top of page

სალომეს გზა

Updated: Jul 1, 2019

უპრეცედენტო ვითარების წინაშე ვართ - საქართველოს პრეზიდენტს, რომელის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეკვეცილია, მიეცა შესაძლებლობა შეასრულოს თავისი ზე-პარტიული როლი და დაშალოს ახლა რთულია საუბარი, წამსვლელია თუ არა ამაზე ზურაბიშვილი. თანაც, დააკვირდით: მოქმედი კანონმდებლობით და ჩვენი ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს შესაძლებელი, მხოლოდ მმართველ ძალასთან ურთიერთქმედებითაა.

ამდენად, ერთადერთი საკითხი, რომელიც გასარკვევი რჩება, გახლავთ ივანიშვილის პოზიცია - აწყობს თუ არა მას რიგგარეშე არჩევნები.

მე თუ მკითხავთ, ნებისმიერი პატიოსანი არჩევნები, ივანიშვილის გეგმებთან დიამეტრალურ წინააღმდეგობაში მოდის, და დღეს, ეს კიდევ მეტად ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა - ლამის ორკვირიანმა მღელვარებამ, მისი დაწყების პირველივე წამიდან აჩვენა, რომ რუსეთი ჩვენი არჩევანი არაა და არასოდეს იქნება. მაგრამ გამოითქვა აზრი, რომ ახლა, სწორედ ბიძინა ივანიშვილია ის ძალა, რომელიც სისხლხორცეულადაა დაინტერესებული არჩევნების დათქმულზე ადრე ჩატარებით და, შესაბამისად, ის თავად იქნება ინსპირატორი მოვლენებისა, რომელიც ზურაბიშვილს ზემოაღნიშნული უფლებამოსილების აღსრულების შესაძლებლობას მისცემს.

ეს მოსაზრება კონსტიტუციონალისტმა, ლევან ალაფიშვილმა 2020news-თან საუბარში გუშინ გამოთქვა. თუმცა, მანამდე, მან ზემოხსენებული საკონსტიტუციო ვითარება განმარტა და მსურს, გაგიზიაროთ. დავიწყოთ იმით, რომ ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ამგვარი შესაძლებლობა მხოლოდ უფლებამოსილების დაწყებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ეძლევა. თუმცა, იმისთვის, რომ ეს მოხდეს, პრეზიდენტის პირადი შეხედულება, რაოდენ სამართლიანიც უნდა იყოს იგი, საკმარისი არაა - გარკვეული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება უნდა დადგეს. ამგვარი ვითარება, სრულადაა დამოკიდებული ორი სახელისუფლებლო შტოს, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შედეგებსა და გამოვლენილ უნარებზე. ანუ ჯერ უნდა განისაზღვროს თუ რამდენადაა მზად თუნდაც ერთ-ერთი მათგანი, რომ სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა, გარკვეული დროით, მმართველობის გარეშე რჩება.

კონსტიტუცია პარლამენტის დათხოვნის ორ ძირითად შემთხვევას ასახელებს.

ლევან ალაფიშვილი:

„პირველი, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტი მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს არ ამტკიცებს, ამიტომ სახელმწიფო ვერ დარჩება ბიუჯეტის გარეშე, მთავრობასა და პარლამენტს შორის ბიუჯეტზე გაუგებრობა წარმოიშვება, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ან მთავრობა უნდა გაუშვა სახლში ან პარლამენტი, მაგრამ მთავრობის გარეშე ქვეყანა ვერ გააგრძელებს ცხოვრებას. თუკი პარლამენტი ახალი მთავრობის ფორმირებას ვერ მოახდენს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დგება ვალდებულების წინაშე დაითხოვოს პარლამენტი და მეორე - ე.წ. "ნდობის საკითხს“. ეს ის შემთხვევა, როდესაც პარლამენტი უნდობლობას უცხადებს მთავრობას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და შეუძლია ეს საკითხი ყოველგვარი მოტივაციის გარეშე კენჭისყრაზე დააყენოს. შესაბამისად, მეორე საკითხი სწორედ მთავრობისადმი უნდობლობაა. მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის დასმის შემდეგ, თუკი პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება შეძლო, მაშინ ახალი მთავრობის არჩევის მეორე დღესვე, ძველი მთავრობა კარგავს უფლებამოსილებას. მაგრამ თუკი საკანონმდებლო ორგანომ ვერ მოახერხა მთავრობის დაკომპლექტება კვლავ პრეზიდენტი ერევა, როგორც ორ პოლიტიკურ შტოს მიღმა მდგომი სახელმწიფოს მეთაური, არბიტრი. შესაბამისად, ის იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ.“

და აქ, კვლავაც დგება კითხვა: აწყობს თუ არა ივანიშვილს რიგგარეშე არჩევნები? ცხადია, ის მხოლოდ ახალი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე უნდა ჩატარდეს - პროპორციული სისტემით და ეს, მართლაც დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ბევრი ხედავს საფრთხესაც, რაც, ძირითადად, ბლოკების დაუშვებლობის, მცირე პარტიების აღებ-მიცემობით, სატელიტების გაქაჩვით და მსგავსი მანიპულაციებითაა ახსნილი.

