top of page

მშვიდი ნოემბერი

Updated: Mar 13, 2019

როდესაც საკუთარ ხალხს ბრძოლას გამოუცხადებ, ლოკალური „გამარჯვება“ ძალიან ცუდი მოკავშირეა, რადგან საკუთარი თავისადმი რწმენას უსაფუძვლოდ ზრდის და შემდეგ, საპასუხო რეაქცია შოკისმომგვრელია ხოლმე.

ree

ასე მოხდა იმ ავბედით 7 ნოემბრესაც. სააკაშვილის ხელისულფებაში ჩათვალეს, რომ უალტერნატივონი არიან და რუსთაველზე შეკრებილები, მოქალაქენი კი არა, სხვათა ინტერესების გამტარებლები იყვნენ. სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ ამგვარი ელემენტების სიუხვე მართლაც საგრძნობი გახლდათ და მეტიც, - შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესებს აღნიშნული ძალები წარმართავდნენ, ხოლო რიგითი და ხშირად სავსებით საფუძვლიანად აღშფოთებული მოქალაქენი, „პრიკუპში“ მოჰყვნენ, საერთო ქვაბში აღმოჩდნენ და საკუთარ ზურგზე იწვნიეს ხელისუფლებასთან ოპონირების ფასი. არ ვიცი, რა ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს რიგით პოლიციელებს, მაგრამ ფაქტია - საკუთარ ხალხს ასე არ ექცევიან. ამდენად, სავარაუდოა, რომ „დამოძღვრისას“, ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილები მტრებად გამოცხადდნენ და ამიტომაც, მათ მოექცნენ კიდეც ისე, როგორც მტერს - დაუნდობლად, მიდევნებით, მიყოლით.. ფაქტს არ შევსწრებივარ, მაგრამ მაშინ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პოლიციელებზეც იყო საუბრები. ცხადია, თავს ვერ დავდებ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ზოგ სამართალდამცავს ადამიანური სახე აშკარად დაკარგული ჰქონდა. მაშინ, თუ არ ვცდები, სააკაშვილი გადადგა, ამით ფორა შეიქმნა და კრიზისიც, იმ წამს კი განეიტრალდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - დასასრულის დასაწყისი. საერთოდ, რომ არა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, შესაძლოა ხელისუფლება ბევრად ადრე შეცვლილიყო, რადგან უკვე აშკარა გახლდათ - ადამიანთა მცირე ჯგუფს, თავი „უკვდავთა კასტის“ წარმომადგენელი ეგონა და თავს, არაფერში იზღუდავდა.

ძალინ ხშირად კი მიწევს ამის თქმა, მაგრამ ესეც საკუთარი ერის ნირისა და ზნე-ხასიათის უცოდინრობის შედეგია. ქართველი, ოღონდ შენ არ გეგონოს, რომ შეუცვლელი ხარ და ყველაფრის უფლება გაქვს, დათანხმდება საქმე მიაბაროს უკანასკნელ იდიოტს. ასეც მოხდა. 1988 წლის ნოემბრის ამბები მახსენდება. ეს ის დრო იყო, როდესაც მაშინდელი საბჭოთა-ქართული მილიციის სადამსჯელო რაზმები, ლურჯ „ტელაგრეიკაში“ გამოწყობილი ქართველი პოლიციელები გვიპირისპიდებოდნენ - უნივერსიტეტის მიდამოები იქნებოდა თუ პროფკავშირების კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორია - არ იყო გამეტება, სიძულვილი.. იყო თხოვნა, რომ ეგებ სახლში წავსულიყავით. ამ შვიდ ნოემბერს, ყველაფერი პირიქით გახლდათ. დიდი გამჭრიახობა არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ წლევანდელი ნოემბერი გუბის წყალივით უძრავი არ იქნება - უფრო პირიქით. ასეა თუ ისე, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ქართველთა შორის დაპირისპირება დაუშვებელია. არადა, ზოგიერთი სწორედ ამის პროვოცირებას ცდილობს. ამ ადამიანთა შორის, განსაკუთრებულად გამოირჩევიან ინდივიდები, ვინც შუღლის, დაპირისპირებისა და საერთოდაც, ძმათამკვლელი ომის გაჩაღების დიდი გამოცდილებით გახლავან ცნობილნი. არ ვიცი თქვენი გადმოსახედიდან რა სურათი იშლება, მაგრამ მე მგონია, რომ ამ „სიუჟეტურ ხაზში“ ეს აუცილებელი სცენაა. ქართული პოლიტიკა და, შესაბამისად, საზოგადოების აქტიური წრეები, ნომენტკლატურის, კომფორმისტებისა და „ცარიელი პატრიოტიზმის“ კორიფეებისგან უნდა დაიცალოს. ახლა სწორედ ეს პროცესია. შეიძლება ითქვას, ეს თითქმის ბოლო „გაელვებაა“. თითქმის იმიტომ, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია და ერთ დაყეფებას, კიდევ დაიყეფებენ. მაგრამ მანამდე, ეს „საპრეზიდენტო ორომტრიალი“ უნდა ჩავამთავროთ. საქართველოს მშვიდი ნოემბერი უნდა.


 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page