top of page

ნოეს სოჭი

Updated: Mar 6, 2019

თქვენის ნებართვით, დავიწყებ ამბით, რომელიც დაახლოებით 25 წლისაა, მეამაყება და ყალბ თავმდაბლობას, არც გკადრებთ.

90-იანი წლები იწურებოდა. ეს ის დრო გახლდათ, როდესაც ბატონ გურამ შარაძეს საფრანგეთიდან პირველი რესპუბლიკის არქივების დაბრუნება ჰქონდა დაწყებული.

ჩამოსულ მასალებს, პერიოდულად, გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებდა. დილის ზარმა, ყველა გაგვაოცა - მამაჩემს სასიხარულო მოულოდნელობა აუწყეს - ჩამოსულ დოკუმენტებს შორის, ბაბუაჩემის - კონსტანტინე ნიშნიანიძის სახელი ამოტივტივდა.

ეს იყო სრული შოკი, ვინაიდან 1937 წელს მოკლული „კოწია“-ს შესახებ, მხოლოდ მონათხრობით მსმენოდა და ისიც ფრაგმენტულად, ვინაიდან თავად მამაჩემი, მაშინ 12 წლის გახლდათ, ხოლო წითელმა ურდოებმა, ოჯახის სახლიდან გამოყრის შემდეგ, ყველა ნივთი თუ დოკუმენტი ხელს გააყოლეს - მქონდა მხოლოდ რამდენიმე ფოტო საქმიდან, რომელიც სტალინის დაგმობისა და რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შემდეგ, დაგვიბრუნეს. ალბათ იოლად წარმოიდგენთ, თუ რა ემოცია დამეუფლებოდა, როდესაც გაზეთი შევიძინე. გამოქვეყნებული დოკუმენტი 1921 წელს, საქართველოს ხელისუფლების გაყვანასა და დოკუმენტაციის ტფილისიდან უსაფრთხოდ გატანაზე პასუხისმგებელი სამხედროების პირად საქმეებს მოიცავდა. ოფიეცრთა შორის, „კაპიტანი კონსტანტინე გიორგის ძე ნიშნიანიძე..“. დოკუმენტს, სამხედრო უნარ-ჩვევებსა თუ დამსახურებათა გარდა, ახლდა პოლიტიკური შინაარსის დახასიათება და რამდენიმე სხვა დეტალიც.

ცხადია, გამორიცხვის ყველა შესაძლო მეთოდი ავამოქმედეთ, მაგრამ საბედნიეროდ, უშედეგოდ - ეს სწორედ იგი გახლდათ - არც ერთ სხვა დოკუმენტში, რომელიც საქართველოს საარქივო ბაზებში ინახება, ამ პერიოდის მაცხოვრებელი კონსტანტინე გიორგის ძე ნიშნიანიძე და, თანაც, სამხედრო, არ ფიქსირდება. საერთოდ, მისი ცხოვრების ეს პერიოდი, ერთგვარად, ნისლით იყო მოცული (რაც წითელი იმპერიისთვის სავსებით დამახასიათებელი გახლდათ). ვიცოდით მხოლოდ ის, რომ აზერბაიჯანის გასაბჭოებისას, მისი ნაწილი საზღვარზე იდგა, მანევრებზე; თავად კი სტუმრად იყო - ბაქოში, დეიდასთან. არ ვიცით, როგორ მოხდა, ალბათ სამხედრო ფორმაში გახლდათ, მაგრამ ფაქტია, დაუჭერიათ და დახვრეტა მიუსჯიათ.

კასპიის ზღვაში განთავსებული საპატიმროს საპყრობილეში, ტიფი შეყრია და დახვრეტა გამოჯანმრთელებამდე გადადეს (ბოლშევიკებისგან, ცოტა არ იყოს და, მოულოდნელი, ლამის დაუჯერებელი ჰუმანურობაა). მერე კი, იქაურებს ხელი გამოუღიათ, ფული დაუხარჯავთ და საკაცეებით გამოუპარებიათ ცნობილ ხიდზე, რომელიც მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე წითელი და რომლის შუაშიც, წითელისა და თეთრის გასაყარზე, ლამის ორმეტრიანი, მაუზერით შეიაღაღებული Pусская баба იდგა და ცეცხლებს ბოლშევიკურ-რევოლუციური შემართებით ყრიდა. ეს ისე, ეპოქის ატმოსფეროს კიდევ უკეთ წარმოსახვისთვის.

ახლა კი მთავარი: როგორ გგონიათ, სად იქნებოდა საქართველოს ისტორიის ეს უძვირფასესი მასალები, დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას თან რომ არ წაეღო? რა გვეცოდინებოდ ამ დიდებული წლებისა და მათი ტრაგიკული დასასრულის შესახებ? ან, მსოფლიოს რომელ და რამდენ მუზეუმში უნდა გაფანტულიყო საქართველოს საგანძური, ის რომ კომუნისტებს დარჩენოდათ?

სოციალ-დემოკრატების მისამართით გაჟღერებული ბრალდებები ხო გსმენიათ? „ილია მოკლეს!“

„სად გარბოდნენ? ..ებრძოლათ! ჯარი მიატოვეს.“

„განცხრომაში ცხოვრობდნენ.“ „ექვთიმე რომ არა, იმ განძს, სულ გაყიდდნენ..“ ეს, სულ რუსული ნარატივია. და ეს არაა ერთადერთი „შავი პიარი“, რომლითაც თაობებს კვებავდნენ.

