდებლად ვაღიარებთ და იქ ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებზეც, მოვიხსნით პასუხისმგებლობას.

არგუმენტია? მე ასეთად არ მეჩვენება და როგორც უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება - ოკუპაცია ნათდება ჩვენს ხარჯზე.

ამგვარ ფონზე, მოქალაქე კობახიძის განცხადება, რომ რუსეთის გავლენა შეუქცევადად მცირდება და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურება გახლავთო, არის უტიფრობა, მაგრამ უპრეცედენტო და გაუგონარი არა - უფრო, ტრადიციული - ეს უტიფრობა, უაპელაციობა და საკუთარი სისულელისა თუ მოღალატეობრივი პოზიციის უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად გასაღება, უკვე ერთგვარი სტილია, რომელსაც ეს იდნდივიდი განუხრელად იცავს.


„თქვენ ხედავთ...“ - ასე დაიწყო აღნიშნული განცხადება კობახიძემ. სად? რას? მეგობრებო, ხედავთ რაიმე ამგვარს?

უფრო პირიქით - რუსეთის გავლენა ემჩნევა ყველაფერს და ყველას, კობახიძის ჩათვლით. პრინციპში, ძალა აღმართს ხნავს, ცნობილი ამბავია, მაგრამ ასეთ ვითარებაშიც შეიძლება შეინარჩუნო არა თუ სახე, არამედ რაღაც მეტიც. მაგრამ ამას სახელმწიფო აზროვნება ჭირდება და კობახიძის ჭუჭრუტანიდან დანახული, საკმარისი არაა. ეს ადამიანი, ქართული ანდაზის ის მნათეა, რომელიც მხოლოდ თავისი სამრეკლოდან იცქირება და რასაცა ხედავს, სამყაროც ეგა ჰგონიაო. ამ ყველაფერმა გამახსენა და თქვენც შეგახსენებთ: როდესაც ქვეყნიერებას არაბული ექსპანსია დაატყდა თავს, საქართველოში ერთიანი მეფის ხელისუფლება არ არსებობდა და დანაწევრებულ საქართველოს, თითქმის არ ჰქონდა მეტ-ნაკლებად ღირსეული წინააღმდეგობის გაწევის უნარი. არც არვის ჰქონდა მაშინდელ მსოფლიოში და 800 წელიც „იკოტრიალეს“ ესპანეთში, ვიდრე დედოფალმა იზაბელამ არ ივარგა. აქ მოსულებს, ჩვენებმა რაღაც ორაზროვანი ტექსტი შეუთაველს - კაცი ვერ გაიგებდა არა ერთგზის ნახსენები შემოქმედი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ისლამისა და ღმერთის მუჰამედური გაგების აღიარება იყო, თუ ერთადერთი ჭეშმარიტის შესხმა. მაგრამ აქ და ახლა, ეს არაა საინტერესო. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ, ქართველებმა არაბები მოლაპარაკების მაგიდასთანაც დაისვეს. შედეგად, ძალიან ზედაპირულად რომ ვთქვათ, ოკუპაცია ამგვარ სახეს ატარებდა: ე. წ. „მალი“ უნდა გვეხადა - კომლიდან, ერთი მოჭრილი გადასახადი. ჩვენ კომლების გაერთიანების უფლება არ გვქონდა, რათა ერთ ჭერქვეშ მოქცეულ ათ ოჯახს, ერთისა არ ეხადა. ხოლო არაბებს კომლების დაყოფის უფლება ერთმეოდათ, რათა ამ ხელოვნური გზით, გადასახადის გაზრდა არ შეძლებოდათ. 1300 წლის წინ, დაქუცმაცებულ, უმეფო საქართველოში აღმოჩნდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი და ამის დასტური იგივე იოანე მარუშისძეა, რომლის გამჭრიახობამაც, საბოლოოდ, ახალი ათასწლეულის დადგომასთან ერთად, ახალი საქართველო - ბაგრატ მესამის სახელმწიფო წარმოშვა. XXI საუკუნე, ხო? ისა და, „სალდათების“ ხელფასი და რუსული ოკუპაციის სხვა ხარჯები ბიტქოინით ხომ არ გადაგვეხადა?


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page