ნიენდარტალელი, მამონტი და ჩვენ
- კოტე ნიშნიანიძე
- May 15, 2019
- 2 min read
ითვლებოდა, რომ ევროპის ბოლო გამყინვარებისას, ნიანდერტალელები, უბრალოდ, აეკიდნენ მსხვერპლს, მამომნტს და ასე, სულ უფრო აღმოსავლეთით მიგრირებულნი, გადაეყარნენ სამხრეთიდან „მომავალ“ მონადირე-შემგროვებელ „ჰომოსაპიენსს“ და.. დნმ-ის ახალი კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ „ნიანდერტალელებს“ მამონტებთან ბევრად მეტი აერთიანებთ, ვიდრე შეგვიძლია წარმოგვედინა.

კერძოდ, გაირკვა, რომ ორივე ორგანიზმში ცხიმის დაგროვებაზე, თმა-ბალანის ზრდასა და ტემპერატურის შენარჩუნება-რეგულაციაზე დნმ-ის ერთი ტიპია პასუხისმგებელი. კვლევას, რომლის მიზანიც „ნიანდერტალელის“ და ადამიანის, ორი ბუნებრივი მეტოქის გენეტიკური მსგავსების დადგენა გახლდათ, თელ-ავივის უნივრსიტეტის მეცნიერები, რან ბარქაი და მეიდად კისლევი აწარმოებდნენ - მათი მოხსენება ჟურნალმა „ადამიანის ბიოლოგია“ გამოაქვეყნა.
ისინი ამტკიცებენ, რომ ეს ორივე სახეობა, ერთი აფრიკელი წინაპრის შთამომავლები გახლავან, თუმცა პლეისტოცენის შუა ხანაში, ევოლუციამ მათი გზები გაყარა და ვეროპაში სრული ადაპტაციაც მაშინ შედგა, თუმცა ერთურთისგან დამოუკიდებლად.
პლეისტოცენი, დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქაა, რომელიც, როგორც ივარაუდება, 2,588 მლნ. წლის წინ დაიწყო და 11,7 ათ. წლის წინ დასრულდა
ჩვენთვის რამდენიმე და სხვა და სხვა ხანგრძლივობის გამყინვარებაა ცნობილი. მოგეხსენებათ, ამ დროს არსებობის ექსტრემალური პირობები იქმნება, რადგან ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა ყინულის გაბატონებას იწვევს. სწორედ ამან განაპირობა ნიანდერტალელის ზოგიერთი ფიზიკური თვისება - ჩაფსკვნილობა, ფართე ნესტოები. შედარებით მოკლე კიდურები და, საერთოდ, სხეულის აგებულება „ნიანედრტალელს“ იმგვარ პროპორციებს სძენდა, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო კანის მოცულობა, რათა, უპირატესად ცივ კლიმატურ პირობებში, სითბოს შენარჩუნება ეფექტური ყოფილიყო.
„ნიანდერტალელის“ არსებობა, პირველად, 1856 წელს დადასტურდა, ხოლო მამონტის გაქვავებული ჩონჩხი, პირველად 1806 წელს, ციმბირში აღმოაჩინეს. და ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ეს არსება დაბალი და ჩაფსკნილი იყო - მისი სიმაღლე 4 მეტრი გახლდათ.
2016 წელს, ჟურნალი Live Science იმ შედეგების შესახებ იტყობინებოდა, რომელიც ჰქონდა მინეტობას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს, ვისი აზრითაც, დიდი გამყინვარებისას, ბეწვიანი მამონტების გადარჩენა მცირე გენეტიკურმა მუტაციებმა განაპირობეს, რომელთაც შეცვალეს სისხლში ჟანგბადის მიწოდების „გზა“, და მათ უფრო თბილად იგრძნეს თავი.
„ნიანდერტალელი“ და მამონტი ერთ გარემოში ათასწლეულები ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეპოქასთან უდიდესი პერიოდი გვაშორებს, მათი ჩონჩხების სახით, თანამედრიოვე, ტექნოლოგიურად წინ წასული მეცნიერება ჯერ არნახულ ინფორმატულ მასალას ფლობს. იგივე მამონტების შემთხვევაშიც, ხშირად არა გაქვავებულ ნარჩენებს ვპოლუბთ, არამედ გაყინულ და ამდენად, გენეტიკური თვალსაზრისით შენარჩუნებულ, მდიდარ მასალასაც აღმოვაჩენთ ხოლმე. ეს ისტორიამდელი ცხოველი ყველაზე კარგადაა შესწავლილი და ამის მიზეზიც სწორედ ესაა - მეცნიერები არა თუ ცალკეულ გენომს, არამედ გენთა მთელი ასხმების გამოჰყოფას და შესწავლას ახერხებენ.
ცხადია, მამონტისა და „ნიანდერტალელის“ ურთიერთობას ვერ ვუწოდებთ მეგობრულს, მაგრამ სწორედ ესაა ის, რამაც განაპირობა მათი ევოლუცია - „ნიანდერტალელის“ შემთხვევაში, მამონტრის ხორცი იყო ბევრად მეტი, ვიდრე საკვები. პროფესორ ბარქაის თქმით, მონაცემები ცხადჰყოფენ, რომ „ნიანდერტალელები“ ფიზიკურად ფრიად დამოკიდებული იყვნენ იმ კალორიებზე, რომლებსაც მამონტის ხორცით იღებდნენ - ისინი არა მხოლოდ ჭამდნენ მამონეტს, არამედ „სესხულობდნენ“ მათგან გენებს.
ყველა დიდ სახეობას აქვს თავისი დასასრული. ჩვენ ვიცნობთ თეორიას, რომლის თანახმადაც, „ნიანდერტალელთა“ გადაშენება კლიმატის სითბოსკენ მკვეთრმა ცვლილებამ გამოიწვია, მაგრამ არსებობს მეტად დამაჯერებელი ჰიპოთეზაც და ის სულ უფრო დადასტურებლ სახეს იღებს - ისინი პლანეტის ყველაზე შთამბეჭდავ არსებას, Homo Sapiens - ადამიანს გადაეყარნენ და, შესაძლოა, ვერ გაუძლეს რესურსებისთვის ბრძოლას ევროპაში გამოჩენილი ამ ახალ ძალასთან. თუმცა მათი გაქრობა, პროცესი გახლდათ და არა ერთი თუნდაც მასშტაბური მოვლენა.
ბუნებრივია, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის შესაძლებლობაც, რომელიც ასევე აქტიურად განიხილება - შეჯვარება.
Comments