top of page

ტფილისთან ერთად მოკლული პოეტი

Updated: Sep 11, 2019

XVIII საუკუნე იწურება. მსოფლიოში დუღილის ტემპერატურა მზარდია. სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე კორსიკელი დამყრობელი გამოდის, თუმცა ჯერ მხოლოდ ახალგაზრდა გენერლის რანგში.

ree

ბრიტანეთის იმპერია საზრუნავსა და შემოსავალში დუღს და გადადუღს.

ჰაბსბურგებს, არწივის ნაცვლად, მტრედი უზით ტახტზე და მისი ძუ ლომი დედოფლის გარჯანი, ფუჭად დარჩენისთვისაა განწირული.

რუსეთი, სადაცაა ევროპის ჟანდარმი გახდება, მაგრამ, მანამდე...

მას კავკასია, მუდმივად მოქიშპე ოსმალეთთან სახმელეთო სიახლოვე, კასპიურ-ირანული გეგმების რეალიზაციისათვის აღმოსავლური ფრთის მიბმა, კიდევ უფრო მეტი შავი ზღვა და ვინ იცის, რა აღარ სურს. აკი, უკვე საუკენეებია უხმობენ და ბოლო 40 წელია, ეპატიჟებიან კიდეც, მაგრამ მას ამგვარად არ აწყობს - სტუმრის სტატუსი არ ხიბლავს, მეგობრობისა კი, ბუნებით არა ესმის!

იდეაფიქსად, მხსნელად მოვლენა აქვს ქცეული!

ეს მისთვის კარგად აპრობირებული მეთოდია. და იმ კონკრეტულ მომენტში, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოსთან დადებული ტრაქტატი იმ ქაღალდის ღირდებულებადაც აღარ ფასობს, რომელზეც გაფორმდა...

და როდესაც საქართველო სიკვდილის სარეცელთან კი დგას, მაგრამ მაინც.. არც თავად კვდება და არც მისი საქვეყნოდ განთქმული მეფე ჩქარობს სიკვდილს!

ირანის საჭურისი, უნიჭო და თიხის ფეხებზე მდგარ ტახტზე წამოსკუპებული აღა-მაჰმადისთვის, საძიძგნის გადაგდება, სწორედაც რომ კარგად გაანგარიშებული სვლა იყო.

ყველას კარგად ესმოდა: ნახევარკაცი შახი, ვერც საკუთრივ ერეკლეს სამეფოს და ვერც მის ფართო სავასალოს დაინარჩუნებდა. ერთი, სისხლს თუ დაადენდა, ისედაც სისხლისგან დაცლილთ.

ასე გადაწყდა.

და ასეც მოხდა!

გონების თვალს უხმეთ.. თბილისს გამთენიიდან უტევენ. თაბორის მთიდან ზარბაზნების გრიალი არ წყდება. არ დუმდება არც კრწანისის ველზე განლაგებული ირანული არტილერია.

ქალაქში საქმე არ ილევა - სრულდება სამზადისი ხიზნად ქცევისთვის, ალყისთვის...

ბრძოლისთვის!

ქალაქის მოხალისეთა შეიარაღებულ რაზმებს, მაჩაბელი მოუძღვება. 12.000 რჩეული მხედარი თელავის მისადგომებს კი იცავს, მაგრამ თბილისში მიმდინარე მოვლენებისა, თითქოს არაფერი იციან. ალბათ ის დროა, როდესაც 300 არაგველი ჩქარი ძუნძულით მორბის ხეობიდან. თბილისის კედლებთან, ხუთი ათასი ქართველი თარეშული ბრძოლის სასწაულებს აჩვენებს.

აღა-მაჰმად ხანი გასაქცევად ემზადება.

აჩერებენ..

ერეკლე - უკვე 74 წლის!

400-450 კგ. ცხენს მართავს.

30 კგ. აცვია.

2-3 კგ. „ავ მუსაიფს“ იქნევს.

ბრძანებებს არიგებს.

მაგალითს იძლევა.

და ბოლოს, მარცხდება!

არ ეპუება და ძლივს გაჰყავთ ქალაქიდან!

ტფილისი - სავსე სისხლსმოწყურებული ზომბებითა და მძარცველ-მტარვალებით. ახლა სწორედ მათი დროა, რადგან თბილისში ფეხის მოკიდებას, არავინ ლამობს - ეს არაა მიზანი.

მიზანი უკიდურესი ზარალია - სულიერი, ხორციელი, მატერიალური.

თბილისი - საძირკვლამდე დანგრეული, დაფერფლილი, პარტახი (სწორედ ამიტომაცაა, რომ შუასაუკენეების საერო ნაგებობათა კვალიც კი ძნელად იძებნება დღეს).

მოსახლეობას ხოცვა - განურჩევლად ასაკისა, სქესისა, წარმომავლობისა თუ მრწამსისა. არავინ იცის, რა ვითარებაში და ვისი ხელით დაემშვიდობა სიცოცხლეს საიათნოვა. ბრძოლაში მოკვდა? არ გამოვრიცხავ - ისიც ხომ პოეტი იყო. ასეა თუ ისე, 1-2 ვაჭრუკანა სომხის ღალატს, სხვასთან ერთად, არუთინ საიადინიანიც, ანუ ყველასთვის ცნობილი საიათნოვაც შეეწირა.

უთუოდ საინტერესო ვინმე იყო. ხელობით კი ფეიქარი გახლდათ, მაგრამ პიიტიკოს-ლირიკოსობდა, მუსიკასაც ჰქმნიდა და იმდენად სახელგანთქმულ აშუღად იქცა, რომ სამეფო კარზეც კი მიიწვიეს, სამსახურად. დიდ ხანს ვერ გაჩერდა - სასახლის ინტრიგები სავსებით უცხო სამყარო აღმოჩნდა მისთვის. ვინ იცის, რას გადაეყარა. ჭორს? რა არ შეარჩინეს: უბრალო კაცობა, ხელოსნობა და მდაბიობა, სომხობა? რას გაიგებ. მღდლობა დაიწყო და მერე სქემაც შეიმოსა - ახპატის მონასტერში შედგა ბერად. სამ ენაზე წერდა - ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. პოეზიაში ქალაქურ ცხოვრებასა და სოციალურ ურთიერთობებს ეხებოდა და უბრალო ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდა. მისმა შემოქმედებამ, დიდი გავლენა იქონია სააშუღო ხელოვნების განვითარებაზე და, ზოგადად, ქალაქური სახელოვნებო სტილის ერთ თბილისური მიმდინარეობაზეც.


Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page