ს.ზ.გადოება САЛО МНЕ!
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 4, 2018
- 3 min read
ყველაფერმა ფრიად უმუხთლა. ადამიანია ისიც და ალბათ, ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ მიუხედავად ჩიხური ვითარებისა, მას გაუმართლებს. ის ხომ თავიდანვე ამ განზრახვით გახლდათ ხელმოერედ შემოხვეწილი (და უკვე არა ჩამობრძანებული). ძველად, ამას, ბოლო უჯრის დალაგება ერქვა. ცხადია, მას შეეძლო ყოფილიყო რიგითი ფრანგი პენსიონერი და როგორც დიპლომატს, ეგებ ცუდი პენსიაც არ ჰქონოდა, მაგრამ მას თბილისში დაემართა ის, რაც ბევრს პარიზში დამართნია.

ყველას გვიყვარს ფრანგული ლიტერატურა. ოჰ, როგორი გატაცებით გვიკითხავს სიყრმეში დიუმას, ბალზაკის, სტენდალისა და მრავალთა სხვათა სცენები, რომლებიც პარიზში ვითარდებოდა. ფრანგული კინემატოგრაფია ხომ ცალკე საბადოა წარმოსახვითი სურათებისა. ბევრმა ვიცით ქუჩები, ხეივნები, მეოდნები და ნაგებობებიც კი, ამ მართლაც ჯადოსნურ ქალაქში. და ამ სიმდიდრით მხოლოდ წარმოსახვაში დახუნძლულები, რეალურ პარიზში, ელისეს მინდვრებზე, კონგრესის სასახლესთან თუ ფერუს ქუჩაზე, ვიშოკებით.
სალომე ზურაბიშვილის მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით კი პირველი ათწლეულები, ლეგენდარულ საქართველოზე ამბების სმენასა და თხრობაში მიმდინარეობდა. ზრდასრული, ალბათ თავადაც ეწაფებოდა ოდინდელ სამშობლოსთან დაკავშირებულ „ყლუპებს“. და მაშინ, როდესაც საქართველოში საცხოვრებლად ჩამოვიდა, და ეს ლეგენდა შიგნიდან ნახა, როდესაც შეიგრძნო სტატუსი, რომელიც მიენიჭა, როდესაც სახტად დატოვა პატივმა, რომელსაც მის მიმართ გამოხატავდნენ და, საერთოდ, ცხოვრებამ, რომლითაც აცხოვრდა... ახალმა კავშირებმა, მისწრაფებებმა, პრესტიჟულობის განცდამ. თბილისმა, და ზოგადად საქართველომ და ქართულმა სამყარომ ისედაც იცის შოკის მოგვრა და სალომეც, დარეტიანდა
და თუ კი ე. წ. თბილისური „ს.ზ.გადოების“ ხასიათს, მისწრაფებებსა და აფთრულ-მტაცებლურ ნირს გავითვალისწინებთ, ის ალბათ კლანჭებში დაიხელთეს, პარკუჭში მოაქციეს და... დაარეტიანეს. ამ ხალხს ძალიან უადვილდება გაურკვეველი ადამიანისთვის თავბრუდახვევა - მათი ცხოვრება, ჩაცმულობა, მანერები და დეკორიც კი სახლში, ალბათ არწმუნებდა ფრანგული პროვინციის გამოზრდილ ზურაბიშვილს, რომ აი, სწორედ ესენი გახლავა იმათი შთამომავლები, ვინც ვერ დააღწია თავი რკინის ფარდას, გადაურჩა სისხლიან რეპრესიებს. სალომემ თავი სახლში იგრძნო, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ უკვე მესამე თაობის ჭორის პერსონაჟი იყო. ან, რას წარმოიდგენდა, რომ საჩუქრებს და ქათინაურებს ამაოდ არ უძღვნიან... დანარჩენს თავადაც ხვდებით - ყველას გვინახავს ეს „ბომონძღი“ და სწორედ მათი ტერმინია ეს „ქაჯი“, რომელიც სალომემ, თავის და უნებურად, სწორედ მათი არსის სრულად აღსაწერ ტერმინად აქცია - „ქადჟები“.
დღეს ეს „კასტა“ შეიკრიბა და მისადმი მხარდაჭერა „ნაციონალების“ დაგმობით გამოხატა. სალომე მგონი არ მიბრძანებულა.
