პრემიერ-შანსი
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 27, 2019
- 1 min read
დღეს, საქართველოს პარლამენტად შერაცხულ ორგანოში, საქართველოს პრემიერმინისტრად შერაცხული მამუკა ბახტაძე მივა. ვფიქრობ, საპარლამენტო ოპოზიციამ, ამ მოვლენას სრული იგნორირებით უნდა უპასუხოს, რადგან ეს, მელიასადმი სოლიდარობის გამოხატულება იქნება, თუნდაც.
მაგრამ, ალბათ, ასე არ მოხდება - ბახტაძეს ობსტრუქციას მოუწყობენ. იცით, შესაძლოა, ერთგვარად, იხსნან კიდეც ამით იგი, რადგან ვივარაუდებ, რომ ბახტაძეს სადმე სიგრილეში მოკალათება უჯობს, ტრიბუნაზე დგომას. მაგრამ ეს მცდარი მიდგომაა. ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ამ ფსევდოგამოსვლის ჩაშლის საბაბად, საპარლამენტო უმცირესობის ქცევა გამოაცხადოს.

უმჯობესია, ბახტაძემ საკუთარი ამფსონების წინაშე იბორძიკოს ენითაუწერელ მიღწევებზე, მტრის თვალის დასაფსებ პერსპექტივებსა და სხვა ამგვარებზე.
მაგრამ, თუ კი ხვალიდელ მოვლენას სხვა პრიზმაში განვიხილავთ, ბახტაძისთვის, როგორც ერთი ინდივიდისთვის, ერთი ქართველი ადამიანისათვის, ეს შანსია - პრემიერ-შანსი, თუ კი მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოდგება. ახლა მას შეუძლია არა მხოლოდ საკუთარ თავს ჩამორეცხოს ყველა არასასიამოვნო ეპითეტი ან უსამართლოდ ნასროლი ტალახი, არამედ რეპუტაციაც აღიდგინოს და საშვილიშვილო საქმეშიც გარიოს ხელი. უნდა გადადგეს!
აი, ასე - საჯაროდ და პარლამენტის ტრიბუნიდან.
გაბედავს? მეეჭვება, თუმცა იმედი მაქვს, ცხადია.
იდეალური ვარიანტი იქნება, თუ კი საერთოდ არ შევა პარლამენტში და ამას ხალხს გამოუცხადებს, მაგრამ აუცილებელი არ არის. მით უფრო, რომ არ ვიცი დაზუსტებით - პარლამენტთან უკვე შეიკრიბენ მოქალაქენი, თუ შვიდ საათამდე არაა მოსალოდნელი?
მაგრამ, განვმეორდები: შანსი, რომ უხეირო მენეჯერი, უპრინციპო ადამიანი და ცუდი პრემიერი „კაი ყმა“ აღმოჩნდეს, ლამის ნულოვანია.
Yorumlar