top of page

ჟურნალიტიკოსობის 30 დღე

Updated: Aug 14, 2019

ცარიელი ტიპები მომრავლდნენ.. კი არა და, გამოეფინენ. ნუ იფიქრებთ, რომ ან რომელიმე ლიდერ-პოლიტიკოსზე, ან მოპოლიტიკოსო ინდივიდებზე ვამბობ.

არა - ახლა სრულიად ჩვეულებრივი, რიგითი თანამოქალაქე მყავს მხედველობაში - თითოეული ჩვენგანის ჩათვლით, ცხადია.

ერთი სიტყვით, ის, რასაც, პირობითად, ვუწოდებთ „ჩვენ“. გონების თვალით წარმოიდგინეთ და პროფესიულ თუ საზოგადოებრივ ფენებსა და შრეებში, სფეროებშიც, მხოლოდ ამის შემდეგ დავნაწილდეთ.

კვლავაც დარწმუნდით ძველების სიბრძნეში? კი, ეგრეა - ცარიელი კოკა ჟღერადია, სავსე ყრუ ხმას გამოსცემს.

მოცალეობის ჟამს, უბრალოდ გადახედეთ ამ ხალხს.. მათ დამოკიდებულებებს - იოლად ამოიცნობთ და ხშირად, ჩემი არ იყოს, გაოცდებით. თუმცა, არანაკლები სიხშირით დარწმუნდებით - ადრეული ვარაუდი, რომელიც ჩვენი სანაცნობო წრის ზოგიერთ წარმომადგენელთან დაკავშირებით გვქონდა, მართებული ყოფილა - დეკორაციასთან გვქონია საქმე.

მამულიშვილობის დეკორაციასთან;

ღვთისმოსავობის დეკორაციასთან; კონსტრუქციულობის დეკორაციასთან;

ყველაფერის, ყველაფერის - თავისი ექსპერტობის, ანდაც ჟურნალისტობის დეკორაციის ჩათვლით.

ცხადია, ამ „კლიმატურ პირობებში“ გვარამია ყოვლად მიუღებელ ტიპად მოჩანს, რადგან დააბრალეთ რაც გენებოთ, მაგრამ საშუალო სტატისტიკური აშკარად არ არის - გამორჩეულია. ცალკე საკითხია, რითაა გამორჩეული, მაგრამ ახლა აქ ოდას არავინ წერს. ასე რომ, მარტივად ითქვას - გამორჩეულია და ეს საქართველოში საკმარისი საფუძველია, რათა მიუღებელი იყო „სრული კომპლექტით“.

ნახეთ, ტიპს რა ვიდეო აუწყეს:

რა არის იცით? შესაძლოა პირადი ურთიერთობა არც გქონდეს კაცთან ან/და დიდად არც გესიმპათიურებოდეს, მაგრამ როდესაც გადმომდგარხარ (ჩემზე ვამბობ) და გაიძახი - პირადულიდან ნუ გამოვდივართ - საზოგადოზე დავდგეთო, სიმპათია-ანტიპათია უნდა გაიქნიო და წესიერ კაცად დარჩე. ადრეც ვთქვი: წესიერი კაცისთვის, გვარამია მტყუანი არ არის. ანდაც, ასე ვთქვათ: იმაში, რაზეც ედავებიან, ბრალი არ მიუძღვის. და მეტიც, როგორც ირკვევა, დიდად ვერ ვერაფერში სდებენ ბრალს.

ერთი სიტყვით, უბრალოა.

კომუფლირებულ პიჯაკზე, ტყვიას ტვიაში ვაჯენ-ზე და ეგეთებზე ქირქილი, ან ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ სალიას დაჰპირებია, კბილებს ჩამოგაყრევინებო, უბრალოდ სიმდაბლეა, რადგან ასეთ პირობებში, რომელიშიც ეს ადამიანია, რთულია იყო თანმიმდევრული და, მათ შორის, განცხადებებშიც.

ეს ექსტრიმია და აქ ექსპრომტი ფასობს.

საბოლო ჯამში, გვარამიას ამ ხასიათის ყველა ტექსტი, სხვა არაფერი გახლდათ, გარდა მზაობის დეკლარირება - მზაობისა, რომ იბრძოლებს. ეს უკვე პატივისცემას იმსახურებს - როგორიც უნდა იყოს ფინალი.

