ორასის 17 განსხეულება (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 12, 2019
- 3 min read
Updated: Aug 12, 2019
ორი წელიც და 900 წელი გახდება, რაც ქართველობას 12 აგვისტო საზეიმო თარიღად გვაქვს.
„ძლევაი საკვირველი“!
დააკვირდით: საკვირველი... თითქოს ამ სიტყვებში სადღაც ჩაკარგულა მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, სინაღდე დაუკარგავს, გასხვაფერებულა, გაიაფებულა.. ქართული ლათინური არაა, არ მომკვდარა, მასზე კვლავაც საუბრობენ და ცოცხალ ენაში, ლოგოსს ახასიათებს ამგვარი რამ. სწორედ ამიტომაა, რომ ის რაც „სასწაული“ იყო, დღეის მნიშვნელობით უკვე „სასწავლია“.
შესაძლოა, ეს პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ ამ ყოველივე შინაარსი დიდია, ეს არაა დღევანდელი ჩანაწერის თემა და მეც, მოკლედ მოგახსენეთ - იმედია, მიმიხვდით რისი თქმა მსურდა. საბოლოოდ ვთვლი, რომ ამ სიტყვას დღეს აღარც შინაარსი და აღარც ჟღერადობა აქვს იმგვარად ღრმა, როგორიც მაშინ ჰქონდა, როდესაც ამ მართლაც სასწაულებრივ გამარჯვებას, ასე დაერქვა.
და როდესაც ითქვა „საკვირველი“, სიტყვაში იდო ბევრად მეტი, ვიდრე ახლაnდელი გაკვირვება, როგორც მოკლევადიანი მდგომარეობა - ვიდრე აზრი დალაგდებოდეს. და ის ფაქტი, რომ იმ დღეს თბილსისსა და მანგლისს შორის გაშლილ-დაგრეხილ სანახებში გამართული რკენა, არა მხოლოდ ქართული მწყობრობის, არამედ ზოგადად, სამხედრო ხელოვნების უბადლო ნიმუშადაა აღირებული..
ის, რომ ფრანკი მებროძლების მცირე რაზმი (ჩათვალეთ, მაშინდელი NATO-ს ერთი ასეული), ბრძოლაში უშუალოდ მონაწილეობდა.. ის, რომ დავითის ლაშქარში, ასევე სიმბოლურად, მაგრამ ალან-ოვსთა მხედრობაც იყო.. ის, რომ დავითის საბრძოლო სიტყვა ფრანგულმა წყარომ შემოგვინახა.. და ის, რომ დავითი მებრძოლებს მიმართავს არა „ქართველნო!“ ან „ჩემო ლომებო“, ან რამე.. არამედ
„ეჰა, მებრძოლნო ქრისტესანო!..“
იმის ნიშანიც გახლავთ, რომ ეს ბრძოლა როგორც ფინალური აკორდი სამათეული წლის მანძილზე მიმდინარე ომისა, მთელი ევროპული ცივილიზაციისთვის, ანუ დღევანდელობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა გახლდათ. ამაზე იმდენი და იმდენჯერ ითქვა, რომ დეტალებით თქვენს დაღლას უაზრობად მივიჩნევ. მხოლოდ იმისთვის ხაზგასმა მსურს, რაც ნაკლებტირაჟირებულია.

გამოსახულებაზე: ავგუსტო ფერერ დალმაო (ესპ.) - „ქართველი რაინდი დიდგორზე“
პირველთან დაკავშირებით, მოკლედ მოგახსენებთ: ეს გახლავთ ბიზანტიის დაცემის ლამის სამსაუკუნენახევრით გადავადება, ამაში ნაგულისმევი მთელი „დინებებით“.. რენესანსი - აღორძინების ეპოქა, დოგმების მსხვრევა, მეცნიერების წინსვლა, პროგრესი... რომ არა დიდგორი, დასავლეთ ევროპა კაცობრიობას ამ განძს ვერ მისცემდა, თუმცა, ცხადია, უნდა განვიშოროთ აზრი, თითქოს ეს, მხოლოდ და მხოლოდ დიდგორის ველზე გადაწყდა. მაგრამ თურქმანული ცუნამის ასე საგულდაგულოდ და სასწაულებრივად დამარცხებამ ყველაფერი 1453 წლამდე გადაავადა. მეორე, რასთან დაკავშირებითც მსურს აზრი გაგიზიაროთ, იმ ცნობილი 200 მებრძოლის ამბავია, რომელზეც ასევე ყველას მოეხსენება - მათ გახსნენს ბრძოლა და რეალურად, განაპირობეს გამარჯვება. ე. წ. „ტექნიკურ“ დეტალთან დაკავშირებით, მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ განსხვავებით ქრისტიანული სამყაროსგან, სადაც მეფე და სარდლობა ჯარის თუ კონკრეტული შენაერთის წინა რიგებში იბრძოდა, მუსულმანურ-სელჩუკური საომარი წესით, მთავარსადალი და მთელი სამხედრო არისტოკრატია, ლაშქრის ცენტრში იდგა და იქიდან ხელმძღვანელობდა ბრძოლას.
