სპასპეტის ოცდამეოთხედი
- კოტე ნიშნიანიძე
- Nov 10, 2018
- 4 min read
სადღაც, დილის ხუთი იქნებოდა, როდესაც ეს ჩანაწერი დავიწყე... პირველმა საათმა სწრაფად გაირბინა და, მერე.. აუ, რა გვიან თენდება, ვიფიქრე მატჩამდე 12 საათით ადრე. ვიცი, ამგვარი მოლოდინი, წუთებისა და საათების თვლა.. - არ გაგაოცებთ. ჰოდა მეც, თქვენსავით, მასე ვარ. მოკლედ, ვჯღაპნე მოკლე და გრძელი აბზაცები. განზრახული მქონდა შავი მასალის დატოვება, რათა მერე კარგად დასვენებული გონებით, საგულდაგულოდ.. რაღაც მომენტში გავწყდი, ისედაც დღე-ღამე არეული. საბოლოოდ, გამოძინების იმიტაციების შემდეგ, როგორც ვგეგმავდი კიდეც, ისევ ამ საქმეს მოვუბრუნდი და იმ ზემოხსენებულ შავ მასალას გადავხედე. დაწყება, ასე დამიპირებია: „კაპიტანი ყველა სპორტულ გუნდში მნიშვნელოვანი ფუგურაა, ცხადია, მაგრამ ასე მგონია, სარაგბო გუნდის კაპიტანი - ამ დევკაცებში, ჯიქებსა და ვეფხვებში გამორჩეულად აღიარებული პიროვნება, სულ სხვა „სიბრტყეა“ - რაგბია ასეთი სპორტი...“

და აი, აქ ყველაფერი გამახსენდა, რისი თქმა მეწადა და რაც აქ წარმოდგენილი ფოტოს ინსპირირებულია.
დიახ, ამ ფოტოზე მინდა გითხრათ. მსურს ვცადო და კადრზე აღბეჭდილი წამის ოცდამეოთხედზე ჩემი თვალით შეგახედოთ. თუნდაც იმიტომ, რომ რაც უნდა ენაწყლიანი ვიყო და როგორ ხატოვნადაც უნდა გამოვთქვა ჩემი აზრი, ის მაინც შიშველი ემოცია იქნება, ნაცვლად კომპეტენტური, თუნდაც „პროფესიონალი“ გულშემატკივრის აზრისა. და სიმართლე რომ ითქვას, ახლა, როდესაც მატჩამდე თითქმის აღარაფერიღა დარჩა, აღარავის უნდა ექსპერტული წიაღსვლები - ყველას უნდა მატჩი და ემოცია.
ჰოდა, მოდი და მეც, ემოციაზე მოგახსენებთ. დავიწყოთ ზოგადად, ფოტოთი. მოგეხსენებათ, ერთი წამის ხანგრძლივობის მოძრავი კადრი, 24 უძრავი ფოტოკადრისგან შედგება. ანუ რეალურად, ახლა აქ ჩვენ ერთი წამის ოცდამეოთხედს ვუცქერთ. შეიძლება ითქვას, ფოტოზე წარმოდგენილ „ბორჯღალოსანთაგან“, ყველას ვცნობთ, მაგრამ სახე, მხოლოდ ორისა მოჩანს - კაპიტანი შარიქაძის და „იუნგა“ აფრასიძისა. აი, სწორედ ეს მომეტი, თუ კი შეიძლება ასე ითქვას, აკეთებს ამ ფოტოს. მოდით, „წყალი პატარასია“-ს პრინციპით, ჯერ ჩვენს „ეშმაკის ფეხზე“ ვთქვათ. ეს რაგბია - აქ შეიძლება არა მხოლოდ ასაკით, არამედ ზომითაც პატარა იყო, მაგრამ გუნდი სრულფასოვან წევრად გაღიარებდეს - სპა არის სპა და შენ ამ სპაში ირიცხები. და თუ კი ირიცხები, ხარ თანასწორი თანასწორთა შორის. და ეს ფოტო ამის ძალიან მკაფიო დასტურია - დევების გარემოცვაში „თავისუფლად“ მდგარი გელაც, ეგეთივე დევია!
ამგვარი რამ, ჯარის გარკვეულ სახეობებში შეინიშნება მხოლოდ და ამ ფოტოში, ესეც ფრიად მეტყველია. ცხადია, ვერავინ იტყვის, რომ ვთქვათ საფებურთო გუნდში ასე არაა და იქ „დედოვშინა“ ყვავის და ეგეთები, მაგრამ ახლა, ეს არ მაინტერესებს.
