top of page

„ოცნების“ მკათათვე

დისპოზიცია სამართლის ნორმის სტრუქტურული ერთეულსაც აღნიშნავს, მაგრამ, პირველ რიგში, ეს სამხედრო ტერმინია და ძალთა განლაგებას აღწერს. გარდა ამისა, სიტყვამ ზოგადი თუ საზოგადო მოხმარებაც შეიძინა და ამ თვალსაზრისით, სამეტყველო ენაში განაწილებულ-განლაგებულის კრებსადაც დამკვიდრდა.

მკათათვე კი ივლისია, მაგრამ უხვ სათიბში, საქმე აგვისტოშიც იპოვება და მით უფრო მაშინ, როდესაც ცელი პოლიტიკის მინდორ-ველებს მისდგომია. ხოლო სადაც ცელია, იქ ცელიანი კაციც არ იქნება შორს და ჩვენ ვნახავთ სიკვდილსაც - პოლიტიკურ სიკვდილს. ყოველმხრივ უმნიშვნელოვანესი პერიოდია - უკვე ახლოსაა დრო, როდესაც დაწყებული გადაჯგუფებები დასრულდება და გაირკვევა ძალთა საბოლოო განლაგება.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ შემოდგომა მოსალოდნელზე მშვიდი იქნება, რადგან პარტიები, მეტადრე კი ოპოზიციური სპექტრისა, გადანაწილების პროცეში სხვა ვერაფრისთვის მოიცლიან.

აქ ლოგიკა აშკარაა, მაგრამ ამ ფლანგზე სულ რაღაც რამდენიმე დეტალია გასარკვევი, ხოლო „პოზიციური ბრძოლები“, ამჟამინდელი ვითარების მხედველობაში მიღებით, მმართველ პარტიაში უფრო მოსალოდნელია.

ცხადია, არავინ ფიქრობს, რომ ბესელიას და სხვათა „ოცნებიდან“ წასვლით პროცესი დასრულდა - ეს იყო პროლოგი.. ქაჯეთის ციხე ჯერ ასაღებია. და ჩვენ ვიცით, რომ მმართველ ძალაში დაახლოებით ის ვითარებაა, რაც მორიელებით სავსე ქილაში. ჩვენ ეს პროცესი გვაინტერესებს იმდენად, რამდენადაც, ზოგადად, ფორმაციების დასრულებაში და „ანი“-ს და „ჰოე“-ს გარკვევაში ვართ დაინტერესებული - დეტალები, დიდად არაფერს ცვლის.

სასექტემბროდ, ხმამაღალი დაჭერები, ამინდის პროგნოზივით, ლამის ყოველ დღე ცხადდება, და გათვალისწინებით იმისა, რომ „ოცნებას“ არასოდეს ჭირდებოდა და არაფერი ჭირდება ახლა ისე, როგორც ობიექტური, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალის მანტია, ამ „აფიშაში“ მოულოდნელი არაფერია. ინსტრუმენტებიც არის და საკუთარ რიგებში დაუნდობელი წმენდის კარგად შეფუთული დემონსტრაცია, სწორედ ამ რიგიდანაა. შესაბამისად, არც თუ რიხიანი კნავილი, რომ „მებრძვიან“ და ეგეთები, მომრავლდება. ისე კი, ცოდვა გამხელილი ჯობს - ცოტა სასაცილოა. მე ამას „ოცნების მკათათვე“ დავარქვი რადგან რეალურად, ჩვენ გვაქვს საქმე სურათთან, სადაც მთესველები დათესილს იმკიან. ახლა, უნდათ ე. წ. „მოსამართლეების საკითხი“, ნებავთ - მეგობრული ურთიერთობების ერთგულება და, რაც ენებოთ ის დაარქვან, მაგრამ ფაქტია - ეს არ ათავისუფლებთ იმ პასუხისმგებლობისგან, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოსთვის განვითარების შვიდი წლის წართმევაშია გამოხატული. ეს „ბესელიაზაცია“ დომინოს პრინციპითაა აგებული - მთავარი დაწყებაა და მერე, ბოლო ქვამდე, ყველა წაიქცევა. როგორ გგონიათ, ვინ სად მოადენს ზღართანს? ვფიქრობ, დიდად არ უნდა გვაინტერესებდეს, რადგან ამ პროცესში მხოლოდ ცალსახად პოზიტიური შედეგის მოლოდინში ვართ და საკვანძოც ესაა: ეგებ და გავთავისუფლდეთ ამ ბალასტიდან, რომელსაც ამ წლების მანძილზე, საკუთარი კეთილდღეობის გარდა საზრუნავი არა ჰქონია.. იგივე ძაბირაძე, იქვე დასძენს, რომ ბოლო მოვლენებმა შეცვალა ყველაფერი და თვით პოლიტიკური სპექტრიც კი. ვფიქრობ, ეს ხვალინდელი სურათია. დღეს ჯერ ასე ნამდვილად არაა. ცხადია რიგი ახალი მოთამაშეების გამოჩენით, პოლიტიკურ სპექტრში ცვლილებები იქნება, მაგრამ მე ვსაუბრობ ცვლილებებზე, სადაც ეს „მოდგმა“, რომელსაც არა ერთი დიდი თუ პატარა „მეოცნებე“ წარმოადგენს, ქართული პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრეს. ამ „მოდგმას“ მხოლოდ ბესელია არ განასახიერებს, ცხადია. ამავე რიგში არიან მაგალითისთვის, დაბალი რგოლის მოხელენი, მსგავნი გორის გამგებლისა და ეს მენტალური ხრამია, რომელიც საქართველოს ამჟამინდელ საჭიროებებსა და ამ ინდივიდთა სამყაროსა თუ ერუდიციას შორის, პირღია უფსკრულივით ჩაქანებულა. დღეს, ბოლო წელიწადნახევრის გადმოსახედიდან, ასე ჩანს: „ნაციონალური მოძრაობა“ არც დაუძლურებულია და არც დაშლილა, მიუხედავად ძილის მინისტრის მტკიცებისა. მეტიც, ის ჯან-ღონით სავსედ გამოიყურება და აქ წვლილი მხოლოდ „ოცნების“ უვარგისობას არ აქვს. ამდენად, შესაძლებლობა იმისა, რომ „ოცნებამ“ ტრიუმფი იზეიმოს, არათუ მცირეა, არამედ სრულიად განუხორციელებელი გახლავთ. შესაბამისად, ქვეგამხედვარეთა სოკოს მაგრად დააწვიმა. და დააწვიმა სწორედ იმით, რომ ალტერნატივის ფორმირების შესაძლებლობა, რაც მანამდე კეთილი სურვილი, პარტიული ამოცანა თუ ლოზუნგი იყო, დღეს მკაფიოა - აღარ გინდა/დაგედგომება „ოცებაში“, მაგრამ „ნაცების“ არა თუ მანტია, ჩრდილიც არ გინდა გეხებოდეს?..

