სომხური „ასალა“ თბილისში, თუ მორიგი რუსული „ტრიუკი“?!
- კოტე ნიშნიანიძე
- Jul 1, 2019
- 2 min read
ვრცელდება ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიციამ, მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას, სრულიად შემთხვევით, სომხეთის მოქალაქე, ვინმე მინას მინასიანი დააკავა. სომხეთის საკონსულო იმთავითვე ჩართულა საქმეში და ახლა, როგორც წერენ, ცდილობს დაკავების ვადების შემცირებას მიაღწიოს. შსს-სთან შედგა მოლაპარაკება და, უახლოეს მომავალში, დაკავებული ოჯახის წევრთან შეხვედრის შესაძლებლობით ისარგებლებს.

25 ივნისით დათარიღებულ წერილში, ყველაფერი სომხურ ექსტრემიზმს დაუკავშირდა. ავტორი იხსენებს 2014 წლის „მაიდნის“ ამბებს და აცხადებს, რომ მოვლენებისას, საკვანძო როლი ითამაშა სომხურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ასალა“. რომ სწორედ ეს ძალა გახლდათ, ვინც ხელს უწყობდა ვითარების დაძაბვას, ისროდა ე. წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“ და მეტიც, მოვლენათა ერთ-ერთი მსხვერპლის, სერგეი ნაგოიანის სიკვდილიც, მათ ნახელავი ყოფილა და ეს საგანგებოდ ჩატარებულ „რიტუალს“ მიეწერება, რამაც „მაიდანის“ შემდგომი განვითარების ის სცენარი, რომელსაც ადგილი ჰქონდა, შეუქცევადი გახადა..
ავტორის თქმით, უკრაინას ყველაფერი ტერიტორიების დაკარგვით, გეი-აღლუმებით და ათასი უბედურებით შემოუტრიალდა და ეს მისი სომხური წარმოშობის შს მინისტრის, ავაკოვის ოინებია. ავაკოვისა, რომელიც, მიუხედავად ხელისუფლებათა ცვლილებებისა, უცვლელი გახლდათ. გინდა არ გინდა, ამ მსჯელობაში რაღაც რუსული გამოსჭვივის, თუმცა, აზერბაიჯანელის დაწერილსაც ჰგავს, ესეც ვთვათ. და რა კავშირშია აქ თბილისი და 20 ივნისის მოვლენები? ზემოაღნიშნულ წერილში გამოთქმულია აზრი, რომ სიტუაციის ჯერ უმართავობასა და შემდგომ მართულ ქაოსში გადაზრდა, სწორედ სომხური ინტერესი გახლდათ. „როგორც ჩანს, სომეხი პროვოკატორებს ახლა უკვე საქართველოს „აფეთქებას“ სურთ, ცდილობენ გააღვივონ სამოქალაქო დაპირსიპირება და ომი, ისარგებლოს ვითარებით, დაითრიოს მიწები და საბოლოოდ, მოექცნენ ამ „აბდაუბდის“ სათავეში. საქართველოს პარლამენტის შენობის დაკავების უკანონო მცდელობის დროს, სომეხი პროვოკატორები უშუალოდ გახლდნენ ჩართულნი“. - ვკითხულობთ წერილში.
აქვე ავტორს (მითითებული არ არის) დაკავებულის სიტყვები მოჰყავს, სადაც იგი აცხადებს, რომ პატივისცემით ექცევიან და არავითარი საჭიროება არ აქვს.
პუბლიკაციაში „ბაგრამიანის ბატალიონი“ გაგვახსენეს, მათი ქმედებები და დამოკიდებულებები, რომელსაც ქართველი ტყვეების მიმართ ავლენდნენ და იქვე დაასკვნეს: სომხეთის საელჩოს მყისიერი რეაქცია, მხოლოდ ერთზე მეტყველებს - მინასიანი სომხეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია. წერილი ასე სრულდება:
„ის, რომ სომხური სპეცსამსახურები საქართველოში სიტუაციის არევაზე მუშაობენ, ეჭვს არ იწვევს და ამ ყველაფერში სომხეთის მოქალაქეების მონაწილეობა, დამტკიცებული ფაქტია“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება, არსად შემხვედრია. არც ისაა ცნობილი, არის თუ არა რეალურად მინას მინასიანი ტერორისტული ორგანიზაცია „ასალა“-ს წევრი.
Comments