კიდევ უფრო ღრმად ჩავხედოთ ამ ამბავს. რა დიდი აკადემიკოსობა მაგას უნდა.. ყველამ ვიცით რომ ის, რასაც დღეს სპორტის ათეულობით სახეობა თუ ვქესახეობა აერთიანებს, ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ოლიპმპიადებიდან დაწყებული, გახლავთ „ვარჯიშობანი“ და „წურუთუნაი“ „მხედრობასა და წყობასა შიგან“.
მცირე გადახვევა: საერთოდ, მიუხედავად მთელი მისი საშინელებისა, ომი „საინტერესო“ რამ არის იმ კუთხით, რომ ხშირად, ტექნიკისა თუ ტექნოლოგიური პროგრესის ინსპირატორი ხდება, რითაც აუმჯობესებს.. გადარჩენილთა ცხოვრებას! - კურიოზია.
ადამიანმა ბევრი რამ, რაც მის უძველესი ცხვორების ყოველდღიურობას შეადგენდა, მრავალმხრივ გარდასახა - ცეკვასა და თამაშობებში, იგავებსა და არაკებში.. იყო დრო, ბრძოლა ყოვლად ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახლდათ. „ლახტი“, ძველი ქართული თამაში, რომელიც, ყველაფერთან ერთად, კონკრეტული სცენარით ციხის აღების სავარჯიშო გახლდათ. „ისინდი“?
ცდებით თუ კი გგონიათ, რომ საუბარი „ლელო-ბურთამდე“ მიმყავს. ეგ ფაქტორია, ცხადია და რიგ შეხედულებათა უტყუარი დასტურსაც წარმოადგენს, უთუოდ, მაგრამ ახლა და აქ, ამაზე არა - გავეშვათ ქართულს და მთელი კაცობრიობისა ვთქვათ: „მარათონი“ თავისი კილომეტრებით, ბეატლონი, შუბის ტყორცნა, სირბილი წინაღობებით, ესტაფეტა, დოღი და ხუთჭიდი? მოკლედ რა... - მიმიხვდით, ვიცი. რატომ გვიყვარს ასე რაგბი და რატომ მიგვაჩნია ჩვენს თამაშად?
ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანს, მუდმივად ეჭვი ღრნის, რომ შესაძლოა საკუთარი თავის შეფასებაში ცდება და ამიტომაც, ზედმეტად კრიტიკულია ხოლმე. ასე მასწავლიდნენ - საკუთარი თავით კმაყოფილება თუ იგრძენი, არაა საქმე კარგადო. ჩვენც, ვისმენთ, ვეცნობით, ვკითხულობთ, წარმოვიდგენთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ამბებს... და მუდმივად ის ეჭვის ჭია გვიღრნის სულსა და გონებას: გადაჭარბებასთან ხომ არ გვაქვს საქმე? კი, მაგრამ, როგორ კაცო?.. და ეგეთები - განა რა, თავად არ იცით, მე რომ არ ჩამოვთვალო?
ჩვენ მუდმივად გვჭირდება პერმანენტული ულუფა დასტურისა, რომ ეს მართლაც ასე იყო და არის. რაში გვიჭირდება? ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, და მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაშიც კი, საკმარისზე მეტი საფუძველია, რათა ბრძოლა განვაგრძოთ.
#ბრძოლაშიბედნიერნი! - ეს ჩვენი ახალი სლოგანია და მგონი სულაც მილტონია მისი ავტორი, ერთგვარად, ვინაიდან მან გაგვახსენა.
შინაურობაში, ამას „ხორუმის სინდრომს“ ვუწოდებთ. ამ „თეორიის“ მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ცეკვის მრავალფეროვნებით ბევრი ვერ შეგვედრება, ჩვენ მაინც ხორუმი გვირჩევნია ყველას და ყველაფერს - საბრძოლო (მილიტარისტული) ცეკვა, რომელიც თავიდან ბოლოდე გადმოსცემს ერთ რომელიღაც ეპიზოდს. სწორედ ის გვაღელვებს და ის აღვიძებს ჩვენში მეომრულ სიშლეგეს, ცქვიტობასა და მარიფათს, თორემ „ქართული“ ან იგივე „სამაია“, სულ სხვა და ბევრად უფრო დახვეწილ განცდებს ბადებს ჩვენში. და ანალოგიურად, რაგბი გვარწმუნებს, რომ არა, არ ვცდებით - ჩვენ დიდი და მებრძოლი ერის განუმეორებელი შვილები ვართ და სწორედ ამის დასტურია ქართული რაგბი - თავის რკენით, დასხლტომით, ღლეტვითა და გადაყრებით. მწყობრად დაცვითა და მწყობრი შეტევით.