„მიუხედავად მმართველი პოლიტიკური ძალის დაღმავალი რეიტინგისა, დიდი ხანია ვამბობ, რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მომგებიანი სწორედ "ქართული ოცნებისთვის“ იქნება, ვინაიდან ის არის მმართველი პარტია და ეს უკვე თავისთავად უპირატესობაა. გარდა ამისა, რიგგარეშე არჩევნებისთვის არცერთი სხვა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია შეიძლება არ აღმოჩნდეს მზად და ეს, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას“ ანიჭებს უპირატესობას. ბუნებრივია, რომ ეს საკითხი დღეს ძალზედ აქტუალურია.

რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლებელია ეს მოხდეს კონსტიტუციის მიხედვით, დოკუმენტის ის ნაწილები, რომლებიც მე დავასახელე, მმართველ ძალას აძლევს შესაძლებლობა შემქნას ე. წ. ხელოვნური კონფლიქტი იმისათვის, რომ თუკი მის პოლიტიკურ ინტერესში შედის დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მმართველ პოლიტიკურ ძალას შეუძლია, კონსტიტუციის ეს ორი ჩანაწერი გამოიყენოს და ხელოვნურად შექმნას პარლამენტის დათხოვნის წინაპირობა, რათა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს". სამწუხაროდ, არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ბატონ ალაფიშვილს პირადად ვკითხო და ამიტომ აქ ვიკითხავ: დემოკრატიულ პრინციპებზე აგებულ სისტემაში, საარჩევნო კანონმდებლობის აღნიშნულ პრინციპთან სრული შესაბამისობის პირობებში, ხელისუფლებაში ყოფნა რატომაა უპირატესობა? ცხადია, ალაფიშვილის გაგება შეიძლება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ე. წ. სახელისუფლებლო რესურსის გამოყენებას, ყველა და ყოველთვის ცდილობდა. მხედველობაშია მისაღები ის უდიდესი ფინანსური რესურსი, რომელიც ივანიშვილს გააჩნია და რომელიც, ყოველგვარი კონკურენციის მიღმაა - ამ მოცემულობაში, ოპოზიცია აგებს და თუ პირველ შემთხვევაში, სახელისუფლებლო რესურსის არჩევნებში ჩართვა და, ასევე, კანონის ფარგლებს აღმატებული, გაწეული ხარჯი პროტესტის, საჩივარსა და, ბოლო-ბოლო, აქციათა ახალ ტალღის გამომწვევი შეიძლება გახდეს, მაგრამ ხომ არ დაგვავიწყდა, რა ეფექტი აქვს ჩვენში ამომრჩევლის მოქრთამვას და რამდენია მზად, თავი მოიქრთამოს? ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე არჩევნების იდეას საქართველოს მესამე პრეზიდენტი აყენებს, როგორც ჩანს საერთო ოპოზიციური სპექტრი მაინც თანახმაა ჩაერთოს ახალი საკონონმდებლო პაკეტის განხილვაში. მეტიც, „ევროპელები“ ახლავე აცხადებენ, განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობის მიუხედავად, არ გეგმავენ ცვლილებების ორომტრიალში გაიჭედნონ, რაც, სავარაუდოდ, ივანიშვილის ინტერესია:

„ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დიახ, უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის ბარიერი. თუმცა, რაიმე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავთ. კონსტიტუციის ცვლილებას ბევრი დისკუსია არ სჭირდება, კონსტიტუციაში რამდენიმე სიტყვა და წინადადებაა შესაცვლელი. „ევროპული საქართველო“ წინასწარ ვაცხადებთ, რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას ჩვენ დავუჭერთ მხარს. ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი. დანარჩენზე გვექნება ინდივიდუალური მაჯელობა.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

განხილვებში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა, განაცხადეს „გაერთიანებული ოპოზიციის“ არასაპარლამენტი ფრთის წარმომადგენლებმაც, თუმცა, მამუკა კაციტაძის აზრით, პირველყოვლისა, ხელისუფლებამ მათ მიერ ინიცირებული და 300.000 ხელმოწერით გამაგრებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინიციატივა უნდა დაარეგისტრიროს და ის უნდა განიხილებოდეს „ოცნების“ წინადადებათა სრულფასოვან ალტერნატივად. ერთი სიტყვით, ეს პროცესი, ნელა და ტაატით, მაგრამ მაინც დაიძრა, თუმცა ტემპმა, აშკარად უნდა აიწიოს - ბევრი დრო საქართველოს არ აქვს.


Comentarios


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page