top of page

„ოქროს საწმისის“ ორდენის კავალერი

ბევრს გემახსოვრებათ - ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულების, პოზიციის გამო.. იმ აქტივობების გათვალისწინებით, რაც ამ პიროვნებას ჩვენი და უკრაინელების მიმართ აქვს გახორციელებული, ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ალექსანდრ ვერშბოუ „ოქროს საწმისის“ ორდენით დააჯილდოვა. გვიან ღამით გავრცელებული ინფრომაცია, თითქოს ვერშბოუ ამერიკის ელჩად მოდის, დილით არ დადასტურდა: ახლახანს გავრცელდა ცნობა, რომ თავის twitter-ის გვერდზე, ალექსანდრ ვერშბოუმ უარყო მისი დანიშვნა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. ის წერს: ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და მხარს ვუჭერ მის მისწრაფებებს ნატო-ში, მაგრამ მე არ ვარ არჩეული შეერთებული შტატების ელჩად.

ბევრმა ჩათვალა, რომ ალექსანდრ ვერშბოუ, მისი წონის გათვალისწინებით, საქართველოსთვის მეტისმეტად წონიანი ფიგურაა, თუმცა, თუ კი მხედველობაში ამჟამინდელ გეო-პოლიტიკურ და სამხედრო-ეკონომიკურ რეალობებს მივიღებდით, ლოგიკას მიგნება არ გაგვიჭირდებოდა.

გვახსოვს, მთელი ამ ხნის მანძილზე, აშშ-ს საქართველოში მხოლოდ მოვალეობოის შემსრულებელი ჰყავდა და არა სრულუფლებიანი ელჩი. ეს, უკვე თავისთავად ჰქმნიდა უხერხულობას, რადგან საუბარი სტრატეგიულ პარტნიორებზეა. ვერც იმას გავექცეოდით, რომ რეგიონში ვითარება სულ უფრო იძაბება და იმ პირობებში, როდესაც საქმე ირანს ეხება, ხოლო ამერიკას გაუფუჭდა ურთიერთობები თურქეთთან, ყველამ ჩათვალა, რომ სწორედ საქართველო, შტატების ერთგული მოკავშირე იქნებოდა მისი ერთგვარი რეგიონალური საყრდენი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ბოლო წლების პოლიტიკამ, ამერიკულ წრეებში სკეპტიციზმი გააღვივა. ვაშინგტონი თითქოს მოლოდინის რეჟიმში იყო და ელოდა საბოლოო სურათის დადგომას. და სრულიად მართებულად აღნიშნავს „2020news“, რომ „თბილისში მიმდინარე პროცესებმა, რაც 20 ივნისის შემდეგ განვითარდა, ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი, თან ყველაზე აქტიური ნაწილი შეურიგებელია რუსული ოკუპაციისადმი და მზად არის მხარი დაუჭიროს მხოლოდ იმ მთავრობას, რომელიც მკაფიოდ პროამერიკულ და პროდასავლურ კურსს გაატარებს.“

ეს მართლაც ასეა - დასავლეთისთვის და მეტადრე შტატებისთვის, ესოდენ მნიშვნელოვანი საქართველო არასოდეს ყოფილა. ამდენად, ამერიკისთვის, როგორც სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ მოსახლეობის, ხალხის დამოკიდებულებას. საქართველო უკვე თვეზე მეტია მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ მისი ოდინდელი გეზი უცვლელია. ეს სერიოზული სიგნალია და თუ კი ვერშბოუს ელჩად დანიშვნის შესახებ გავრცელებული ცნობები მართლაც არ დადასტურდა, შორს არც ის დროა, როდესაც ეს ერთგვარი უხერხულობა დასრულდება და ამერიკა ელჩს მოავლენს. და სავარაუდოდ, ის არანაკლებად წონიანი ფიგურა იქნება - ლოგიკაა ამგვარი.

მაგრამ დავუბრუნდეთ ვერშბოუს. არ ვიცი რა რეაქცია ჰქონდათ სახელისუფლებო წრეებში, მაგრამ სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ, ხალხი მისი ელჩად დანიშვნის გამო კმაყოფილი გახლდათ. ვიმეორებ - ამას საფუძვლად ამ პიროვნების საქმიანობა და კონკრეტულად ჩვენი და უკრაინული თემატიკისადმი მიდგომები უდევს.

2014 წელს, მედიასთან შეხვედრაზე, ვერშბოუმ განაცხადა: „მას შემდეგ, რაც მთელი 20 წელი ცდილობდა რუსეთის სახით პარტნიორი ეპოვნა, ახლა NATO თვლის, რომ რუსეთი უკვე როგორც მოწინააღმდეგე, ისე განიხილოს. მის მიერ ყირიმის ანექსია და ის „არეულობები“, რომელთაც უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთი უწყობს ხელს, საფუძვლიანად შეცვალა ურთიერთობები მასსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანს შორის. როგორც ჩანს, ჩვენ საქმე გვაქვს ორ განსხვავებულ მოსაზრებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოება. ჩვენ რუსეთის მეზობლების სუვერენიტეტისა და თავისუფალი არჩევანის უფლების დაცვა კვლავაც გვმართებს. რუსეთი, ე. წ. „რუსული სამყაროს“ საბაბით, აშკარად ცდილობს კვლავ თავს მოგვახვიოს თავისი ჰეგემონია და შეზღუდოს მეზობლების სუვერენიტეტი. სრულიად აშკარაა, რომ რუსებმა NATO თავის მეტოქედ გამოაცხადეს, ასე რომ, ჩვენ რუსეთის ამავე ჭრილში განხილვა უნდა დავიწყოთ. ჩვენ გვსურს დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ სწრაფად მივეშველებით რუსეთის მეზობლებს, თუ კი საფრთხე იქნება, თუნდაც ირიბი. ალიანსის წევრებმა თავისი სამხედრო ძალების რეაგირების ვადები მკვეთრად უნდა შემცირონ. NATO-ს შესაძლო ქმედებათა შორის, უნდა განიხილებოდეს მსხვილი საჯარისო შენაერთების განთავსება აღმოსავლეთ ევროპაში - ან მუდმივად, ანდაც როტაციის პრინციპით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელიც შეიქმნა როგორც საბჭოეთის საპირწონე, თავდაცვის ახალ ღონისძიებებს იხილავს, რომელთა მიზანიც რუსეთის შეკავებაა.“


 
 
 

Commentaires


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page