სხვა ხალხი, ანუ მამაჩემის მტრები
- კოტე ნიშნიანიძე
- Dec 5, 2018
- 4 min read
Updated: Jul 30, 2019
ალბათ უფრო საჭიროება კარნახობდა, ვიდრე მოულოდნელად გაღვიძებული ჰუმანიზმი, მაგრამ ერთხელაც, სტალინმა გამოაცხადა, რომ ძე, მამის ქმედებაზე პასუხისმგებელი არაა და მამაჩემს მოეხსნა დამღა - „ხალხის მტრის შვილი“.
აღარ მოვყვები თუ რას ნიშნავდა ეს მოზარდისთვის იმ დროში და თანაც იმ პირობებში, როდესაც დედაც შუა აზიაში გადაუსახლეს და მცირეწლოვან დებთან და გოგონას ასაკის მამიდასთან ერთად, უზარმაზარი იმპერიის ქუჩაში აღმოჩნდა.
მალე, მეორე მსოფლიო ომიც დასრულდა და ამგვარი ახალგაზრდებისთვის, უმაღლეს სასწავლებელშიც გაიხსნა გზა.
სხვა მხრივ ყოველმხრივ დაჩაგრულმა და სწავლას მოწყურებულმა მამაჩემმა, მაღალი თამასა აიღო, სასწავლებლად იმპერიის დედაქალაქში წავიდა და თავისი ასპირანტურიანად, რამდენიმე წელი იცხოვრა იქ.

კაცი ისე გარდაიცვალა, ფრენისადმი შიში ვერ დაძლია და ბოლომდე მატარებლის ერთგულად დარჩა. შესაბამისად, ეს წლებიც ასე ვაგონ-ვაგონ გაატარაა და ობიექტურადაც, მაშინ არც სამოქალაქო ავიაცია იყო განვითარებული. ნუ, ამგვარი ისტორია ხომ, ყველამ ვიცით, ვისაც ოჯახში ან საახლობლოში ამ თაობის ხალხი გვყოლია: მოსკოვში ჩასულ თბილისის მატარებელს, ბაქანზე რუსი ქალბატონები ხვდებოდნენ და ოღონდ ქართველი კაცის ყურადღება მიეპყროთ, ყველაფერზე მზად იყვნენ - სთავაზობდნენ უფასო საცხოვრებელს, სმა-ჭამას, მზრუნველობას და, სადმე ქართველ თაყვანისმცემელთან ერთად მისვლა ხომ, საერთოდ, ლახვარი იყო სხვათა ბოღმით სავსე გულებში.. და ა. შ.
მაგრამ ამ ხნის მანძილზე ის დასკვნა გამოვიტანე და მის სისწორეში, მას მერეც ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ რუსს, როგორც არსებას, ქართველისა, როგორც არსებისა, არაფერი ესმისო - რატომღაც სულ ასე ასრულებდა მამაჩემი და ბოლოს, მივხვდი რომ ესეც და სხვა მსგავსი ისტორიები, იმიტომაც ჰქონდა მუდმივად მზად და ლამის მომარჯვებული, რომ ასე დაესრულებინა
ბუნებრივია, ამ და ამის მსგავს ყველა ამბავს, თავისი მრავალფეროვანი, მრავალპლასტიანი თუ შრიანი „ჩასახვევები“ ჰქონდა, მაგრამ ბევრია და არ დაგღლით.
სხვათა შორის, ბევრს ჰქონდა მცდელობა, აეხსნა ქართველთა ზემოხსენებული პოპულარობა, როგორც ფენომენი. ეს თემაც გადაღეჭილია და არც ამაზე დაგახარჯინებთ დროს.
ფაქტია, მას მერეც, განსაკუთრებით კი 60-70-იან წლებში, ქართველი აპრიორი „კარგ ტიპს“ ნიშნავდა - განსხავვებულად ემოსა, განსხვავებულად ხარჯავდა, განსხვავებულად მღეროდა, განსხავევბულად თავაზიანი, განსახვავებულად მამაცი და საოცრად მამაკაცური. (ვაღიაროთ - ქართველი კაციც განიცდიდა ერთგვარ მეტამორფოზას და ხდებოდა ისეთი, როგორიც არასოდეს იყო შინ). მოკლედ, ქართველი კაცი სულ სხვა „რამ“ გახლდათ. უნდა ითქვას, ამით სხვა კავკასიელები თუ აქაურობის არაკავკასიელი მკვიდრნიც სარგებლობდნენ. აი, დაახლოებით ისე, როგორც ერთ ცნობილ ფრანგს აქვს აღწერილი, თავის მოგზაურობაში, როდესაც მოგვითხრობს თბილისის ამბებს და გვიყვება, თუ როგორ ეუბნებოდნენ ტანწერწეტა ქართველ არისტოკრატ ქალზე, აი, სომეხიო, ხოლო გაფაშფაშებული, მოთანთალე ქალი-ტოლმა, მათ მიერ ქართველად საღდებოდა. ანალოგიური ვითარება იყო იმპერიულ საბჭოეთშიც - ყველა კავკასიელი, სარგებლობდა ვიზიულურ-გენეტიკური მსგავსებით და იბრალებდა ქართველობას - ზოგი კი საგანგებოდ, სწორედ იქ იბრალებდა ქართველობას, სადაც ჩვენთვის ჩრდილი მოყენება სურდა (კოლმეურნეობის თავჯდომარის გვარს და სახელს არ დავასახელებ). საბჭოთა ჯარისდროინდელი ამბებიც, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, თუ შინაარსითა და პერსონაჟებით არა, ფაბულითა და ქვეტექსტით, უთუოდ.
