top of page

„უკან სოხუმია“

Updated: Sep 10, 2019

სექტემბრის ბოლო დღეები იყო.. 1993 წლისა. რუსეთმა მზაკვრულად დაარღვია შეთანხმება და სოხუმზე გააფთრებული შეტევა დაიწყო. თბილისში მოხალისეების შეგროვების ამბავი გავრცელდა - ითქვა, რომ ავტობუსები, რომლითაც მებრძოლები სოხუმის მიმართულებით გაიგზავნებიან, ფილარმინიის მიმდებარედ დადგებოდნენ.

ამ დრომდე, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიღებული არ მქონდა: წინა წლის შეიარაღებულმა ამბოხმა დაიკო დამიქვრივა, ასაკში შესულ მშობლებს, ახალ ვითარებასთან სრულფასოვანი ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდათ, ხოლო მე ოჯახი ახალი შექმნილი მყავდა, ის იყო ვაჟი შემეძინა და.. 93-ში, ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, რომ რუსეთი რაღაცას მოაგვარებდა, ეს ფაქტორები თითქოს სადღაც გაქრა და ბევრი თქვენგანის მსგავსად, მეც დათქმულ დროს დანიშნულ ადგილზე მივედი. 4-5 „იკარუსი“ იდგა. გარშემო ბევრად მეტი ხალხი ირეოდა. ცხადია, პირველყოვლისა ნაცნობს დავუწყე ძებნა. ვერავინ აღმოვაჩინე. იქვე, სამხედრო ფორმით მდგარი კაცი შევნიშნე, რომლიც ერთ-ერთი ავტობუსის კარებთან, სიით ხელი იდგა - ამსვლელებს აღრიცხავდა. მცირე დაკვირვების შემდეგ მივადექი და იარაღზე ვკითხე.. იცით რა მიპასუხა? და თან ისე, რომ ზედაც არ შემოუხედავს.. მე საიდან მოგიტანო იარაღი.. მოკლავენ ვინმეს და აიღებო. არ ვიცი, რამდენ წამს გაგრძელდა ჩემი შოკი, მაგრამ ეს იყო წამები და არა წუთი. ცივად გამოვბრუნდი და ალბათ არასოდეს გამხარებია ცოლ-შვილის ნახვა ისე, როგორც იმ დღეს. ამის შემდეგ, უკვე ლამის სამი ათეული წელია, რაც სექტემბერი, მეტადრე კი მისი დასასრული, ტკივილინარევ მოგონებებს აღვიძებს - 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში გამაგრებულ ქართველობამ ბრძოლა შეწყვიტა - სოხუმი დაეცა, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და სხვა მუამულიშვილები, სიცოცხლეს გამოასალმეს.

ბუნებრივია აფხაზეთის და, ზოგადად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები ისედაც ჭარბი ინტერესის საგანია, მაგრამ ახლა, როდესაც საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს, რომელმაც თავის ცალსახა პრიორიტეტად ტერიტორიული საკითხების მოგვარება გამოაცხადა, თემა კიდევ უფრო გამოიკვეთა.

ეს სიმკვეთრე კიდევ მეტია, როდესაც რუსული პოლიტიკის აშკარა გამტარებელი, „პატრიოტთა ალიანსი“ ახალი ძალით შეუდგა ძველი „მოსაზრების“ ტირაჟირებას და გთავაზობს, პირდაპირი დიალოგი ვაწარმოოთ სეპარატისტებთან, რაც მათი მხარედ აღიარებაა. იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო ჯიუტად მკვიდრდება ტერმინი „ცენტრალური ხელისუფლება“, რამდენადაა მოსალოდნელი, რომ სოხუმში (ან იმავე ცხინვალში) რეგიონული სახელისუფლებო ძალის სტატუსს დასთანხმდებიან? იქნებ მერე სამ თანასწორ სუბიექტს რაღაც ფედერაციული ან კონფედერაციული მოდელიც შემოგტენონ, სადაც სახელმწიფოს ქართველი ერი და საქართველოში მცხოვრები სხვა ხალხები, ანუ ქართველი ხალხი კი არა, არამედ ქართველი ერი, აფხაზი ერი და ოსი ერი და სხვა ხალხები აფუძნებენ. მერე ნეიტრალიტეტის ობიანი იდეა.. ცხადია, საქართველოს წინააღმდეგ ომი არც XX-საუკუნის 20-იანებში დაწყებულა და არც 90-იანებში - ის გაცილებით ხანგრძლივია, მაგრამ როგორც ცალკე ეპიზოდი ომისა, ეს გახლდათ რუსეთის მორიგი ბრძოლა ახალი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ის, ახლაც გრძელდება. ამ მომენტისთვის, მტრის ძალების უპირატესობა შეინიშნება, რადგან ხელისფულებაში მისი ინტერესების გამტარებლები სხედან. #tbilisihotblog

 
 
 

Comments


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page