ისე, მის შემხედვარეს, საქართველოს ისტორიული პერსონაჟთაგანი მახსენდება. ისიც ასე არსაიდან მოიყვანეს და წარმოიდგინეთ, ცხენის ფუნით გაჟღენთილი კარვიდან, დიდებული ტფილისის ბრწყინვალე ისნის სასახლეში დადეს. თუმცა, ანალოგია მხოლოდ ზედაპირულია და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცი გახლდათ, ან მეფობა მზითვად ერგო, ან დრო იყო სხვა, და საჭეც სხვა წონისა გახლდათ. ზედაპირული თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსება მხოლოდ „წალკოტში“ მობრუნების და ბერმუხის კენწეროში მოკალათების მცდელობასა და საბოლოო ფიასკოშია. მაშინ, გიორგი რუსის მცდელობამ უსისხლოდ არ ჩაიარა. საბოლოოდ კი, დასრულდა იმით, რაც ერთ-ერთი ძვირფასი თვალია თამარის, როგორც სულგრძელი გვირგვინოსნის, ბრწყინვალე დიადემაში. ეს ჩვენს დროშიც გაუგონარი კაცთმოყვარეობაა და მაშინდელ დაუნდობელ სამყაროში ხომ, არაკთა საგანიც გახდა. ზურაბიშვლის ფიასკო კი უკვე ნაღდად დროის შესაბამისია. მისი მცდელობა, ცხოვრების უკანასკნელი ათწლეულები სამოთხეში ნეტარებით გაესრულებინა, ამაო აღმოჩნდა. არ ვიცი, როდის და რა ვითარებაში დაუკავშირდა და შეეხო იგი რუსულ სამყაროს. მაგრამ რასაც ვუყურებ, მისი გავლენა ბევრად საგრძნობია, ვიდრე ბავშვონისდროინდელი, ლეგენდარული საქართველოსი. ბუნებით, შეგნებით და, შესაბამისად, მოთხოვნილებებით, ის რუსული სამყაროს საშუალო სტატისტიკური ინდივიდის ფრანგული მოდელია. და იპოვნა კიდეც აქ, ყოფილი საბჭოთა იმპერიის განაპირაში თავისი მსგავსნი.
Cало мне! - ეს ის ტიპაჟია, რომელიც ცნობილ ანეგდოტში ლონდონელ ჯენტლმენს დაემგზავრება. ინგლისელი და რუსი ორკაციან კუპეში, რომელის კარიც, მატარებლის მოულოდნელი დაძვრის გამო, მიჯახუნდა. კონდუქტორს მოსვლამდე, წყვილი, ფაქტობრივად, გამოკეტილი აღმოჩნდა. მალევე, რუსს სტომაქმა უმტყუნა და თქმენაც აღარ ძალედვა. ჭეშმარიტი ჯენტლმენი ფრიად შეაწუხა თანამგზავრის ესოდენ სავალალო მდგომარეობამ და ბოლოს იმდენად, რომ გაიმეტა და თავისი ქუდი გაუწოდა, რათა მას სული მოეთქვა. რუსმაც არ დააყოვნა და, რომ იტყვიან გააპიპინა. კუპეში საშინელი სუნი დადგა და არც ფანჯრის გაღება მოხერხდა. ლონდონელმა ჯენტლმენმა, როგორც შეეფერებოდა, ბოლომდე ითმინა, მაგრამ როდესაც ეს უკვე შეუძლებელი გახდა, სიგარას მოუკიდა. რუსმა, სახე ამრიზა და სახასიათო ინტონაციით, კბილებიდან გამოცრა: ისე, რომ იცოდეთ, კუპეში არ ეწევიან!
მსურს ხაზი გავუსვა - ეს მხოლოდ იმ სამყაროს აღწერილობაა, რომელმაც ზურაბიშვილზე იმოქმედა და ერთგვარად მისი დღვანდელობაც განსაზღვრა. დღეს ის აღარავის ჭირდება და მის გვერდით ყოფნაც, გარდაუვალი ფორმალობაა. რუსეთისთვის ის საიტერესო იქნებოდა, როგორც პრეზიდენტი და თუნდაც ჰააგაში წარდგენილი „არგუმენტისთვის“ წონის შესაძენად, მაგრამ დღეს რუსეთში სალომე მედიასაც კი ერთელღა გაახსენდება - მეორე ტურის დღეს.
ივანიშვილს კი სხვა გზა არ აქვს - კანდიდატს ბოლომდე უნდა მიჰყვეს. ბუნებრივია, ფსონისთვის გვარიანად დამატება მოუწევს, მაგრამ ეს ერთადერთი სვლაა, რომელიც დარჩა და ისიც, გარანტიას არაფრისას იძლევა. სხვა შემთვევაში რუსეთისთვის სასურველი პრეზიდენტის ადგილობრივი ბოსობა კი არ ეცლება ხელიდან, მიწა ეცლება ფეხქვეშ.
სრული აგონიაა.
დააკვირდით: გაკეთებულ საქმეს და ისეთ წარმატებას, რომელიც ხელშესახებიცაა და მათ დროს შედგა, ვერ გვთავაზობენ. კანდიდატი არ ჰყავდათ და სალომე შემოგვაჩეჩეს, თავისი რუსული მესიჯბოქსით. ათასი სისულელე თქვა და არაორდინალურობაში ჩაუთვალეს, ხალხს განსხავვებული ლიდერი უნდა და ეს ხომ მთლად განსხვავებულია - დაბადებითაც, წარსულითაც, წინაპრითაც, ლექსიკითაც და მიდგომებით და განხადებებითაცო, დაარწმუნეს ალბათ ივანიშვილი.
არ იმუშავა.
დაიხარჯა მილიონები და მილიონი ხმაც კი არ მოგროვდა. მეორე ტურს ან სასწაული იხსნის, ან ვეღარც სასწაული.
„ახალი“ საპრეზიდენტო სასახლის აივანზე, „დაქალოჩკებთან“ ერთად „ჩაიპიწიები“ შუქცევადად ჩაიშალა. პენსია მაქსიმუმია, რაც შეიძლება ზურაბიშვილს შერჩეს და ისიც, „ქატო იქა, ფქვილი აქა“-თი თუ დავასრულებთ და თანაც, ახლავე.
Comments