პომპეო რუსეთში ჩავა (+video)
- კოტე ნიშნიანიძე
- May 8, 2019
- 1 min read
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ფინეთში, არქტიკული საბწოს შეხვედრის ფარგლებში, ლავროვს შეხვდა.
პროტოკოლური ფოტოგადაღების შემდეგ, დიპლომატები მოლაპარაკებათა ოთახში განმარტოვდნენ. როგორც ხდება ხოლმე, თემების ჩამონათვალს კონკრეტიკა აკლდა. სირია, ვითარება უკრაინაში, სტრატეგიული უსაფრთოებისა და ორმხრივ ურთიერთობათა სხვა საკითხები - ასე ითქვა ოფიციალურად. სერგეი ლავროვი ცდას არ აკლებდა, რომ სილაღე ეჩვენებინა. რუსებიც, საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ მოსალაპარაკებლად შესვლამდე, მინისტრმა რამდენჯერმე იხუმრა და პრესა გაახალისაო. უკვე მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მალევე - 14 მაისს, კიდევ ერთი რაუნდი შედგება - ამჯერად სოჭში, განაცხადა კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა არც იმის შესაძლებლობა გამორიცხა, რომ დიპლომატების მოლაპარაკებათა მიმდინარეობის შემდეგ, გათვალისწინებით შედეგებისა, პომპეო ვლადიმერ პუტინმა მიიღოსო. მოკლედ, რუსებმა ფერუმარილი დაიყარეს და სახე ნელსაცხებლით აილაპლაპეს, აქაოდა ისა ვართ, რადაც თავს ვასაღებთო, მაგრამ ეს სიმჩატე, სილაღე და ქცევითი თავისუფლება იმდენად მდარე და ცუდად შესრულებული გახლდათ, რომ არავინ ჭამა. სინამდვილეში, ყველა ხვდება, რომ ლავროვი პუტინთან შეხვედრას ამზადებს თუ ჩარხავს. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ მიუხედავად არქტიკული საბჭოს მიმდინარეობისა, მხარეებს ჩრდილოეთის მარშრუტზე არ უსაუბრიათ. „ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ვთვლი, რომ იმ დისკუსიათა გასავითარებლად, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს, ვალადიმერ პუტინს და შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რამდენიმე დღის წინ, სატრელეფონო საუბრისას ჰქონდათ, ნაბიჯი წინ გადავდგით.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Comments