პაშინიანი ურდოში დაიბარეს
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 30, 2018
- 2 min read
რამდენიმე დღეც, და ამოიწურება იმ საერთაშორისო შეთანხმების მოქმედების ვადა, რომლის თანახმადაც, სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასში იღებს. ცხადია, ხელშეკრულება გაგრძელებას ითვალისწინებს, თუმცა ეს მხარეთა დამატებითი მოლაპარაკების საგანია - ავტომატური გახანგრძლივება ნაგულისხმები არაა. ეს კრემლის მიერ კარგად აპრობირებული, ცნობილი ბერკეტი, როგორც ინსტრუმენტი, აქამდე ეფექტური იყო. ეს ბერკეტი ყველგან განსხვავებული ამოცანის „სამსახურში დგას“. ვთქვათ, სომხეთის შემთხვევაში, მასში დასავლეთისკენ სწრაფვის ნებისმიერ გამოვლინებას სპობდა, მაგრამ ახლა, ამგვარი გამოვლინებები უკვე ყოველდღიურობაა - სომხეთს ახალი ლიდერი ჰყავს და ახალი პოლიტიკა აქვს.
პაშინიანი და პუტინი პეტერბურგში, ევრაზიული კავშირის სამიტზე შეხვდნენ. რა გასაკვირია და გაზის თემაც განიხილეს, მკვეთრი განცხადებები არ გაკეთებულა. საერთოდ, მას მერე რაც სომხეთის პოლიტიკურ დაფაზე განლაგება მკვეთრად შეიცვალა, ყველა ელის, რომ ეს დამოკლეს მახვილივით დაკიდული საკითხი, საბოლოოდ შეიძენს მკაფიო კონტურებს და ცალსახად გაირკვევა: ახალი ერევნის პოლიტიკა ძველი მოსკოვის მიმართ იცვლება.
იცვლება?
მოსკოვს ურჩევნია ყველაფერი ძველებურად დარჩეს, მაგრამ ის, რომ სომხეთის დამოკიდებულებებში ცვლლებები გარდაუვალია, ეჭვს არ იწვევს. ამთავითვე ცხადია, პაშინიანს ლავირების დიდი უნარების გამოვლენა მოუწევს, მაგრამ ობიექტურობა ითხოვს აღინიშნოს - სულ სხვა წონით კატეგორიაშია.

თანაც აქ, სომხეთი და მისი ლიდერი გარემოებათა მძვლები არიან. საუკეთესო შემთხვევაში, ისინი მიიღებენ რუსულ გაზს, თუმცა საბაზრო ფასად, მაგრამ ვიმეორებ - საუკეთესო შემთხვევაში, ვინაიდან რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ან ადგეს და დაკეტოს მილსადენი, ან „ტერორისტებმა ააფეთქეს“, როგორც ერთხელ ჩვენს შემთხვევაში, თუ გახსოვთ. ერთი სიტყვით, პაშინიანი, რომელიც აზერბაიჯანისგან და საქართველოსგან გაზს ვერ შეიძენს, ირანთან გაზსადენი არ აკავშირებს, ხოლო თურქეთთან მეგობრობა, მიმწყდეულია. მოსკოვმა თამასა უკვე დაადგინა: აქამდე, სომხეთი 1000 კბ.მ. ბუნებრივ აირში 150 აშშ $-ს იხდიდა, მაგრამ სომხური მედიის ცნობით (წყარო არ სახელდება), რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი კოზაკმა, თავის სომეხ კოლეგას, ტიგრან ავინიანს გაუგზავნა წერილი, სადაც აცნობა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან, სომხეთისთვის საფასური 215 აშშ $- გახდებოდა. ავინიანის ოფისი, ამგვარი წერილის არსებობას უარყოფს. მისმა პრესმდივანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ურთიერთნდობის ატმოსფეროში“ მიმდინარეობს და ულტიმატუმებით საუბარი, აქ ყოვლად წარმოუდგენელია. მანამდე, სანქტ-პეტერბურგში პუტინთან შეხვედრის შემდეგ, პაშინიანმა განაცხადა: „მე ვუთხარი პუტინს, რომ დაწეული ფასი - 150 აშშ $ 1000 კბ.მ.-ში, ვრცელდება მხოლოდ კომპანიაზე „გაზპრომ-არმენია“ და არა პირდაპირ მოსახლეობაზე“. ანუ, ის რაც სომხეთის საზღვარზე რუსული გიგანტის სომხური შვილობილისთვის 150 $ ღირს, მოსახლეობას 285 $-ად მიეწოდება. ეს შესაძლოა არაა შეტევა გაზპრომზე, მაგრამ უხერხული საკითხის დასმა აშკარადაა. და აი, სწორედ ამის პასუხად, კრემლმა ახალი ფასი გააჟღერა. და ზემოხსენებული წერილი სომხეთის მთავრობას მართლაც რომ არ მიეღო, ეს, შესაძლოა, არც თუ შემთხვევით „გამოჟონილი“ ფასია. ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფონი, რაც დღეს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს ახლავს. ჯერ იყო და, სომხეთში „კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის“ გენერალური მდივანი, იური ხაჩატუროვი დააკავეს და ამან არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ ორგანიზაციის სხვა წევრთა უკმაყოფილება გამოიწვია. ახალი გენერალური მდივნის საკითხი დღემდე გადაუჭრელია. სომხეთი 2020 წლამდე კუთვნილი ადგილის შენარჩუნებას მოითხოვს, თუმცა სხვები ამ პოსტის ბელორუსული მხარისთვის გადაცემა ემხრობიან. შემდეგ, გისოსებს მიღმა კრემლის პარტნიორი და პუტინის მეგობარი, სომხეთი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აღმოჩნდა. მოსკოვმა უკმაყოფილება ღიად გამოთქვა და თვით ლავროვის დონეზეც. შედეგად, სარგსიანი გაუშვეს, თუმცა ზედ საპარლამენტო არჩევნების წინ, კვლავ გამოკეტეს.
მოსკოვს აღარაფერი უთქვამს - ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ. მოკლედ, პაშინიანს მძიმე მოლაპარაკებები ელის. პუტინმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ სომეხ კოლეგას მომდევნო კვირაში ელის.
コメント