რა შეედრება იმ ემოციას, რამელსაც ლამაზად შესრულებული საფეხბურთო გოლი გვძენს, მაგრამ გოლი, ვერასოდეს გახდება ლელო და, ცხადია, პირიქითაც. ახლა რთულია კარლინგის (თუ ბოლო-ბოლო რა ჰქვია მაგ რაღაც სახეობას?) საბრძოლო ან სანადირო, ჰეროიკულ ეპოზოდებთან, ეპოსსთნ და საგებთან დაკავშირება და არცაა საინტერესო - ანბანური ჭეშმარიტებაა - სპორტს, საფუძვლად, შემთხვევათაგან აბსოლუტურ უმრავლესობაში, ფესვად საბრძოლო ან სანადირო თავგადასვლები უძევს. ჰოდა, იმ შავ ნაწერს რომ მივუბრუნდი.. სადღაც ველებზე ჩაკვეხებული დამხვდა: წყობასა შიგან.. მწობრი, მწყობრად, განეწყვე.. განწყობა. გუნება-განწყობილება!.. ახლა სუტყვათა სემანტიკურ-ეტიმოლოგიურ წიაღსვლებს არ ვაპირებ, ნუ შეშინდებით. ნეტა რა გუნება-განწყობილებაზე იქნება სრულიად საქართველო სადღაც 3 საათში.. ამ ჩემმა რაღაც „ძაან ჭკიანმა“ აზრებმაც, გვარიანად დამღალეს, იცით?. ეს დროც, მიიზლაზნება. რაგბი - ეს ერთი საბრძოლო ეპიზოდის სარიტუალო სანახაობისგან თამაშობად, და ბოლოს კი, სრულფასოვან სპორტად ჩამოყალიბებული გუნდური დაპირისპირება, სხვა არაფერია თუ არა ბრძოლა, რომელმაც „კულტურული მეტამორფოზა“ განიცადა. და სპასპეტი გაჰყურებს ბრძოლის ველს.. შარიქაძე დაბრუნდა. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ბევრისგან მსმენია და პრესაშიც არა ერთხელ ითქვა, რომ იგი სწორედ ლიდერის თვისებებით გამორჩეული კაცია. ეტყობა კიდეც და თუნდაც იმაში, რომ საკუთარი სტატუსის მნიშვნელობას, ცხადად აცნობიერებს და ყავარჯნებითაც კი, გუნდთან იყო. რამდენ რამეს კითხულობთ მის ამ მზერაში, რომელიც წამის ერთი ოცდამეოთხედია? ცხადია ბევრს. და რაც ყველაზე საინტერესოა, არანაკლებ ბევრია იმის რიცხვიც, რაც ამ მზერაში არაფრით იკითხება. მაგალითდ, შიშს, რიდს, ან თავდაუჯერებლობას ხედავთ სადმე? მან გუშინ კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა - სტადიონზე, რომელიც დღეს იატალიურ-ქართული ისტორიულ დაპირისპირებას უმასპინძლებს. ეს მატჩი ქართულ, იტალიურ და მსოფლიო რაგბშიც კი შევა, რადგან „საწებელი“, რომელიც მედიის ყურადღების, აჟიოტაჟის და რიგი სხვა „ინგრედინეტებისგან“ მზადდება, სწორედ ამ ეფექტს იძლევა. და ეს ასე მოხდება ნებისმიერი რეზულტატის შემთხვევაში. ცხადია, ჩვენ გამარჯვება გვსურს, მაგრამ (კინაღამ ვთქვი, ბურთი მრგვალიამეთქი) მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს მატჩი, მასზე დაწერენ დღეს, ხვალ, ზეგ, თვის ბოლოს და ათი წლის შემდეგაც, ვთქვათ, ევროპული რაგბის განვითარებისადმი მიძღვნილ ტექსტში.
Comments