აი, მაგალითად: ერთ ქართველ ბიჭს, ნამეტნავად მოწესრიგებულ და დავარცხნილ ნაწილში მოუწია სამსახური, მაგრამ პირველივე დღეს, (ვიღაც რეალურ და, შემდგომ, მითოლოგიზირებულ ქართველთმოძულესთან) კონფლიქტი მოსვლია და თან იმ მასშტაბის, რომ გენერლის ყურამდეც მისულა საქმე და დივიზიის ტრიბუნალიც დაინტერესდაო თუ რაღაც მსგავსი...
აჰა, როგორც კი ერთი ქართველი გამოჩნდა, დაიწყო არეულობაო, დაუჩივლია გენერალს.
ამგვარი ისტორიები იმდენია და იმ ასაკის, რომ ლამის ფოლკლორად იქცა და, ცხადია, გადაჭარბებასთან ერთად, რომელიც არსით გარდაუვალია, ყოველივეს რეალური ამბებიც უდევს საფუძვლად. ამბავი ხდებოდა, ვრცელდებოდა და, რაც მნიშვნელოვანია, ორი დამოუკიდებელი მიმართულებიდან, რადგან იგივე ამბავი (არა კონკრეტული, არამედ ესეც ლამის მითოლოგიზირებული) „იმ“ მხრიდანაც ტრიალებდა ჰომოსოვიეტიკუსის გონების ღარებში. და ეს ყველაფერი, ხდებოდა დაუოკებელი ზიზღის ფონზე, რომელიც ამ შენი განსაკუთრებულობის და განსხავევბულობის გამო, მათში შეუქცევადად ღვივდებოდა.
ხოლო ზიზღი ის ნისლია, რომელიც სურათს ამახინჯებს და რეალურად, ყველაფერმა დაადასტურა: მიუხედავად თითქმის ხუთასწლიანი პირდაპირი ურთიერთობებისა, ორასწლიანი თანაცხოვრებისა და სხვა ფაქტორებისა, რუსმა ვერ შეძლო შეეცნო ქართველობა, როგორც ასეთი.
თავიდან, მისთვის, ისევე როგორც მთელი კავკასიელები, ჩვენც ადგილობრივი „ტუზემცები“ ვიყავით (туземцы - ოფიციალური მიმოწერიდან საიმპერატორო კარს). საუბარი მესამე, მეოთხე რიგის სალდაფონ-ჩინოვნიკებზეა, რომლებიც ეგებ მეათენი იდგნენ მეფისნაცვალისთვის მოსხენების მომზადებელთა რიგში. ის კი, თავისმხრივ, იმპერატორს პირადად წერდა და ვითარებას, მიღებული მოხსენებების შესაბამისად ადგენდა. თუმცა, იყო პოლიტიკაც - რუსიფიკაცია, როგორც ნაცადი ინსტრუმენტი. მაგრამ, თუ კი მანამდე, მთელი თავისი სამხრეთული ეპოპეის მანძილზე, რომელიც ლამის ორასი წელი გრძელდებოდა, რუსებს დაბალი, ან ძალიან დაბალი სოციალური განვითარების საფეხურზე მდგარი ეთნიკური ჯგუფები, სხვა რწმენის, დაბალ კულტურის ხალხები და ხალხთა გაერთიანებები, ნახევრად სახელმწიფოები, საშამხლოები და სახანოები ხვდებოდა, საქართველოში, ის პირველად შეხვდა მასზე კულტურულად ბევრად ღრმა, მრავალფეროვან, მდიდარ და უძველელს ქრისტიანულ მონარქიას, რომლის სათავეშიც, უკვე 1000 წელი, ერთი დინასტია იდგა. სამასი წლის რუსეთისთვის, რომელიც მესამე თუ მეოთხე დინასტიის კვდომას და, ამჯერად, გერმანიზაციას განიცდიდა, ეს სრული შოკი გახლდათ. არასრულყოფილების კომპლექსი, რომელიც, თუ კი ეს შესაძლებელია, სახელწმიფოს გაუჩნდა, მისთვის დღესაც მტკივნეულია.