კალაძე მუდამ, და ამ ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად, განიხილება პოტენციურ წამსვლელად. მას, ამჟამინდელ საქართველოში ყველაზე დიდი დე-ფაქტო ლეგიტიმაცია აქვს და ისედაც, კალაძე არც კვირიკაშვილი არაა და არც ღარიბაშვილი... და, მით უმეტეს, ბახტაძე. ის ბიძინას გარეშეც წარმოადგენდა ბევრად მეტს, ვიდრე რომელიმე მათგანი. და ეს, გათვალისწინებით იმ კაცობრივი თვისებებიდან, რაც ივანიშვილმა გამოავლინა, ანტაგონისტური დამოკიდებულების გასაღვივებლად, სავსებით საკმარისია. მაგრამ, ბოლო დრომდე, კალაძეს თავი ერთგულად უკავია. და ის ამას აგრძელებდა მაშინაც კი, როდესაც სუს-ში მისი ნდობით აღჭურვილი კადრები გამოცვალეს და ეს სიგნალი გახლდათ. შესაძლოა ეს ჯერ დაბნეულობით ან ექსტრემალური გადაჯგუფებით გამოწვეული გაშეშება იყო, მაგრამ ფაქტია, კალაძეს ჯერ მინიშნებაც არ გაუკეთებია.

სამაგიეროდ, მინიშნებები სხვა მხრიდან კეთდება და მზარდი პერმანენტულობით. გამორიცხულია კალაძე ვერ ხედავდეს, რომ ბიძინას ხომალდი ფსკერისკენ მიემართება - ეს გარეშე თვალისთვისაც ხილულია და ხომ წარმოგიდგენიათ, ვინც „შიდა სამზარეულო“ იცის, იმის წინაშე რა სურათი იქნება?

იმავე ხსენებული ლეგიტიმაციის გათვალისწინებით, მას შეუძლია, უბრალოდ, დრომდე მერად დარჩეს და იმის რესურსი, რომ იბრძოლოს, ბიძინას გარეშეც აქვს. მით უმეტეს, რომ ახლა ასეა და ალბათ შემდეგაც ასე იქნება - ივანიშვილს თბილისს კონკურენტუნარიანი კანდიდატს ვერ შეთავაზებს - არ ჰყავს. არც საყიდლად აღარაა - გათავდა. მიყიდვის მსურველების რიგი არ შეთხელებულა - უბრალოდ მე კონკურენტუნარიან კანდიდატზე ვამბობ. ასე რომ, ეს კიდევ ერთი ამბავია, რომელიც გველის. მომენტის შერჩევა ხელოვნების დარგი არ არის, მაგრამ ბევრგან, და მეტადრე პოლიტიკაში, მას დიდი ფასი ადევს. ქაჯი ვერ იქაჯებს - ისედაც ქაჯია. შესაძლოა ადამიანი ქაჯი არ იყოს, მაგრამ იქაჯოს. იქაჯოს სწორედ მომენტის შერჩევაში და გამოხტეს უდროოდ. როგორც სერგეი დოვლატოვმა ბრძანა, არ არსებობს გეოგრაფიული პროვინციალიზმი. არსებობს მენტალური. ეს უკურნებელი სენია. ვინმე იაკობაშვილის პერსონა ხან კეზერაშვილის დოსტად შემოგვთავაზეს, ხანაც „რუსთავი 2“-ის მსურველად. ბოლოს მისმა სახელმა კალაძის კონტექსტში გაიჟღერა და ამ ყველაფერს, კალაძესა და გახარიას შორის დაპირისპირება მოაყოლეს საწებლად. გახარიას ჯიუტად ასახელებენ პოტენციურ პრემიერად. მე ეს ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია. ადრე მოგახსენეთ და ჯერ ისევ ასე მგონია: თუ თავად ივანიშვილმა არ ინება, ახალი პრემიერმინისტრი იქნება ის, ვისაც ყველაზე ნაკლებად ვვარაუდობთ. შეხედავს ამას კალაძე, როგორც შანსს დაამტკიცოს ერთგულება? მზადაა ლეგიტიმაციაც კი დათმოს? ეს, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, დედაქალაქის ახალი მერის არჩევნებსაც ნიშნავს. და აქ, არც ოპოზიციას ჰყავს კონკურენტუნარიანი კანდიდატი. თუ, ცხადია, ვინმესთვის მხარდაჭერა გეოპოლიტიკური ორიენტაციის მოტივით არ მოუწიათ. ასეთი კაცი ჩანს დღეს, მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ საჯოლდაო ქვაა.


Kommentare


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page