პრეცედენტის „მაგია“
- კოტე ნიშნიანიძე
- May 13, 2019
- 2 min read
ჩვენს დროში არა ერთმა სიტყვამ თუ ცნებამ დაკარგა ძარღვი. ასევეა „უპრეცედენტო“-სთან მიმართებითაც. ის უმაგალითოს, აქამდე გაუგონარს, შეუძლებლად ჩათვლილ, თუმცაღა მაინც მომხდარ რამეს გამოხატავს, მაგრამ აკი მოგახსენეთ, „გაიაფდა“.

რაა ის, რაც არა და არ აქრობს ჩვენში ნაპერწკალს, რომ „ქართული ფეხბურთი“ არსებობს და ის ფენომენალურია. ცხადია, აქ ცალკეული მატჩები და გაბრწყინებებიც ითვლება, მაგრამ დღემდე, ყველაფრის გვირგვინი 13 მაისის მატჩია - ფინალი, რომელმაც ჩვენ მოგვცა პრეცედენტი - ჩვენ შეგვიძლია. დღეს, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და, მათ შორის, მედიის წარმომადგენელი იტყვის ალბათ, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევა გახლდათ და ისინი არ შეცდებიან - აქამდე ქართულ გუნდს ევროტურნირი გამარჯვებით არასოდეს დაუსრულებია, მაგრამ ეს, შეიძლება ითქვას ფორმალურად გახლავთ უპრეცედენტო - სწორედ ზემოაღნიშნული ნიშნით.
ამევე დროს, ეს მორიგი პრეცედენტი გახლავთ და ის დღესაც ცოცხალია. და ის არ გვასვენებს. ან, ისაა, რომ არ გვასვენებს. და თანაც, პრეცედენტი არა მხოლოდ ტურნირის მოგებისა, არამედ რაღაც უფრო მეტის და, ეგებ, აღმატებულისაც
მილიონჯერ ითქვა - „დინამო“ საქართველოს ნაკრები გახლდათ - ერთიანი საქართველოსი. ანუ, ის არასოდეს ეტეოდა კლუბის მასშტაბებში და სწორედ მისმა ამ ზომამ დააყენა ყალყზე მთელი საქართველო. პატარა ბიჭი გახლდით, ათიოდ წლის. მას მერე, ეს ამბავი ჩემი, ისევე, როგორც მილიონთა, ცხოვრების ნაწილია და, ალბათ, იმდროინდელი განცდები მოცვდა, მაგრამ ერთი დანამდვილებით მახსოვს - ვხდებოდი, რომ რაღაც დიდი და განსაკუთრებული მოხდა, თუმცა ამ ზომას კონკრეტულ მოვლენასთან მაშინ, ცხადია, ვერ ვაიგივებდი. და არასოდეს მენახა ასე მდინარესავით მომდინარე ხალხი და თანაც, ამ რაოდენობით. ისე კი, მაშინდელი „დინამო“ თავად გახლდათ პრეცედენტი და მისი ერთ-ერთი ლიდერი, ლეგენდარული დავით ყიფიანი კი ნიმუში იმისა, რომ ქართველი კაცი, დამახასიათებელი ჰაბიტუსით, ჭკვიანი მზერით, განათლებული, არისტოკარატული და ამავე დროს, არტისტული, შეიძლება იყოს სპორცმენიც. დიახ, ეს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რადგან ეს ყოველივე ხდებოდა იმპერიაში, სადაც სპორტი სამოყვარულო გახლდათ და არა პროფესიონალური. ამდენად, ერთგვარი კნინობითობა აჰკიდებოდა და რომ არა ფეხბურთი და „დინამო“... ცხადია, იმ შემადგენლობიდან არა თუ სხვა რომელიმეს, არამედ მთელი გუნდის ცალკეული წარმომადგენლის შესახებ შეიძლება არა ერთის თქმა, მაგრამ ყიფიანი, ეს ყიფიანია. ყოფოა! და მიუხედავად იმისა, რომ იმ დიდებულ მატჩში გოლი არ შეუგდია, ის იყო და რჩება პრეცედენტად. და დღემდე, ის არის უპრეცედენტო.
Comments