დიდგორზე, ილღაზის ირგვლივ მთელი კოალიციური ლაშქრის (მგონი 20 სასულთნო) სარდლობა და სულთნობა იდგა და ამ ფონზე, ქართული რაზმი, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა, რომ ჯარმა დერეფანი მისცა, რათა სარდლობასთან, ვითარცა ელჩობა, ისე მისულიყვნენ.
და მივიდნენ.
რამდენიმე წუთში, ასეულათასობით მეომარი ლამის სარდლობის გარეშე დარჩა.. ცხადია, იმის შანსი, რომ ამ ყველაფრიდან ის ორასი კაცი გამოაღწევდა, თითქმის ნულოვანია. საქართველოში ეს არავის უკვირს, ვინაიდან ჩვენში, ეს კოდექსი იყო ის, რამაც 300 არაგველის შინ უბრძოლველად დაბრუნება შეუძლებლად აქცია და ხედავთ? ის, ლამის 650 წლის შემდეგ, ჯერ ისევ მოქმედებდა. დიდგორზეც, იმ ხალხმა თავიდანვე იცოდა, რომ სიკვდილზე მიდიოდა. და იცოდა კონკრეტული ამოცანა - ჯიქური შეტევა და გააფთრებული მცდელობა, რათა რაც შეიძლება მეტი გაეყოლათ თან. ნეტავ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი.. ან როგორ შეარჩიეს?
როგორი იყო მათი ასაკობრივი შემადგენლობა? და კუთხისშვილობა?.. აღჭურვილობა და უნარები.. ვინ სარდლობდა.... ალბათ წინა დღეს, ან გამთენიას აცნობეს.. ან იქნებ ადრეც, და ამზადებდნენ კიდეც ამისთვის - ფსიქოლოგიურად, ლოცვით, დამოძღვრით.. რა ვიცი კიდევ რით.. ვინ იცის?.. გუშინ 11 აგვისტო იყო - შინდისის საარაკო ამბების დღე. მეგობარმა აღნიშნა და სრულად ვეთანხმები - მათი ვინაობა ზეპირად უნდა ვიცდოდეთ:
მიხეილ დვალიშვილი მალხაზ აბაშიძე ამირან შაინიძე ალექსანდრე ონიანი რუსლან წულაძე ზვიად კაცაძე ილია გაბუნია რომან ზოიძე კახა კოშაძე ემზარ წილოსანი ფელიქს კაკაურიძე ვეფხია ჯიშკარიანი მარლენ ბარამია ილია შეყლაშვილი ირაკლი ჯანელიძე შმაგი კუპატაძე ნიკოლოზ ფორჩხიძე
როგორ გგონიათ, ჩვენი დროის გმირებმა როდის გააცნობიერეს, რომ ეს ღირსეული სიკვდილის ჟამი იყო? ერთმანეთს უთხრეს რამე? სიტყვით? მზერით? ცხადია, ეს ყველაფერი გვინდა ვიცოდეთ, მაგრამ ამ ისტორიის დასასრული, ყოველივე ამის შეტყობას შეუძლებელს ხდის - თავი ცოცხლად არავინ დაიტოვა.
900 წლის მერეც მოქმედებს ეს კოდექსი და 17 შინდისელმა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წამებით, მეტაფიზიკური ძეგლი დადგეს სიკვდილზე წასული წინაპრებისა. გუშინ 11 აგვისტო იყო - შინდისის საარაკო ამბების დღე.
12 აგვისტო გათენდა - დღე „ძლევაი საკვირველისა“
გილოცავთ დიდგორობას!
Comments