სალომემ არტურაც აღაფრთოვანა
- კოტე ნიშნიანიძე
- May 9, 2019
- 2 min read
Updated: May 9, 2019
რა გასაკვირია და ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსება აუცილებელი არაა, რუსეთში ლამის ორგაზმს იწვევს. ინეტრნეტმედია პირველივე დღეს აჭრელდა, მაგრამ როდესაც საქმე „ექსპერტულ“ მოსაზრებებამდე მივიდა, ყველაფერი კოკისპირული გახდა. ერთ-ერთმა რუსულმა ვებრესურსმა აღნიშნული თემა ძალიან ნიშანდობლივი ფოტოთი და კიდევ მეტად საგულისხმო „ექსპერტის“ მოსაზრებებით წარმოადგინა. ფოტოზე, ზურაბშივილი, სავარაუდოდ, იმ თავისის ავადცნობილი წიგნის ფონზეა წარმოდგენილი,
ხოლო მსჯელობს ვინმე არტურ ატაევი, ვლადიკავკაზის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და 2004 წლიდან, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, რომელიც არასოდეს მალავდა ჩვენდამი „სიმპათიებს“.

ასე, მაგალითად, ეს პიროვნება გახლდათ, ვინც ლავროვის აფზხაზეთში ვიზიტის „გამპრავებელთა“ მოწინავეებში იდგა. ეს პიროვნებაა, ვინ ჯერ გამოაქვეყნებს რაღაც სტატისტიკას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოსახლეობაში რუსეთისადმი სიმპათია იზრდება და მერე, სტატიას ან ინტერვიუს მიუძღვნის ამას „მოტივით“, რომ ქართველები, ალბათ გააგრძელებენ NATO-ზე ოცნებას, მაგრამ ამაოდ - დასავლეთმა ვერ გაამართლა. და კიდევ, სწორედ ეს პიროვნება ის „ექსპერტი“, რომელიც სომხეთის „სატრასპორტო იზოლაციიდან“ გამოყვანის გზებზე საუბრისას, აფხაზეთის რკინიგზის, ან ოსეთის სამხედრო გზის ამოქმედებას გვირჩევს გაგრძელებაც შეიძლება, თუმცა ესეც საკმარისია იმისთვის, რათა განისაზღვროს, თუ რა კალიბრის პოლიტოლოგთან გვაქვს საქმე. ვიდრე უშუალოდ მის ინტერვიუს შევეხებოდე, მსურს ხაზი გავუსვა აღნიშნულ მასალაში გამოყენებულ ერთ სიტყვას, თუ ტერმინს. ვინც მტრის ენა იცით, ის იოლად მიხვდებით, რომ სიტყვა раскритиковала (ფოტოს ახლავს) არ ნიშნავს „გააკრიტიკა“-ს - ეს ლამის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებას ნიშნავს. დააკვირდით, არა критически относится, отнеслас ან критикует, არამედ раскритиковала - ესეც მახასიათებელია, ერთგვარად. ინტერვიუს დასაწყისში ატაევი თითქოს ყველაფერს მართებულად აღნიშნავს - პრეზიდენტი ნომინალურია, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, მიღებულზე ვერ ზემოქმედებს... და აი, აქ „შემოდის“ მთავარი: პოპულიზმია, მოსახლეობის განწყობებზე თამაშობსო. ანუ, ჩვენ ცალსახად არ გვინდა ბაზები და სალომემ, საკუთარი რეიტინგის აწევის ამბავში, ქე რომ ჩვენ გულს გაეხარდებოდა, ის გაგვაგონა - არავითარი ბაზებიო. ამას ტრადიციული პასაჟები მოჰყვება - დასავლეთი უკავშირდება იმედგაცრუებას, ფაქტობრივად ალიანსის წევრები კი ვართ, მაგრამ დე-იურე არა, და ამით მხოლოდ NATO სარგებლობს.
გარდა ამისა, აქაც ვხდებით წევრობასთან დაკავშირებული ხარჯის არამიზნებრიობაზე გაკეთებულ აქცენტებს და, ერთი სიტყვით, ლამის ინაშვილის საპროგრამო ტექსტია. რესურსი, რომელზეც მოგახსენეთ, არ გახლავთ იმდენად პოპულარული, რომ ეს რაღაც საინრომაციო ომის შემადგენელ ნაწილად მივიჩნიოთ - უფრო საკუთარ მოსახლეობაზეა გათვლილი, რათა დაარწმუნონ, რომ არის ქართველი ხალხი, რომელიც სიგიჟემდეა რუსეთზე შეყვარებული, არ უნდა აშშ-ის ბაზები და, არის კიდევ ბუა, რომელიც ამ ყველაფერს სარმებს უდებს.
მოკლედ, სალომეს განცხადება, მხოლოდ სალომეს და რუს „ექსპერტებს“ მოსწონთ. რაღა დავამატო?
Comments