top of page

მხოლოდ არა! და არც ერთი დიახ!

Updated: Apr 20, 2019

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, პირველი შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლების ყველა ფუნდამენტური გადაწყვეტილება თუ შეხედულება, პიროვნებები, რომლებიც მას წარმოადგენენ და არც თუ სახარბიელო პერსპექტივა, რომელიც სულ უფრო მკაფიო ხდება, იწვევს ჩემს ერთადერთ შეძახილს: არა! თვით შევარდნაძის ჩამყაყებული მმართველობის დროსაც კი, იყო რაღაც, რაც მეტ-ნაკლებად მისაღები გახლდათ. აი, რაღაც მაინც.. დღეს კი, ასეთი საკითხი არ „მომეპოვება“.


ree

ვთვლი, რომ ადამიანი, ვისაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა უკავია, პრეზიდენტისა, არ უნდა იმყოფებოდეს იქ, სადაცაა, რადგან ძალიან საეჭვოა მისი ლეგიტიმაცია.

მიმაჩნია, რომ საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, და იმის მხედველობაში მიღებით, როგორც, შესაძლოა, მოვლენები განვითარდეს, ზურაბიშვილი, როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების დე-ფაქტო (!) და/ან დე-იურე (?) მთავარსარდალი, დამღუპველია და არა იმდენად იმის გამო, რომ მას დაბალი კომპეტენცია აქვს, არამედ უფრო იმ მიზეზით, რომ ჩემთვის სრულიად ცხადია - ის არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესების სამსახურშია. და ეს „საქმიანობა“, დღეს არ დაწყებულა. ვთვლი, რომ საქართველოს პარლამენტად წოდებული ეს რაღაც თავყრილობა, სრულებით ვეღარ პასუხობს ქართველი ხალხის განწყობასა და დამოკიდებულებას. და თუ კი ფორმალურად ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ისეთ განსაზღვრებას, როგორიცაა „ლეგიტიმური“, ზნეობრივი, ფაქტობრივი (ბოლო საარჩევნო შედეგები) და კიდევ არა ერთი თვალსაზრისით, ის ყოვლად არალეგიტიმურია. ვთვლი, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, მხოლოდ ფორმალურად წარმოადგენს სფეროთა პოლიტიკის განმსაზღვრელს და, რეალურად, თვით პრემიერმინისტრიც კი, დამოუკიდებლად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ იღებს - ის მხოლოდ გამხმოვანებელია იმისა, რაც ამ თუ იმ საკითხის ირგვლივ არა მთავრობაში, არამედ სრულიად სხვა კაბინეტში მიიღეს. მიმაჩნია, რომ რუსეთთან, როგორც მტერ სახელმწიფოსთან საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული თუ წარმოებული პოლიტიკა წარმოადგენს, მინიმუმ კაპიტულანტურს და, ეგებ, მოღალატეობრივსაც. ასევე, სრულიად ცხადია, რომ დაბალი რგოლის, მეტადრე კი რეგიონალური მასშტაბის ჩინოვნიკები, არა მხოლოდ არაკომპეტენტურები გახლავან, არამედ საშოვარზე გამოსულ დამშეულ აფთრებს წარმოადგენენ და ეს ყოვედღიურად დასტურდება - არავინ ფიოქრობს თანამდებობაზე, როგორც შესაძლკებლობაზე დაიხარჯო ქვეყნის სამსახურში. ყველა მოსწრებაზეა, რათა სანამ ჯერ კიდევ იქაა, სადაც საქმიანობს, რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭოს. აღარაფერს ვამბობ მესამე სახელისუფლებო შტოს, სასამართლოს ირგვლივ... საერთოდ არაფრის თქმა ღირს იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც არა მხოლოდ საზოგადოების რაღაც, თუნდაც მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოება იმყოფება. ეს ყოველივე საკმარისია, რათა არა მხოლოდ მე, ერთმა რიგითმა მოქალქემ, არამედ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელმა და ამ და სხვა ინდივიდების დამქირავებელმა ქართველმა ხალხმა, თქვას მხოლოდ არა! უნდა თქვას მკაფიოდ და არა მხოლოდ ამ ქვეყნის, არამედ მთელი ცივილიზებული და არაცივილიზებული მსოფლიოს გასაგონად! არა!


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page