top of page

მოგუდე ნელა

ანაკლიის ირგვლივ, ვნებათაღელვა არათუ დაცხრა, არამედ მომძლავრდა კიდეც, ვინაიდან ის, რომ მას გეგმაზომიერად და ნაბიჯ-ნაბიჯ გუდავენ, ცალსახა და მკაფიო გახდა. „კონტი-ჯგუფის“ წასვლაც ამის ცხადი სიგნალია. მე არ ვიცი, მიჰყვება თუ არა მას მეორე ამერიკული გიგანტი, მაგრამ, ფაქტია, დღეს მხოლოდ რუსულ ინტერესზე უკვე აღარ საუბრობენ - ღრმაწყლოვანი პორტის კონტექსტში, ამერიკასთან სავაჭრო ომში ჩართული ჩინეთის სახელმაც გაიჟღერა. თუმცა, ვიდრე ამ შესაძლებლობაზე ორიოდ სიტყვას მოგახსენებდეთ, ContiGroup-ის თემას მივუბრუნდეთ. აი, რა განაცხადეს მათ:

„რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება: ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროექტის მიმართ მხარდაჭერა ვერ იგრძნო და გადაწყვეტილებაც მიიღო“..

ამას ხაზი უნდა გაესვას: დღეს საქართველოს ხელისუფლების ნეგატიურ როლზე მხოლოდ ოპოზიცია კი არ საუბრობს, ან ექსპერტთა დამოუკიდებელი ფრთის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ გიგანტური ამერიკული კომპანია.

„ოღონდ გაკეთდეს და რა მნიშვნელობა აქვს რა ქვეყნის, რომელი კომპანია იქნება წარმოდგენილი“ - ეს პოზიცია გსმენიათ? ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საკითხის არსში ჩაუწვდომლობაა. საქმეც ხომ ეს გახლავთ, რომ აქ სწორედ და მხოლოდ დასავლური კაპიტალის ჩართვაა საქართველოს ამჟამინდელი ინტერესი. დასავლეთს კი აქ, ყველაზე მსხვილად შტატები წარმოადგენს და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეც ეგაა, სხვა ყველაფერს თავი რომც გავანებოთ. აკი განაცხადა კიდეც სახელმწიფო მდივნამა პომპეომ, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში:

„ამერიკის შეერთებული შტატები იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ.“

ჩინეთი და რუსეთი - ერთად და ცალკეც. ისმის კითხვა: მაშ რაში გამოიხატება პროექტის მოგუდვა, თუ კი ის მაინც ამოქმედდება, ოღონდ ჩინეთის და რუსეთის მონაწილეობით, ან მხოლოდ რუსეთის, ან ჩინეთის - ცალკე.. თუ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს იმ სახით, როგორც ეს თითოეულ ჩვენგანს წარმოგვიდგენია, მაშინ იქ ამ ორი სახელმწიფოს ადგილი არაა. ნუ, ყოველ შემთხვევაში, რუსეთი, საერთოდ, როგორც მსგავს ინიციატივაში მონაწილე, არავის ეპიტნავება, ამას საყოველთაოდ ცნობილი მიზეზი აქვს უშუალოდ ანაკლიასთან მიმართებაშიც, მისი ინტერესი სრულიად შეუნიღბავია - ან არ უნდა მოქმედებდეს, ან უნდა მოქმედებდეს მისი კონტროლით. ხოლო ჩინეთის მონაწილეობა, მხოლოდ როგორც კლიენტის გახლავთ დასაშვები და ამ პროექტის სტრატეგიულობა ამაშიც მდგომარეობს - საქართველო, როგორც ხიდი აღმოსავლური გიგანტისთვის ევროპის 500 მილიონიანი ბაზრისკენ. ოღონდ, ხაზგასმით ვიმეორებ - ჩინეთი, როგორც საქართველოსა და კოსნორციუმის კლიენტი და არა მფლობელთაგანი, რადგან ჩვენ უკვე ვხედავთ რას წარმოადგენს ე. წ.

ჩინური რბილი ძალა - თებერვლის შემდეგ ე. წ, „აბრეშუმის გზაზე“ სრული კოლაფსია. რა აერთიანებთ ამ ორ გიგანტს ამ კონკრეტულ პროექტში და ზოგადადაც? ეს ამერიკისადმი დამოკიდებულებაა. ამდენად, დასკვნა რომელიც სულ მუსირებს, კვლავ აქტუალურია: საქართველოს შანსებს თავი დააღწიოს მონობის, სიდუხჭირის, დამოკიდებულების გალიას, რეალიზება არ უწერია იმ დრომდე, ვიდრე ქვეყნის მართვის სადავეებს, ესოდენ უდიერად ვეპყრობით და ვიგინდარათა ბინძურ ხელებში ვავანებთ.

„ოცნების“ თავგადაკლულ მხარდამჭერებს, რომლებიც მრავლათა მსგავსად, ვითომ გონს მოეგენ, მაგრამ, რეალურად ეს პოზაა და სინამდვილეში, ორივე ხელის ათი თითით და 32 კბილით ჩაბღაუჭებიან „მწყალობელ ჯიბეს“, ამას ვთხოვ: ნუ ეცდებით აგვიხსნათ, რომ პროცესებს არა ქვეყნის ინტერესებით აღძრული ადამიანები, არამედ მერკანტილური ამოცანების, გამორჩენის მაძიებლები მართავენ, ვინაიდან, ეს მდგომარეობა, სწორედ იმიტომაც შეიქმნა, რომ თქვენ, როდესაც საჭე მიაწოდეთ, საკუთარი მერკანტილური ინტერესებით ხელმძრავენლობდით, და ქვეყნის ინტერესებს, სულაც არ ჰყავდით აღძრული.

ახლა ერთადერთია გასარკვევი: საქართველოს ისევ ქართველთა ერთი ჯგუფი დაღუპავს, თუ ამჯერად მთელი ერი ჩავერთვებით?

ვფქირობ სიახლეების დროა.. ერთად ვწვდეთ ყელში! ხომ გახსოვთ, როდესაც საშვილიშვილო საქმეა დასაღუპი, ერთად გაცილებით უკეთესად გამოგვდის.


Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page