სეროჟას „ზაკაზი“
- კოტე ნიშნიანიძე
- Jun 27, 2019
- 2 min read
მგონი ყველამ შენიშნა და ათასობით მოქალაქემ აღნიშნა კიდეც, რომ „ქართული ოცნებისა“ და რუსული სახელისუფლებო წრეების, მედიის ნარატივი არა თუ მსგავსია, არამედ სრულად იდენტური და, ხშირად, კონკრეტული ლექსიკური ფორმებითაც, სრულად ერთგვარი. ერთადერთი სხვაობა ის გახლავთ, რომ რუსული მხრიდან აქტიურად პედალირებულ პასაჟს, საქართველოში ვერ/არ იმეორებენ, მაგრამ ეს „დაკვეთა“ უკვე ძალიან მაღალი ტრიბუნიდან გაისმა და, ვეჭვობ, ივანიშვილის დაჯგუფებისთვის, ნათქვამისათვის ყურის თხოვება გარდაუვალია. ცხადია, ვერ გაგვაკვირვებს ის ფაქტი, რომ ლავროვის გადმოსახედიდან, ეს „რადიკალური ოპოზიციის“ დაგეგმილი პროვოკაციაა. ამას, აკი ჩვენშიც გაფუჭებული გრამოფონივით იმეორებენ და ამდენად, ეს არ მაქვს მხედველობაში. მგონი გავრილოვის გაბუძნულებიდან მეორე დღე იყო, როდესაც ის, რუსულ მედიასთან საუბრისას, ხაზგასმით აცხადებდა, რომ პროტესტის ორგანიზატორიებს შორის, მკაფიოდ ისმოდა ინტრუქციები ინგლისურ ენაზეო.

ამის მერეც, ხშირად შევხდებოდით რუსთა მხრიდან იმაზე აპელირებას, რომ ეს ამერიკელების მხრიდან მართული ანტირუსული პროვოკაცია გახლდათ. მაგრამ ლავროვი, ეს არაა ნაკომუნისტარი პრავასლავნიკი გავრილოვი, ან თვითგამოცხადებული ბრძენი დუგინი ან, თუნდაც, ვინმე შევჩენკო. ეს, რეალურად, უდიდესი გავლენისა და საერთაშორისო ცნობადობის პერსონაა და ბოროტების იმპერიის საკვანძო ფიგურას წარმოადგენს.
„ჩვენ ვშიშობთ, რომ ამერიკელი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზება არ დაუშვან. და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ურთიერთობების ნორმალიზება აშკარა იყო.“
- განაცხადა მან და დიპლომატიაში კი არა, ჩვეულებრივ ურთიერთობებშიც, ძნელია ამაზე ღიად თქმა. ლავროვი კიდევ უფრო შორსაც წავიდა და იქვე, თავისი დედუქტიური შესაძლებლობების დემონსტრაცია შემოგვთავაზა, თუმცა, ცხადია, რუსულ სტილს არ უღალატა და ეს „მიგნება“ „ზოგიერთ ანალიტიკოსს“ მიაწერა:
„ზოგიერთი ანალიტიკოსის ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღით ადრე, სანამ საქართველოს პარლამენტში პროვოკაცია მოეწყებოდა, ბაიდენის ფონდის ხელმძღვანელი თბილისში იმყოფებოდა და არა მხოლოდ კულისებში მუშაობდა აქტიურად, არამედ საჯაროდაც ილაპარაკა იმაზე, რომ საქართველომ რუსეთთან კავშირები არ უნდა გააბას. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ამ ასპექტის უგულებელყოფა
„ტაბულამ“ მაიკლ კარპენტერის პასუხიც გამოაქვეყნა, რომელიც ამერიკელმა რუსს Twitter-ზე გასცა:
„ძვირფასო საგარეო საქმეთა მინისტრო ლავროვო, მადლობა, რომ შეამჩნიეთ საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტი. მე არ ვეწინააღმდეგები მეზობალ ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, მაგრამ როდესაც შენს ქვეყანას საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ნამდვილად მეგობრობაა ეს?“
ისიც კარგად გემახსოვრებათ, რომ სულ ახლახანს, ცნობილი შოვინისტი და ანტიქართველი, მაქსიმ შევჩენკო, რომელმაც რაღაც სამი ყალბი აბზაცით ლამის პოპულარობაც კი მოიხვეჭა საქართველოში, ყველაფერს გლობალურ თამაშს უკავშირებდა და გავრილოვის პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ჩაკვეხება, ირანის საკითს მიაბა. შესაძლოა ეს სასაცილოდ გავრილოვის კონტექსტში ჟღერს, მაგრამ რეალურად, თუ კი ამჟამად არსებულ განლაგებას გავითვალისწინებთ, ამერიკას საქართველო სწორედაც რომ უნდა ეგულებოდეს მოკავშირედ. ეს კი რუსებისთვის გულში ლახვარია. თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკული სამხედრო ძალის საქართველოში ყოფნას, აბსოლუტურად ლეგიტიმური საბაბი და მიზეზი ექნება. ასევე, ვერავინ მოსთხოვს ამერიკას გაიყვანოს ჯარები - ვერავინ, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების გარდა. და ვინაიდან, ძალიან ცოტაა იმის შანსი, რომ ქართველი ხალხის ნება, კრემლისას დაემთხვეს, საჭიროა ახლავე ყველაფრის გაფუჭება - ახლავე, ვიდრე ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ივანიშვილის დაჯგუფებაა. და აი, ეს უკვე ლავროვის სიმაღლიდან და ღია ტექსტით გაჟღერდა. ვნახოთ.
ინაშვილის ან ბურჯანაძის წიკვინი არ ჩაითვლება.
თუ სეროჟას „ზაკაზი“ ხელისფლებამ გადაამღერა, ეს უკვე სრული უნიღბობა იქნება ( რაღა უნიღბობა უნდათ, მაგრამ, მაინც..). თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, რუსებს სასურველი რეალობა ჰგონიათ - ამას, ივანიშვილის მოყანყალებული ხელისუფლება კი არა, ვერავინ იტყვის საქართველოში ისე, რომ ხალხის რისხვა არ დაიმსახუროს. ხალხისა, რომელიც მადლიერი ამერიკელი მოკავშირებისა ყველაფრისთვის, რაც მათ მთელი ამ ხნის მანძილზე, საქართველოსთვის გაუკეთებიათ. და დიახ - საქართველო ამერიკის მოკავშირეა! და დიახ - რუსეთი საქართველოს მტერია!
Comments