რუსული ფაშ-ფაშიზმი
- კოტე ნიშნიანიძე
- May 5, 2019
- 1 min read
ფაშისტური აზროვნება არასოდეს აღმოცენებულა იმდენად ნოყიერ ნიადაგში, რასაც რუსი, როგორც „სახეობა“ წარმოადგენს. ეს ჯერ კიდევ მაშინ იყო ცხადი, როდესაც სტალინის სიწითლე ჰიტლერის ყავისფერობასთან აგორებდა კოჭებს. სხვა მხრივაც, სხვა ფერსა და იდეოლოგიაში გახლდათ შეფუთული, თორემ ბოლშევიზმი და კომუნიზმი, იმავე სტალინის ეპოქაში, რომელსაც დღეს ასე მისტირიან რუსეთში, განა რაიმე სხვა იყო? დღეს, რუსეთში ფაშიზმი მოდური გახდა და ეს კიდევ ერთი მკაფიო ნიშანია „იმ“ დასასრულისა, რომელიც უკვე გარდაუვლად მოჩანს და ერთადერთი, რაც კამათს იწვევს, ეს თარიღი და ვადებია. მართლაც, შეიძლება ითქვას, ამგვარი კატეგორიებისადმი მიდრეკილებას რუსეთში აღარავინ მალავს და მეტადრე ახალგაზრდათა შორის. ყველაფერი იმდენად ღრმადაა გამჯდარი, რომ ამ მენტალობის ინდივიდები უკვე ყველგან შეიძლება შეგხვდნენ და აქ, პირველ რიგში, სოციუმისა თუ პოლიტელიტისა და „ჩინოვნიჩესტვო“-ს დაბალ რგოლებზეა საუბარი, თორემ დუმასა და სხვა „მაღალ ლიგებში“ ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ორიოდ დღის წინ, ნიჟნი ნოვგოროდში მიაგნეს საწყობს, სადაც ათასობით ე. წ. „გიორგიევსკი“ ლენტი გადაუნახავთ თუ გადაუმალავთ და თითოეულს, ნაცისტური სვასტიკა ამშვენებდა. თუმცა, რაა გასაკვირი, როდესაც რეგიონის მაღალჩინოსანი სულაც მესამე რეიხის პირველი სამთო მსროლელი ბატალიონის, ჩვენთვის ავადცნობილ „ედელვაისის“ სიმბოლიკიანი ქურთუკით დაიარება.

ეს ფოტო გადაღებულია ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც რაღაცით გაწბილებული მოქალაქენი მართავდნენ. ესეც მიბრძნებულა და „დაიწვა“. „ედელვაისი“ 1939 წელს შეიქმნა და აღმოსავლეთ ევროპაში ებრაელებისადმი დიდი სისასტიკით გაითვა სახელი, ხოლო მისი რეალური დანიშნულება მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბაქოს ნავთობზე მონადირე ნაცისტები საქართველოს და კავკასიას მოადგნენ - სამთო მსროლელთა შეტევები ამაო კი გამოდგა, მაგრამ ძვირიც დაგვიჯდა. ეს ნიშანი, რომელიც სწორედ მთის ულამაზეც ყვავილს, ედელვაისს გამოსახავს, კი არ წააგავს ვერმახტისას, არამედ სწორედ ისაა. თვითმხილველთა თქმით, ქურთუკის ქვეშიდან ქარქაშის წვერიც მოჩანდა. ზოგმა ივარაუდა, რომ ის პირდაპირ ნადირობიდან მოდიოდა. რაღა დავამატო?
Comments