გვარამია მაღალი კლასის იურისტია. ერუდირებული კაცია და, როგორც აღმოჩნდა, საქმის გამკეთებელიც. ეს, შესაძლოა, საკმარისი არ არის, მაგრამ არც ცოტაა. მაგრამ გვარამია არის სუსტი ჟურტნალისტი და ძალიან, ძალიან ცუდი ტელეწამყვანი. თუმცა ამას არავინ ეუბნება და თუნდაც იმიტომ, რომ საერთო ფონზე, არც ისე „სხვა კინოდან“ იყო იგი - მისი ხელმძღვანელობით მოქმედ არხს, ეს ყველაფერში ეტყობოდა.

დღეს ის ამბობს, რომ ავტომატურად მონაწილეობს ყველაფერში, რაც ივანიშვილის საწინააღმდეგოდაა მიმართული..

მან პოლიტიკაში დაბრუნებაც არ გამორიცხა.

და პოლიტიკიდან როდის წავიდა როო? რა იყო, ბნელა?

იმ სასამართლო სხდომის კარიკატურაზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა.. ბუნებრივია, არც იყო მოსალოდნელი, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი ხელმძღვანელის ემოციური გამოსვლა, შედეგს იქონიებდა - მას გამართლება და დარბაზიდან ოვაციებით გაცილება არ ერგო. 30 დღე მისცეს, რათა 40.000 გადაიხადოს, მაგრამ აკი თქვა კიდეც - არ გადავიხდიო. მეტიც, facebook-ზე დაუწერია, გავიგე ჩემს მაგივრად აპირებთ და აბა ერთი, ხელი მოისვითო. ცხადია ვაჭარბებ. ეს ციტატა კი ღირს იმად, რომ სრულად შემოგთავაზოთ:

მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო. წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება. ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის. ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში. მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესახლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე. წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია ანგარიშს გამიწევთ და პატივს სცემთ ჩემს სრულიად შეგნებულ, ნაფიქრ, ოჯახთან შეთანხმებულ და ჩემთვის მორალურად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას

ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ, დილეგი არ აცდება. და ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავის სურს მისი დატუსაღება. არავის ისე, როგორც თავად მას და ეს წმინდად პრაგმატული ანგარიშია. მაგრამ მანამდე, სექტემბერი გადამწყვეტი მარათონია. გვარამიამ იცის, რომ შინაურების და ოპოზიციური ფრთის ცალკეული წარმოადგნელების გარდა, კანტი-კუნტად თუ მოიძებნება ხალხი, ვინც ადგება და გამოესარჩლება უფრო მეტით, ვიდრე სიტყვის შეწევნაა ან, ვთქვათ, ფინანსური „ინექცია“. მოკლედ, გვარამია ის არ გახლავთ, ვინც დიდ, საერთო, სახალხო პროტესტს ააგორებს, მაგრამ „გვარამია გისოსებს მიღმა“, უკვე „გვარამია-ც დაიჭირეს“ გამოდის, ხოლო ეს, სხვა წონითი კატეგორიაა. თვლით, რომ ეს არ მოხდება და ეს მან კარგად იცის? მაშინ სასწაულის გაკეთება მოუწევს - ძველი ტრადიციით, ახალი სეზონი ქართულ ტელევიზიაში 1 სექტემბერს იწყება. ნუ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ესეც უნდა ითქვას - უბრალოდ პეწიზა, როგორც იტყვიან. საჭიროა, რომ გვამარმია არა მხოლოდ საქმის კარგი ორგანიზატორი აღმოჩნდეს (რაც უკვე დადასტურდა), არამედ უკეთესი ჟურნალისტისა და გამოცდილი პოლიტიკოსის ჰიბრიუდული ნიმუში - ერთგვარი ჟურნალიტიკოსი. - ეთერშია „მთავარი არხი“. - ამ სიტყვებს მაგიური ეფექტი ექნება. და მხოლოდ „ოცნება“ არ არის, ვისაც ეს არ ეპიტნავება.

და რაც უმნიშვნელოვანესია: მიმაჩნია, რომ ეს სიტყვები სწორედ მან უნდა წარმოთქვას პირველმა.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page