გარდა ამისა, მას წინ ჩაეღობა უძველეს სამოცუიქულო ეკლესია, რომელიც იმავე ბიზანტიის მართლმადიდებლობის კბილა გახლდათ, რომლის სამართალმემკვიდრედ თუ უფლებამონაცვლედაც, თავს რუსეთი აცხადებდა. და ცხადია, რუსი ვერც იმას ხსნიდა, რომ პატრიარქი, რომელიც მასთან მაღალი რანგის, თუმცა მაინც ერთი ჩინოვნიკი გახლდათ, დაშლილ საქართველოშიც კი, ყოველი ქართველის მწყემსმთავარი გახლდათ. რუსი მიხვდა, რომ ამ არაჩვეულებრივ ხალხთან, ჩვეულებრივი ინსტრუმენტი არ გამოდგებოდა.
მცირე გადახვევა: რა ამის პასუხია და იცით, რატომ ეწოდება ქართულ ჩოხას, რუსულად „ჩერკეზკა“? იმიტომ, რომ სამხრეთისკენ წამოსულ რუსს, ასე შემოსილი ჯერ ჩერქეზი შეხვდა, და მერე სხვა. საქართველოში მოსულისთვის კი, სამოსს „ჩერკეზკა“ უკვე ეწოდებოდა.
დავუბრუნდეთ თემას.
ერთხელაც, რუსებისთვის ცხადი გახდა, რომ ჩერქეზი, ან ნებისმიერი ჩრდილოკავკასიელი, არ შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველზე კულტურული გავლენის მქონე. უფრო პირიქით - ეს საქართველო ტოვებდა მთელს კავკასიაზე წარუშლელ კვალს. ცხადია, იქაური წარჩინებული საზოგადოება თბილისსა და საქართველოს სხვა დიდი ქალაქებში ნანახის მიბაძვით იმოსებოდა და არა პირიქით. იქაური „არისტოკრატიის“ ენა ქართული უკვე აღარ იყო, მაგრამ ასე თუ ისე, ყველა საუბრობდა.. მესმის, რომ ლამის ექვსი კილომეტრის გრანიტის, ბაზალტისა და ყინული კედლის მიღმა სამყარო, მათთვის ისეთივე შორეული და მიუწვდომელი იყო, როგორც ვთქვათ ამერიკის კოლონიზატორებისთვის, ადგილობრივთა ყოფიერება, მაგრამ რუსები XIX მეცხრამეტე საუკუნეში იყვნენ იმ მენტალობისა, როგორიც დასალეთევროპელნი რამდენიმე ასწლეულის წინ (ახლაც, ზუსტად ანალოგიურადაა). თუმცა ჩვენთან, იმპერიას რადიკალურად სხვა ვითარება დახვდა - სახეზე იყო ასაკოვანი და სნეული „უფროსი ძმა“ და მას, ვისაც თავად სურდა უფროსი ძმობაც, მამობაცა და დედობაც, დამხვდური უნდა შეეთქვლიფა, შეეთქვიფა, შეედღვიბა და შეეზილა თავის მახინჯ სხეულში, რომელშიც უკვე თუხთუხებდა განადგურებულ სულთა და გენთა „ბულიონი“.
განსხვავებულობის შლას ისე რუდუნებით შეუდგნენ, რომ ათასი რამ გამორჩათ მხედველობიდან. და აქ, მათი მოკვაშირენი აღმოჩდნენ ის გასულმდაბლებული ადამიანები, რომლებიც სოციალურ მდგომარეობას და როგორც იტყვიან ხოლმე, ფოჩიან კანფეტებს ყველას და ყველაფერს ანაცვალებდა. ციციანოვები, ბარატინსკები, ანდონიკოვები, სეხნიევები და ვინ მოთვლის.. მერე კი, უეროვნებო და უღმერთო კომუნისტებმა, ჭეშმარიტი არისტოკრატიის, შემოქმედებითი, სამეწარმეო თუ სამეცნიერო ელიტის ბოლო ნარჩენებიც ამოწყვიტეს და აქ, მოკავშირეებად უკვე სულ სხვა ძალები გაიხადეს. საქართვეოში მათი ხალხი ე. წ. საბჭოთა ინტილიგენცია, წითელი დირექტორები, კორუმპირებული ძალოვნები, უშუშროების ელიტა, პარტიისა და კომკავშირის სხვა და სხვა რანგის ფუნქციონერები და ყველა ჩამოთვლილთა ოჯახობები გახდა. ეს იყო ხალხი, რომლებიც უკვე ჩემი თაობის საქართველოს გადაეღობა და ამჟამადაც, მესერივით ჩამდგარა. ცხადია აქ არ იგულისხმება კონკრეტული ინდივიდები და, ცხადია აქ „კუდიანებზე ნადირობას“ არ ვაცხადებ.. აკი ჩვენ სხვა ხალხი ვართ და მათ ვერ დავემსგავსებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ კრებსით განსაზღვრებად, ნაღდად გამოდგება ეს „თიკუნი“.
Comments