პარიზიდან ტიფლისამდე
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 10, 2017
- 2 min read
მისი აგება მოკრძალებული საინჟინრო საშუალებებით დაიწყო. ორ წელიწადსა და ორ თვეში დასრულდა და 1930 წლამდე, მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობის ტიტულსაც ინარჩუნებდა, თუმცა შემდეგ, ნიუ-იორკის Crysler-ის ცენტრმა 18 მეტრით გადააჭარბა.
სამშენებლო სამუშაოები კარგად გახლდათ ორგანიზებული, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რათა მუშები არა ერთხელ გაფიცულიყვნენ. ცხადია, მათი მოთხოვნა ანაზღაურების მომატებას უკავშირდებოდა და არც თუ უსამართლოდ - ზაფხულის პერიოდში, სამუშაო დრო 13 საათს უდრიდა, ხოლო ზამთარში - ცხრას.

საბოლოოდ, ორასამდე მაღალკვალიფიციურმა მუშამ, კოშკის სექციების ერთ სხეულად ქცევისათვის, 2.000.000-ზე მეტი საგანგებო სამაგრი დაამონტაჟა. კოშკის სიმსუბუქე და ჰაეროვნება დღესაც აღტაცების საგანია და ეს, მიუხედავად გრანდიოზული მასშტაბებისა.
სხვათა შორის, გასული საუკუნის 80-იან წლებში ის აუქციონზე გაიყიდა და მის ერთ-ერთ სექციას, ცნობილი ქართველი, ზურაბ წერეთელი ფლობს - ის წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი) ინახება. როგორც ცნობილია, ყოველივე მსოფლიო გამოფენას უკავშირდებოდა - მისთვის საფრანგეთის დედაქალაქს უნდა ემასპინძლა. გამოფენის გახსნამდე 2 საათისა და 40 წუთით ადრე, თავად გუსტავ ეიფელმა კოშკის მესამასე მეტრზე საკუთარი ხელით აღმართა საფრანგეთის რესპუბლიკის დროშა.
გენიალურ ინჟინერს, სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონერის წოდება იქვე მიანიჭეს, ხოლო უკვე 1929 წელს, უკვე ეიფელის გარდაცვალების შემდეგ, ცნობილმა მოქანდაკემ, ანტუან ბურდელმა ინჟინრის ბრინჯაოს ქანდაკება კოშკის ძირში დადგა. თავიდან, კოშკი 10 წლის ვადით აღიმართა, თუმცა მის ყველაზე მაღალ წერტილზე დამონტაჟებულმა მეტეოროლოგიურმა სადგურმა, დემონტაჟი გადაავადა.
შემდეგ იყო XX საუკუნის 20-იანი წლები და კოშკის არსებობაც, თითქოს აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ის ქვეყნის სამსახურში ჩააყენეს - სატელეგრაფო მოწყობილობით, ამერიკასთან პირველი ტრანსოკეანური კავშირი სწორედ მისი მეშვეობით დამყარდა.
მეორე მსოფლიო ომმა, მას დამატებითი ფუნქციებიც მიანიჭა, თუმცა პარიზი მალევე დაეცა და საფრანგეთს ნაცისტური გერმანია აკონტროლებდა. მიუხედავად დიდი საფრთხისა, კოშკის თანამშრომლებმა გამონახეს შინაგანი ძალები და, პროტესტის ნიშნად, მუშაობა შეწყვიტეს - გადაიჭრა ყველა კაბელი, გაითიშა ყველა ლიფტი და ილუმინაცია...
1944 წელს, პარიზის გათავისუფლების შემდეგ, ის ცოტა ხნით ამერიკული შეიარაღებული ძალების სამსახურში ჩადგა. შემდეგ დადგა 1957 წელი... შედეგად, ხანძრის შემდეგ, კოშკი 10 მეტრით „დაგრძელდა“.
დღეს, როდესაც კოშკის ქიმს ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილი ანტენები ამშვენებს, მისი სიმაღლე 324 მეტრს გაუტოლდა. თუ კი ძალასა და ენერგიას არ უჩივით და კოშკის 1665 საფეხურის ფეხით ავლას მოახერხებთ, მეორე სართულიდან (115 მ.) ე. წ. „უფსკრულის“ (La Gouffre) ჩახედავთ, ხოლო თუ კი მესამე და მეოთხე სართულებს შორის სივრცეს ყურადღებით შეათვალიერებთ, დაინახავთ ლითონის მოზრდილ აბრას, რომელსაც ამშვენებს წარწერა: „ტიფლისამდე 3381 კმ.“
ბევრი თვლის, რომ ამით მხოლოდ სადღაც დასაკარგავში განთავსებულ დასახლებამდე არსებული მანძილი აღინიშნა, მაგრამ ეს მცდარი აზრი უნდა იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ კაცობრიობას ლამის მთელი პლანეტა ათვისებული ჰქონდა და ამ ე. წ. „დასაკარგავი“ ადგილების სიაც, საკმაოდ გრძელი იყო.
მაშ, რატომ ტიფლისი?
ფრანგული საზოგადოება უკვე იცნობდა ალექსანდ დიუმას „კავკასიას“.
ტიფლისს, უკვე ეძახდნენ მეორე პარიზს, რაც აქ მჩქეფარე კულტურული ცხოვრებით, მოდისადმი დაუოკებელი სწრაფვით და სხვა ფაქტორებით გახლდათ განპირობებული. და სწორედ ეს აღინიშნა მაშინ - ევროპის ერთი (დასავლური) კულტურის ცენტრიდან, ევროპის მეორე (აღმოსავლური) კულტურის ცენტრამდე მანძილი.
Comments