top of page

ჟოზე ფაუსატ, არბერდ ბჭე და ძმაი ტაძრეულთა, ჟუან

ისტორიულმა ქარტეხილებმა, ასობით ხანძარმა, ნგრევამ და, ზოგადად, დრომ უამრავი ხელნაწერი და სხვა ისტორიული ღირებულების ძეგლი შთანთქა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე არც თუ ცოტა ვიცით (ადგილობრივი და უცხოური წერილობითი წყაროებით, სხვა არტეფაქტებით), შეიძლება ითქვას, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც შეგვეძლო გვცოდნოდა.

მხოლოდ იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ საქართველოს ისტორიას, ერთგვარად, ე. წ. შავი ხვრელებიც აქვს. მაგალითისთვის, ერთიანი საქართველოს მეფე, დავით IX, ძე გიორგი ბრწყინვალისა მოვიშველიოთ. რა ვიცით მისი, როგორც მეფის შესახებ, მისი საქართველოს შესახებ? შეიძლება ითქვას, თითქმის არაფერი. ვიცით, მხოლოდ მამისშვილობა, მეფობის სავარაუდო წლები და ის, რომ ისევე, როგორც მთელს ევროპაში, მაშინდელ საქართველოშიც, შავი ჭირი ბობოქრობდა.

და მორჩა.

ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ერთი ჩემი მეგობარი, ქორეოგრაფიული ანსამბლის- „ცისკარი“ -შემადგენლობაში, იტალიაში გახლდათ, გასტროლებზე. ცხადია, შანს ხელიდან არავინ გაუშვებდა და თავისუფალ დროს, რომიც დაათვალიერა, ვატიკანიც..

სწორედ ვატიკანში, ერთ აბატს შეხვდა, რომელმაც, მისი ქართველობა რომ შეიტყო, დაახლოებით ასეთი რამ თქვა: თქვენ რომ იცოდეთ, რეალურად ვინ ხართ...

ჩვეულებრივ მოკვდავთაგან, არავინ იცის, რას ინახავენ ვატიკანის დახურული არქივები. აღარაფერს ვამბობ ირანის საიდუმლო საცავებზე..

ფაქტია - ესენიც, და არა მხოლოდ ესენი, რაღაცას ფლობენ და საგულდაგულოდ მალავენ. ცხადია, აქ საუბარი არა მხოლოდ ჩვენზეა და საერთოდ, დენ ბრაუნი თავისი „დავინჩის კოდით“ და სხვა შეთქმულების თეორიები, ახლა შორს ჩვენგან!

ამ რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე ტიპიურ რუს შოვინისტს „ვეხმალავებოდი“. არ ვიცი, რამდენი ადევნებდა თვალს ამ ჩვენს პოლემიკას, მაგრამ კომენტარს ბევრი არ აკეთებდა. სრულიად მოულოდნელად, პორტუგალიური გვარსახელის მომხმარებელი შემოგვიერთდა. ბევრი არაფერი უთქვამს. რეალურად, მხოლოდ ერთი შეკითხვა დამისვა: „Prester John?“.

ქართულ ისტორიაგრაფიაში, დასახელებულ ლეგენდარულ პიროვნებას ხუცეს-იოანე (იოანე-პრესვიტერი) ეწოდება და არა ერთი მკვლევარი, მის იდენტიფიცირებას დავით აღმაშენებელთან ახდენს. უნდა აღინიშნოს, რომ საწინააღმდეგო აზრიც არსებობს და საკმაოდ არგუმენტირებულიც. სისრულისთვის, დავამატებ, რომ ხუცეს-იოანეს ქართველობაზე სხვა ქვეყნის მეცნიერებსაც უვარაუდიათ. ზოგი მას ბერად აღკვეცილ დემეტრე პირველთან აიგივებდა. ოდესელი მკვლევარი ბრუნი კი, ლეგენდის მთავარ პროტოტიპად, XII საუკუნის ქართველ არისტოკრატს, იოანე ორბელიანს მიიჩნევდა.

ცალსახა პასუხი დღემდე არ დადგენილა. იმ „პორტუგალიური რეპლიკის“ შემდეგ, ამ ერთ დროს ნაღეჭ თემას კვლავაც მივუბრუნდი. გამახსენდა ის საქაღალდეც (Folder), რომელსაც ოდესღაც „ქართული სამყარო“ დავარქვი და ის ფოტოები, რომლებიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებსა და სიგელ-გუჯრებს ასახავდნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი ქართული სამონასტრო დოკუმენტაცია და თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი სახელები სრულიად არაქართული ჟღერადობისა გახლდათ. „...სირ უდრი და მაჰად; რაუ გილა; ასქილანი; ასილინე; სირ რაო; ქრისტოდულ ეკ’ონმი; სირი ჯილიბედ; სირ არბერდ ბჭე და ძ’მაი ტაძრეულთა ჯუან; სირ უგ; ვ’გი’ლლმ... ჟოფრე ფაუსათ; სინენბრინ და მოდეარ ჯირაოდ..“ სხვაც, ბევრი.

