top of page

„სამაშველო რგოლი“

მოგეხსენებათ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი განაცხადა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები დააანონსა.

ამის შესახებ, ჯერ კიდევ პირველი ტურის შემდეგ ვწერდი: ახლა ისე არავის აწყობს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, როგორც თაკო ჩარკვიანს. სწორედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია ის, რაც ჩარკვიანის ორი მისიიდან, ერთს წარმატებიით დაასრულებს. მისმა დღევანდელმა გამოსვლამ და რიხმა ცხადჰყო: მიუხედავად იმისა, რომ ის არ აპირებს ბრძოლის ამ ეტაპზე ახალი ბანაკის გააქტიურებას, მას ბანაკი უკვე მოწყობილი აქვს - ჩემს ირგვლივ, „ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა ხინჯი“ საზოგადოება შეიკრიბებაო, ასე განაცხადა. შენდობას ვთხოვ საზოგადოებას და, ცხადია, პიროვნულად ამ ქალბატონსაც, რომლის, როგორც ერთი ინდივიდის, წინააღმდეგი არაფერი შეიძლება მქონდეს იმ მარტივი მიზეზით, რომ არ ვიცნობ. და ისედაც, მისი ქალბატონობაც საკმარისია, რათა მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული ვიყო. თუმცა, ცხადია, ვიქნები პირდაპირი, რაც, შესაძლოა, ხისტად გამოჩნდეს. ახლა, მე მასზე, როგორც პოლიტიკოსზე მსურს ორი სიტყვის თქმა: კონფორმისტების დესანტი. დიახ, ჩემთვის ეს პოლიტიკური მოთამაშე (და ჯერ არა ფიგურა) წარმოადგენს განსახიერებას ყოველივე იმისას, რის წინააღმდეგაც, რის ამოსაშრობადაც უნდა ვიღწოდეთ.

ამ ძალებს ერთადერთი საზრუნავი აქვთ - თბილი კერა, ხოლო თუ კი ეს ყველაფერი ეროვნული ჭაპნისწევის გარნირით იქნება შემოთავაზებული, მთლად უკეთესი. თაკო ჩარკვიანი იმ ძალების წარმოამდგენელია, რომლებიც ახლა მოწინააღმდეგის ბანაკში არ არიან მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიუშვეს. იქ, ძველი „გლეხები“ ახალ „არისტოკრატიას“ აყალიბებენ და ძველ დროებაში „გააარისტოკრატებული“ „გლეხებისთვის“ ადგილები გათავდა.

თაკო ჩრკვიანმა ბრძოლა მიიღო და, უნდა ითქვას, მუხლი არ ჩაუხრია, რაც პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ თუ კი საპარლამენტო არჩევნები დათქმულ დროს გაიმართა, მისი შანსები, რომ დამოუკიდებელ სუბიექტად შეინარჩუნოს თავი, მისხალით იზომება. თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება იმ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის ბირთვი, რომლისთვისაც „კანონი და სამართლიანობა“ თუ რაღაც მსგავსი დაურქმევია (ისე, ამ დასახელებაშიც, როგორი უნდა იყოს მისი დადასტურებულად სრული ვერსია, შეიძლება რიგი სიგნალების მიგნება). მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველაფერს გადაწყვეტს შედეგი, რომლითაც ეს ახალი ბრძოლა დასრულდება. ცხადია, ჩარკვიანისთვის მხარში ამოდგომის სიტყვებსა და პირობებს ბევრი არ დაიშურებდა, მაგრამ აკი ვამბობ - ეს ყოფილი პარტ-ნომენკლატურის თუ პარტ-შემოქმედებითი ინტილიგენციის მეორე და მესამე თაობის სწორედ ის ნაწილია, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, თუ კი აღმოჩნდა, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები რეალურია, უხვად გაცემული დაპირებების პერმანენტული შესრულება უმალ დაიწყება, მაგრამ თუ კი აღმოჩნდა, რომ შედეგის მიღწევა შეუძლებელია და რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება, გარწმუნებთ, ჩარკვიანის ირგვლივ „შთამბეჭდავ“ ძალებს ვერ ვიხილავთ. პარტიის დაფუძნებას კი, მგონი, სამი ადამიანის განცხადებაც ჰყოფნის. ეს მშვენივრად ესმის ჩარკვიანს და ამიტომ, არც არვინ დაუსახელებია და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, განაცხადა, რომ ბოლომდე ბრძოლაში რჩება. რეალურად, ეს მისთვის ახალი ფაზაა. უფრო სწორედ კი, მეორე მისიის დასაწყისი. ეს მისია იანუსივითაა - ორი სახე აქვს. პირველი ის გახლვათ, რომ ჩარკვიანის „ლეგიონები“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის ბრძოლაში, არც თუ მცირე ძალაა. ოპოზიცია კი, ამ ეტაპზე, იმ ვითარებაში არ გახლავთ, რომ მოკავშირეები კარგოს - პირიქით, მოწოდებაც გაავრცელეს, სხვებიც შემოგვიერდითო. თანაც, ჩარკვიანის ბანაკი ეს ის ძალა არაა, რომელსაც მაღალი რაოდენოიბრივი მაჩვენებლების ამოქმედება შეეძლოს, რათა მათი წვლილი აქციასთან ათასეულების მიერთებასაც გულისხმობდეს. ჩარკვიანისა და მისი სავარაუდო მოკავშირეების ძალა სხვა სივრცეშია ეფექტური - სატელევიზიო და რადიოეთერები, საგაზეთო სტატიები, ინტერნეტგვერდები, სოციალური ქსელები, მეგობრული მუსაიფი სამზარეულოში, „ყველას დაურეკეთ“ და ა. შ. გარდა ამისა, კერძო საუბრები ქუჩაში, მაღაზიებში, სალონებში, ღონისძიებებზე და სხვ. მაგრამ მეორე სახე ამ ორსახა იანუსისა ის გახლავთ, რომ თუ კი ისე წარიმართა, რომ აქცია მარაზმს დაემსგავსა, შედეგი არ დადგა და საბოლოოდ, 2020 წლისთვის დადგენილ დროს ჩატარდა, ეგებ ძირითადი ბირთვისთვის, და ისიც, არა ყველასთვის, ერთიანი ოპოზიციის სიაში მეტ-ნაკლებად შანსიანი ადგილი გამოინახოს. თუ კი ეს ვერ შეძლეს, პოლიტიკაში მათ ადგილი უბრალოდ აღარ იქნება, რადგან ამ დროისათვის, საკუთარი თავიღა იქნება მათი ელექტორატი. ეს კი, ძალიან, ძალიან ცოტაა. P. S. საოცარი სცენა იყო.. ერთგვარად, სურრეალისტურიც. ამგვარი გახლდათ: ტრიბუნასთან, თაკო ჩარკვიანი.პარტერიდან ყვირიან „ზვიადი! ზვიადი!“ჩარკვიანი კი, „ჩვენი მამების“ მიერ წარმოებულ ამ ბრძოლაზე საუბრობს...კურიოზია.

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page