სიმპტომიდან სინდრომამდე
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 4, 2017
- 2 min read
საინტერესოა: ეს, მედია გრძნობს საზოგადოების მაჯისცემას თუ თავად განსაზღვრავს „პულსის“ სიჩქარეს?
აღნიშნული თემა სამეცნიერო შრომის საგანი უფროა, ვიდრე ბლოგზე გამოთქმული რეპლიკისა, მაგრამ ფაქტია და ვერსად გავექცევით: პირველნი, სწორედ ჩვენი სასიქადულო მედიის წარმომადგენლები „მიხვდნენ“, რომ ბოლო დღეთა საშინელებებმა, ჩვენზე სათანადო (წარუშლელი) შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს და ამიტომაც, უმალ დაიკაპიწეს მაჯები და... სისხლი უკვე ტელეეკრანებიდან თუ კომპიუტერის მონიტორებიდან იღვრება.

ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ხომ არ ჩამორჩებოდა?
ჰოდა, ფერხულში მასებიც ჩაერთვნენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ სოციალური ქსელებით პროზექტურაში გადაღებული შემზარავი ფოტოებიც გამოიფინა. ეს სიმპტომია! ცხადია არ არსებოსბოს კანონის იმგვარი ნორმა, რომელიც მედიას ან კერძო პირს ამ თუ იმ მოვლენის გაშუქების თუ მასზე რეაგირების რაღაც თარგებს ჩამოურიგებდა - ეს კონკრეტული რედაქციის თუ ინდივიდის არჩევანზეა, მაგრამ ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გარდა ქაღალდზე დაწერილისა? ამგვარი ვიზუალური თუ ტექსტური მასალის ტირაჟირების უკიდურესი აღფოთებით ახსნა, კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქ, ისევე, როგორც ბევრს სხვა ვითარებაში, ტონს მედიასაშუალებები იძლევიან. მათ კი (და ჩვენ ამაში არამც თუ ყოველდღიურად, არამედ დღეში რამდენჯერმაც ვრწმუნდებით) ის ინტერესი ამოძრავებთ, რაც მათ მეპატრონეებს თუ რაღაც ინტერესჯგუფებს, რომლებშიც ზემოხსენებულნი მოიაზრებიან. ერთს, ვთქვათ, წადია, რომ ხალხი სრულ აპათიამდე მიიყვანოს, რათა საზოგადოების ეს მდგომარეობა, სათავისოდ ამუშავოს.
ჰოდა, აყრის და აყრის პილპილს. მეორენი, რომელთაც ამ ერთის მიმართ გადაულახავი კომპლექსი აქვთ, ცდილობენ არ ჩამორჩნენ და თუ შანსი მიეცათ, ეგებ გადაუსწრონ კიდეც.. ხოლო ჩვენ, ანუ „მომხმარებელი“, ალტერნატივის გარეშე ვრჩებით. ეს უკვე უფრო მეტია, ვიდრე სიმპტომი. ეს სინდრომია! ცხადია, არც ის მსურს, რომ მედიამ სირაქლემას პოზა აირჩიოს და ჩვენც იქამდე გვირტყას კეფაში, სანამ მათსავით ქვიშაში არ ჩავრგავთ თავს (ამ ჩვენს სამშობლოს, თავისიც ეყოფა, ჩრდილოეთ კორეად ყოფნა რომ არ ვუსურვოთ).
ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ამ ბოლო დღეთა მანძილზე მოხმდარ საზარელ ფაქტებს და მათს ირგვლივ მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, მაგრამ არ გვინდა მთელი დღე სისხლის გუბეებს ვხედავდეთ, არ გვინდა სულისშემძვრელი ისტორიები... ისედაც შეძრულნი ვართ ვითარებით, რომელშიც არსებობისთვის გადარჩენა გვიწევს. თან დააკვირდით: შევიძრებით, აღვშფოთდებით, განვიხილავთ, დავგმობთ...
მერე ყოველდღიურობა ჩვენს ფიქრს ყოფიერების ორომტრიალში წაიღებს და ლამის დავმშვიდდეთ კიდეც, ვინაიდან სარჩო-საბადებელზე ნაჩვევი ფიქრი გვიჯობს, ამ სისაძაგლის თუნდაც ნაწილობრივ შეგრძნებას, მაგრამ საქმეში ხარ? ერთ საათში ახალი დოზა გველის. ბუნებრივია, არავინ გვაძალებს ცქერას და ჩვენც შეგვიძლია ვცადოთ - მოვერიოთ სხვა და სხვა განცდებს და საერთოდ არ ჩავრთოთ საინფორმაციო წყაროები, მაგრამ მეზობელს, მეგობარს, ნათესავს, ნაცნობს, თანამშრომელს პირს ხომ ვერ ამოვუკერავთ? ჩვენ არ ვუცქირეთ, მან უცქირა. ისაა შეძრული და არ შეუძლია ეს თავისი სავსებით სამართლიანი აღშფოთება, სადმე არ გამოხატოს.
მაგრამ გამოხატვაცაა და გამოხატვაც, ჰო? მგონი, წნეხისგან გაქცევის მცდელობები ამაოა. და კიდევ ერთელ - ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ ზოგიერთი ჩვენგანი დამშეული ნიანგივით ელის ყოველ ახალ საზარელ ამბავს, რათა გაავრცელოს, „საკუთარი პოზიცია“ გამოამზეუროს და იმის რწმენით, რომ სწორი მოქალაქეობრივი და ზნეობრივი ალაგი უკავია, „ნეტარებით“ დაელოდოს მორიგ შოკს. მედიამაც რა გაახერხოს - მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებას.
Comments