ქართულენოვან აღაპებში ამგვარი რამ, არავის არსად შეხვედრია. დოკუმენტები იმ ხანისაა, როდესაც მონასტერსაც და სხვა წმინდა ადგილებსაც თავისი პატრონი და მცველი ჰყავდა, ჩვენი წინაპრის სახით. ეს სხვა და სხვა ევროპული ჯვაროსნული ლაშქრობების მონაწილეთა სახელების ქართული ტრანსკრიპციებია და ზოგი მათგანის იდენტიფიკაციაც კი შეძლეს. ბევრი მათგანი ცნობილია და არა მხოლოდ ისტორიის მოყვარულთათვის - მხატვრულ ნაწარმოებშიც კი გვხვდებიან. რაღა გავაგრძელო და, ერთი ვარაუდით, საქართველოში „ტაძრეული“ ე. წ. საეკლესიო ლაშქარს ერქვა და მას, ძირითადად, ტაძრის აზნაურებით აკომპლექტებდნენ. ევროპულ სანახევროდ ბერ-მონაზონ და, ამავე დროს, რაინდად მეომარ მოღვაწეებსაც, როგორც ვთქვათ ტამპლიერთა ორდენის წევრებს, ჩვენში ტაძრეულად მოიხსენიებდნენ. მაგალითად, სოსო მარგიშვილის მიერ ჩატარებული საიდენტიფიკაციო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ზემოხსენებული ჟოფრე ფაუსათ იყო ჟოფრუა ფუშე (ფულხერიუსი) იგივე Gaufridus Fulcherii, ტამპლიერთა ორდენის კომანდორი და ხაზინადარი, წარმოშობით ბურგუნდიელი. საინტერესოა და, პრინციპში, ახსნადიც: რატომ თვლიდა უძლიერესი სამხედრო-ფინანსური ორგანიზაციის კომანდორი საჭიროდ, რომ წმინდა ქალაქში ქართული მონასტერი მოელოცა და სააღაპე ფასიც გაეღო?

ის, ვინც არამც თუ ექვემდებარებოდა პეტრეს საყდრის მწყემსთავარ პაპს, არამედ მისთვისაც ანგარიშგასაწევი ძალა იყო. რა იყო ის ანდამატი, რაც წმინდა ქალაქისათვის მეომარ და წმინდა მიწაზე ახალ სახელმწიფოთა დამფუძნებლებს იზიდავდა? სხვათა შორის, იმავე დავით აღმაშენებელს რომ მივუბრუნდეთ... ბევრს სმენია იერუსალიმის მეფე ბალდუინსა და საქართველოს მეფის ურთიერთობების შესახებ. რაღაც საიდუმლო შეხვედრებზეც გავცნობილვართ ჰიპოთეზებს, მაგრამ, რეალურად, ეს არაფრით მტკიცდება და არცაა გასაკვირი - არც ერთ მონარქს არ ჰქონდა იმის დრო, რომ მომზადებისა და მგზავრობისთვის საჭირო რამდენიმე თვე, თუნდაც ძალიან პროდუქტიული, მაგრამ რამდენიმედღიანი შეხვედრისთვის დაეხარჯა. აი ურთიერთობის არსებობა კი უტყუარად მტკიცდება. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ლათინურმა დოკუმენტმა, პანეგერიტმა, სადაც პანეგირისტი მეფე დავითის მიერ ბალდუინისადმი გაგზავნილი საჩუქრებზე საუბრობს (როერიხტი 1898: 120). ცნობილია ასევე ისიც, რომ უკვე მოგვიანებით, რომის პაპმა, ალექსანდრე III-მ საგანგებო დესპანიც კი გაგზავნა, რათა ეს ლეგენდარული სამეფო ენახა. მანამდე კი გავრცელდა წერილი (1165 წ.), რომელსაც, თითქოს, ხუცეს-იოანე ბიზანტიის იმპერატორ მანუელ კომნენს წერდა. პაპის დესპანის ასავალ-დასავალი დაკარგულია. აქ, ლეგენდით გატაცება თითქოს მინელდა, მაგრამ XII საუკუნის ოციან წლებში, მან ახალი ძალით იფეთქა - ევროპა და წინა აზია შორეულ აღმოსავლეთში ჩინგის-ყაენის უბადლო გამარჯვებათა ხმამ მოიცვა. დამკვიდრდა აზრი, რომ ეს სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, სწორედ ხუცეს-იოანეს შთამომავალი იყო. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ეს ასე არაა, მაგრამ აქ, ძალაუნებურად, გახსენდება ერთი წყაროს ცნობა იმის შესახებ, რომ მონღოლები, თავიდან საქართველოშიც ქრისტიანებად მიიჩნიეს.


* * *

შესასწავლი უამრავი რამაა.

მსურველი - ნაკლები.

პროფესიონალი, კიდევ უფრო ცოტა. რა ვქნათ, რა გავაწყოთ, როგორ დავიბრუნოთ მეხსიერება?

მეხსიერება, რომელსაც გეგმაზომიერად გვისალაშინებდნენ და ლამისაა ლაქიც გადაუსვან უკვე! მეხსიერება, ურომლისოდაც, აგერ უკვე ასწლეულებია, ღამეულივით დავეხეტებით.

ახლა, სწორედ ახლა გაქვს შანსი და ამ შანსის ხელიდან გაშვება, არ იქნება.



Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page