მომავალი, რომელიც დადგა!
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 1, 2019
- 2 min read
ცხოვრების რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ჩვენი თაობის ამოცანა, არა მხოლოდ თავისუფლებისთვის და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გახლდათ, არამედ, პირველი რესპუბლიკის მწარე გაკვეთილების გათვალისწინებით, ახალი ქართული სახელმწიფოს დღევანდელობამდე მოტანაც. დღევანდელობამდე, ანუ დრომდე, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ადამიანები, არა თუ სრულფასოვან, საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქებად ჩამოყალიბდნენ, არამედ უკვე დაღვინების გზაზე შემდგარი, და ეგებ უკვე დაღვინებულიც, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე, სახელმწიფოებრივი განცდის მქონე და ერუდირებულ, შემდგარ ადამიანებს, საზოგადოებას წარმოადგენენ.
დღეს, ამ ყველაფერს ჩვენ უკვე ვხედავთ. მეც, მრავალი თქვენგანის მსგავსად, ბოლო დრომდე ვფიქრობდი, რომ ამის მოლოდინი გაიწელა. ამის გამო, არც პესიმიზმი და არც აპათია დამუფლებია, მაგრამ დამღლელი კი გახლდათ და განსაკუთრებით იმ ფონზე (და ამაზე არა ერთხელ დამიწერია), როდესაც პოლიტიკაში, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, კვლავაც ის ადამიანები არიან, ვინც უკვე 30 წელია სცენაზეა და არაფრის დიდებით, კულისებში არ გადის. ცხადია, პოლიტიკაში მონაწილეობას და ზოგადად, პოლიტიკოსობას ვერც ვინმეს აუკრძალავ და ვერც დროის ლიმიტს დაუწესებ - ეს პროფესიაა და ვიდრე კაცს ფიზიკური კონდიციები ხელს უწყობს, პენსიაზე გასვლას ვერ დაავალდებულებ. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი ეს ათწლეულები, მოლოდინი იმისა, რომ აი, გამოჩნდება ახლა სრულიად ახალი, გაუსვრელი, შეუბღალავი ეროვნული შეგნების პოილიტიკოსებით შეკრული გუნდი და... ამაო გახლდათ. ყველა ჩვენგანს ჩვენეული „იდეალური“ ვარიანტი გქონდა და ამაში შეთანხმებაც კი გვიჭირდა, მაგრამ ეს სულ არ აღელვებდა დროს, რომელიც შეუქცევადად მიედინებოდა და აი, 30 წელი გავიდა. მტელი ეს რო, გარდა მოლოდინისა იმით გახლდათ გაჯერებული, რომ თვალყურს ვადევნებთ ბრძოლას, რომელიც სახელწიფოებრივ ძალებსა და ანიტისახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს შორის მიმდინარეობს და ვიდრე რომელიმე მათგანი გადამწყვეტ უპირატესობას არ მოიპოვებს, დასასრული მოსალოდნელი არაა. ანტისახელმწიფოებრივი ძალებისათვის, ყოველგვარი იარლიყების (მოღალატე, ემისარი და ა. შ. ) მიკერების გარეშე, ერთი განსაზღვრება მაქვს - ადამიანები, რომელთც უნდათ „ქვეყანა საქართველო“ და „სახელმწიფო საქართველო“ მათი ინტერესის სფერო არაა.
ამას, აქვს ახსნა: „ქვეყანა საქართველო“, რეალურად, დიდი გაქანების ველია იმათთვის, ვისაც თავისი თავი და პირადი კომფორტი უქცევია ფიქრისა და ქმედების პრიორიტეტად, ხოლო საქართველოს და მისი ხალხის კეთილდღეობა, მათთვის, ამ ველზე ოპერირებისას, მხოლოდ „თანდაყოლილი ლექსიკური მუდმივაა“.

ამის საპირწონედ, მივიჩნევ ძალებს, რომელიბიც, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ქართული სახელმწიფოს მშენებლობას ემსახურებიან და საკუთარ თუ მოსახლეობის კომფორტსაც, სწორედ წელში გამართულ სახელწმიფოში ხედავენ. ცხადია, როგორც ყველაფერი ჩვენში, ესეც ძალიან „ჭრელი საზოგადოებაა“, მაგრამ არის ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც აერთიანებთ და, ვინაიდან ქართველი ერის გამაერთიანებელიც ესაა, მათაც, ერის თვალში, კრებსითი სახელდება ერგო - პროდასავლელები. დღეს „ქვეყანა საქართველოს“ წარმომადგენლები ხელისულფებაში გახლავან - ეს ძალები იოლად პოულობენ საერთო ენას რუსულ ძალებთან, ვინაიდან სწორედ „სახელმწიფო საქართველოა“ ის, რის განადგურებასაც რუსეთი ცდილობს - მასაც, მისი აქაური მოკავშირეების მსგავსად, „ქვეყანა საქართველო“ უყვარს.
ერთი სიტყვით, ყველამ ვიცით, რა და რატომ მოხდა 2012 წელს და ამდენად, წარსულის გახსენება ახლა არ ღირს. მით უმეტეს, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფოებრივი ძალებისთვის სასურველი პოლიტიკური კლიმატი დადგა.
ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური კლიმატი, და ნებისმიერი სხვა რამ ამ რიგიდან, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნებაზეა დამოკიდებული და ამის საწინააღმდეგოდ წასვლას, არც მილიარდები ჰყოფნის, არც საპოლიციო ძალები და არც სისხლსმოწყურებული ზომბები. ნებისმიერი მცდელობა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ამბები პოლიტიკოსთა ფარულ ქმედებებს მიეწეროს, ჩაფლავდა - რუსთაველზე დგას ხალხი. ცხადია, ეს მთელი ქართველი ხალხი არაა, მაგრამ მათ აზრს ასობით ათასი თანამოქალაქე იზიარებს და ამის დასტურს, თავყრილობა არ ჭირდება. მაგრამ აქვე, მსურს აღვნიშნო, რომ საპროტესტო მიტინგების მიმდინარეობის პარალელურად, მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები რიგითებად მონაწილეობენ ყველაფერში და არა ორგანიზატორებად, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ერთულის დაბადების მომსწრენი ვართ.
ლამის მთელი წლის მანძილზე ტირაჟირებული „მესამე პოლიტიკური ძალის“ თემა ცოცხლდება? ცხადია, დღეს ამ ახალგაზრდებსა თუ აქციის ორგანიზატორებს ვერ მოვაქცევთ რაიმე ერთ ორგანიზაციულ ჩარჩოში, ასეთი არარსებობის გამო, მაგრამ კონტურები ძალიან მკაფიოა. ასეა თუ ისე, ეს ყველა შემთხვევაში დადებითი ძალაა და ანგარიშგასაწევიც, როგორც ვლინდება.
Comments