რაღაში?
- კოტე ნიშნიანიძე
- Aug 20, 2019
- 3 min read
Updated: Aug 22, 2019
ბევრი მიიჩნევს, რომ ისაა პერსონაჟი, რომელმაც როლი ამოწურა, მაგრამ გარწმუნებთ, ახლა უბრალოდ გრიმს იცვლის. და როდესაც ამას ვამბობ, სულაც არ ვგულისხმობ, რომ ის აუცილებლად ხელისუფლების რაიმე სხვა კომბინაციაში შეიძლება ვნახოთ. არაფერია გასაოცარი, რომ საზოგადოება მოვლენათა შემდგომი განვითარების სხვა და სხვა შესაძლო ვერსიებს ამუშავებს. მაგალითდ, გია ხუხაშვილი თვლის, რომ „მთელი ეს ეპოპეა ერთადერთ მიზანს ისახავდა, რომ ხელისუფლებისთვის რაღაც სასარგებლო გაეკეთებინა და სანაცვლოდ რაღაც მიეღო. როგორც ჩანს, რაღაც აირია და.. საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ხალვაში. მისი დაძაბული ოპტიმიზმი, რომელიც მის განცხადებაში ჩანს, აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს, რადგან მას ხელში შერჩა ფაქტობრივად, გავარვარებული ნაკვერჩხალი, რომელიც ხელს სწვავს, თუმცა, გადაგდებაც არ შეუძლია. რეალურად, მას ძალიან მცირე შანსი აქვს იყოს წარმატებული ამ მხრივ, რადგან ტელევიზია 21-ე საუკუნეში არ არის ბიზნესი, მისი ძირითადი აქტივი არ არის კედლები და ამორტიზებული ტექნიკა, ეს აქტივი არის ადამიანური რესურსი და საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელიც ფულით არ ფასდება. ან ხალვაში ტოვებს იგივე სარედაქციო პოლიტიკას რაც დღეს „რუსთავი 2“-ში არის და ამით იწვევს ხელისუფლების სერიოზულ გაღიზიანებას, ან ცვლის სარედაქციო პოლიტიკას და კარგავს ამ ტელევიზიის მთავარ აქტივს, რის შემდეგაც ამ ტელევიზიის ღირებულება, პრაქტიკულად, ნულის ტოლი გახდება... ხელისუფლების ინტერესი ამ ტელევიზიის პარალიზება იყო, მას მეტი ინტერესი არ ჰქონდა...“.

დღეს საქმეს ისეთი პირი უჩანს, რთულია რაიმეზე გადაჭრით თქმა, რომ წარმოუდგენელია. ამდენად, თუ კი ბატონი ხუხაშვილის დაკვირვება მართებულია, ლოგიკურია დავსვათ შეკითხვა: რამდენად აზარტული და, რაც მთავარია, უტეხია ხალვაში... წავა ხელისუფლებასთან კონფრონტაციაზე? თუნდაც იმიტომ, რომ.. ნუთუ არ გაუტყდა? საპასუხო სვლის სურვილი არ აღიძრა მასში? თუ ამ კატეგორიების ძებნაც, ხალვაშთან წყლის ნაყვაა? ცხადია, საუბარიც არ შეიძლება იყოს იმაზე, რომ ვინე სადმე გვარამიას დააბრუნებს და არა იმიტომ, რომ დაპირისპირების გზით მავალ ხალვაშს ეს ძალიან არ ენდომება, არამედ უფრო იმიტომ, რომ გვარამია ამას არაფრის დიდებით დათანხმდება. ერთში ხომ ხუხაშვილი ნაღდია: საკმარისია „რუსთავი 2“-ის ახლანდელი შემადგენლობა არხიდან წავიდეს, რომ ხალვშს არა თუ ჟურნალისტი, შესაძლოა ტექსტის კორექტორიც აღარ დარჩეს. მაგრამ მისი განცხადება, რომ შესაძლოა „რუსთავი 2“-ის სახით ახალი, შემეცნებითი და გასართობი არხი მოგვევლინოს, მიუთითებს, რომ მას ასეთ შესაძლებლობაზე ნაფიქრი აქვს. სალიას დღევანდელი განცხადება, რომელიც ნოდარ მელაძის და ეკა კვესიტაძის გათავისუფლებას უკაშირდება, ამჭიდროვებს მხოლოდ ვადებს, თორემ ეს რომ მოხდებოდა, ყველას გვესმოდა - „რუსთავი 2“ დასრულდა.
მაინც, რა შანსი იყო, რომ ხალვაშს თავი ღირსებაშელახულად ეგრძნო და გაებრძოლა? 2007 წელს გაგახსენებთ. Procter & Gamble-ის საწყობი ხანძარმა მას შემდეგ შთანთქა, რაც ხალვაშის მეგობარი ოქრუაშვილი, თანამდებობიდან გადადგა. შემდეგ შეიარაღებული ხალხი შეცვივდა ყველგან, სადაც ხალვაშის „სუნი ეცათ“.
ხალვაში გაიტრუნა. ხოლო 2012 წელს, განაცხადა:
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ აღადგინა პოლიტიკური წონასწორობა და რეალური გახადა იმედი, რომ ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ძირეული გარდატეხა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ვიმედოვნებ, მალე დადგება დრო, როდესაც ვეღარავინ წაგვართმევს თავისუფლებას, ვეღარავინ გამოგვკეტავს ციხეში ან გაგვაძევებს სახლიდან და საკუთარი სამშობლოდან იმიტომ, რომ გაგვაჩნია ჩვენი აზრი; როდესაც ჩვენვე განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და ვიცხოვრებთ ისე, როგორც ვიმსახურებთ. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ „ქართული ოცნება“, მხარი დავუჭიროთ პროცესებს და არ ვიყოთ მაყურებლის როლში. შიში და პასიურობა სააკაშვილის და იმ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს... ვფიქრობ, ახლაა დრო, ყველამ ერთად ვუთხრათ უარი ტოტალურ სიყალბეს – ვითომ მოგებულ ომს, ქაღალდის პირველობას, ქვიშის სასახლეებს და შუშის ეკონომიკას
გგონიათ, სულ ესაა?
ბიძინა ივანიშვილს, ქველმოქმედ ადამიანს, წაართვეს უფლება, იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც უამრავი სიკეთე გაუკეთებია. მე, როგორც ბიზნესში გათვითცნობიერებული ადამიანი, ვაცხადებ, რომ ის ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენია. ბიზნესში ასეთი წარმატების მიღწევა კი გონიერების, პროფესიონალიზმისა და სანდოობის გარეშე შეუძლებელია, რაც ასე ჭირს დღევანდელ ხელისუფლებაში
ოქრუაშვილი მეგობარი, რომელიც, როგორც ამბობს, გააკოტრეს, გავლენას და ფუნქციას ივანიშვილთან შოულობს. ამ დროს, მის კომპანიაზე პრეტენზიებს ოქრუაშვილი აცხადებს, რომელიც თითიდან გამოწოვილი ბრალდებით გამოკეტეს და თავისი „თანასაკნელი“ კოღოს ამბები რომ არ მოგვითხროს ხოლმე, ხანდახან, ჩათვალეთ, არაცაა.. თქვენის ნებართვით, ვიკითხავ: არ გეჩვენებათ რომ ხალვაში და ოქრუაშვილი ერთ მარხილში არიან შებმულნი? ასეთ შემთვევაში, კიდევ შეიძლება დაუშვათ ვარაუდი, რომ ხალვაში კვლავ მოედანზეა და თამაშობს. სხვა შემთხვევაში ვის რაღად უნდა, ან რაღაში?
Комментарии