რა ხდება „აბრეშუმის გზაზე“?
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 19, 2019
- 2 min read
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩინეთიდან ტვირთების ნაკადი მცირდებოდა, გაზაფხულის დასაწყისში გამოჩნდა, ხოლო მაისში, სულაც გაცხადდა, რომ ჯერ კიდევ თებერვლიდან მოყოლებული, მთელმა ამ დრომ ტვირთების გარეშე ჩაიარა, ხოლო „საქართველოს რკინიგზა“ ყველაფერს მალავს და ჯიუტად დუმს. ზოგმა, ეს ჩინურ ახალ წელს და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაუკავშირა. ბევრი იყო მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ამჟამინდელი მმართველობა უბრალოდ გეგმაზომიერად ჰკლავს საქართველოს რკინიგზის დიდ და ჯერაც ბოლომდე აუთვისებელ პოტენციალს. არ ვიცი, ამ ვარაუდთაგან, რომელი უფრო საყურადღებოა, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერმინისტრის აშშ-ში ვიზიტისას, მაიკ პომპეოს განცხადებამ, რომ თავი ჩინური ეკონომიკის მარწუხებში არ უნდა ჩავიგდოთ, ამ ყველაფრის დანახვა ოდნავ განსხვავებული პრიზმაშიც გახადა შესაძლებელი - იქნებ ეს რბილი ჩინური ძალაა? მაგრამ არ დაგვავიწყდეს რუსული ფაქტორიც და არა მხოლოდ როგორც ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოსი, არამედ, ასევე, როგორც ობიექტური გეოგრაფიულ-ეკონომიკური მოცემულობისა. დავაკვირდეთ ამ რუკას, რომელიც „ტრანს-ციმბირულ“ სარკინიგზო მაგისტრალს ასახავს. ის კრემლისთვის კავკასიურ მარშრუტის კონკურენტად განიხილება და, ცხადია, იმპერია სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, რათა სამხრეთული სარკინიგზო მიმართულება არაეფექტური აღმოჩნდეს.

მაგრამ რა ბერკეტი აქვს რუსეთს იმისა, რომ ჩინეთზე ამ ტიპის გავლენა იქონიოს? რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი არ ვიცით და, რეალურად, არ ვიცით რა ხდება „უკანა ოთახში“, მაგრამ ეს ჩინეთია და ის რუსეთი, და ვეჭვობ დღევანდელობაში, მოსკოვს პეკინის იძულება შეეძლოს, ხოლო დაყოლიება, იმთავითვე გამორიცხულია, რადგან ეს „ტრანს-ციმბირული“ სარკინიგზო მაგისტრალი, არაფრითაა უკეთესი აბრეშუმის გზის“ მიმართულებაზე, თუ უფრო უარესიც არაა. ჩინელები კი, პრაგმატიკოსი ხალხია და უანგარიშოდ არაფერს აკეთებენ. ამდენად, რუსეთს ისღა დარჩენია, თავისი არც თუ სახარბიელი ვარიანტის სიცოცხლიუნარიანობა, ალტერნატივის მოსპობით გაინაღდოს. ამ კონტექსტშივეა მოთავსებული ანაკლიის დასამარება. ასე რომ, საქმე მორიგ ანტიქართულ შეთქმულებასთან გვაქვს და რაც ყველაზე საყურადღებოა, ყოველივე ძველებურადაა - არ შეცვლილა აქტორთა შემადგენლობაც კი - რუსეთი თავისი სტრატეგიული ინტერესებით და რამდენიმე ქართველი, რომელსაც საკუთარი კერძო ინტერესის გარდა, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია და საქმე მოთავებულია. ცხადია, ვერავითარ დოკუმენტუ-მატერიალურ მტკიცებულებას იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ანადგურებს ამ სტრატეგიულ დარგს, ვერ მოვიტან, მაგრამ არსებობს მოვლენათა და შედეგების ლოგიკა და ის, მინიმუმ ორ შესაძლო ფაქტორზე მიუთითებს: არაკომპეტენტურობა, ან საბოტაჟი. შეღავათს არც ერთი იძლევა - შედეგად, მაინც დარგის კვდომას ვიღებთ, მაგრამ თუ კი არსებობს არაკომპეტენტურობა და საბოტაჟი, ასევე, არსებობს სამსახურეობრივი გულგრილობა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.
Comments