დიახ, რომ არა ექვთიმეს ღვთისკაცობა, განძს ეს ბედი ნაღდად არ ექნებოდა და აქვე, მათ გასაგონად, ვინც ექვთიმესა და განძის საქართველოში დაბრუნებას, სტალინის პატრიოტულ ნაბიჯად ასაღებენ. თუ კი ვიტყვი, რომ ეს სიცრუეა?! არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, სინამდვილეში, წითელი ბელადი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბევრად ძველი და მაღალკულტურული ერის წიაღიდანაა, ვიდრე მისი ოპონენტები, რომლებიც ბარბაროსად და პროვინციელი მეწაღის ველურ შვილად იხსენიებდნენ.

ერთი სიტყვით, განძი და მისი მცველი ჩამოვიდნენ (იცით, მცველი მალევე დაკავეს), სუხიშვილებს საზღვარგარეთული გასტროლების უფლება მისცეს.. დაიწყო მზადება რუსთველისა და მისი პოემის 800 წლის იუბილისა და თბილისის 1500 წლის დედაქალაქობის აღსანიშნავად და ა. შ. მაშ ვინაა ველური? - ეს იყო კონტექსტი. მაგრამ, ეს მონათხრობია და რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არც მაქვს და არც ვიცი, არსებობს თუ არა, საერთოდ რაიმე, რაც ამ მოარულ ხმას, დამაჯერებლობას შეჰმატებდა. საბოლოო ჯამში, ჟორდანიას მთავრობის გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორი გახლდათ, რადგან, აკი ვიკითხე კიდეც: წარმოგიდგენიათ ამ უნიკალური არტეფაქტების ბედი მას მერე, რაც ტფილისს უღმერთო, უეროვნებო წითელი ურდოები მოედებოდნენ? მაგრამ ნოე ჟორდანიამ, თან არანაკლებმნიშვნელოვანი რამ გაიყოლა და ამასთან დაკავშირებით, რატომღაც, სასურველზე იშვიათად საუბრობენ: დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ, ემიგრაციაში წასვლით, იქ აქტიური პოლიტიკური საქმიანობით რუსეთს მოუსპო ყოველგვარი იურიდიული, ზნეობრივი თუ სხვა სახის ლეგიტიმაციის შანსიც კი. და სწორდ ეს იყო 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მასულდგმულებელი, ეს ინახავდა ერის მეხსიერების იდუმალ კუნჭულებში თავისუფლებისკენ სწრაფვას და მეტსაც გეტყვით: რომ არა ეს გადაწყვეტილება, ვერც ჩვენ ვიქნებოდით ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილენი და ვერ ვიამაყებდით ახალი ქართული რესპუბლიკის დაფუძნებით. საერთოდ, ქართული მემარცხენე მოძრაობა და კონკრტულად სოციალ-დემოკრატები, გახლდნენ ის ძალა, რომელიც, ერთგვარად, განმსაზღვრელი იყო იმ მოძრაობაში, რასაც რუსეთის რევოლუცია ერქვა - პირველი და რეალური, და არა ოქტომბრის და მორთულ-მოკაზმული, რომელიც, სინამდვილეში, სამხედრო გადატრიალება გახლდათ. ისე კი, სწორედ ეს მემარცხენეობა აღმოჩნდა ის განხეთქილების ვაშლი, რომელიც ამ ე. წ. „მესამე დასსა“ და წინა ორს შორის გაგორდა. ძალიან ზედაპირულად თუ ვიტყვით, „პირველდასელები“ (ილია და მისი ფრთა) მიიჩნევდნენ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში, ერი განათლებული და ავტორიტეტული არისტოკრატიის მეთაურობით უნდა ჩართულიყო. „მეორე დასმა“, ფერხულში წარმატებული და სახელოვანი ქართული ბურჟუაზია ჩართო. მესამე დასის მემარცხენე იდეოლოგია, ბუნებრივად წინააღმდეგობში იყო ამ ყოველივესთან. ამდენად, 1907 წელს ილიას მოკვლა, „ლეგენდის“ შექმნისთვის სანიმუშო გახლდათ მაშინ, როდესაც 1905 წლის რევოლუციის მარცხის შემდეგ, წინააღმდეგობები თავად რუსულ მემარცხენეობაშიც გაჩნდა.

და ბოლოს, რომ არა ნოე ჟორდანიას და მისი მთავრობის წევრთა სიბრძნე, არაფერი გვექნებოდა ხელთ იმ ტერტორიული პრეტენზიების დასასაბუთებლად, რომლიც რუსეთთან გვაქვს (როგორც ერს და არა როგორც სახელწიფოს). დღეს, შესაძლოა, ეს ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ გარწმუნებთ, მალე დაგვჭირდება. ოღონდ, ისტორიის მასშტაბებში მალე.. თუმცა, სამყარო ისეთი აჩქარებულია...

ამ ავბედითი დღის მიწურულს, იმის თქმა მსურს, რომ დროა, პირველი ქართული რესპუბლიკის მეთაურს, შესაფერის პატივი მიეგოს! კიდევ მეტი პატივი!

ხოლო ძეგლს ოდნავ მოგვიანებით, სოჭში დავუდგამთ!

Comentários


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page