top of page

„ფალსიფ-ეკა-ცია“

Updated: Aug 3, 2019

(Update 03.08.19 +video) ვინმე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიას მეტამორფოზა ბუნებრივი რამ გახლავთ და ეს თვითგადარჩენის ინსტიქტით ნაკარნახევი ქმედებაა, რომლის ამოცნობასაც დიდი ფილოსოფია არ ჭირდება? ჩემი აზრით, ცდება ყველა, ვინც ასე მიიჩნევს და მისმა ერთ-ერთმა ბოლო სატელევიზიო ინტერვიუმ, რომელიც „TV-პირველი“-ს ეთერში შედგა, საბოლოოდ გამოაშკარავა, რომ ეს მხოლოდ თამაშია. და ამ თამაშში, ეკა ბესელია, თავს ხედავს თუ ლოკომოტივად არა, ხავსად მაინც, რომელსაც საკმარისია ერთი კონკრეტული გაჭირვებული მოეჭიდოს..

დანარჩენი, დეტალებია. ხოლო დანარჩენები... ვინ დანარჩენები?

დააკვირდით, მას მერე, რაც ვითომ სხვა ნავში გადაჯდა, ბესელია აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს, გარდა უშუალოდ ივანიშვილისა. და თუ კი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს მაინც უწევს, არის უკიდურესად, მე ვიტყოდი ამაზრზენად ზომიერი და მის გამოსვლებში, სულ უფრო ჭარბობს ამგვარი „მოსახვევები“: ..დეტალებში ვერ შევალ; ეს დახურული შეხვედრა იყო.. და ა. შ.

არადა, დეტალებში ვერ შევა კი არა, თუ სადმე კუთხე-კუნჭული იცის, ყველგან შევიდეს, უჯობს - ეგებ გადარჩეს. ვთავაზობ, დაიწყოს იმის ქვითინნარევი აღიარებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ე. წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების კამპანიაში, ბინძური საქმე აკისრებინა. მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან თუნდაც მოარულ ხმებზე დამყარებული კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ „კამპანიაში“ ბესელიამ ფული იშოვნა, იქვე და ავტომატურად აიტუზება. არ ვიცი, იყო ეს მართლაც ასე თუ არა, მაგრამ ფაქტია - როგორც კი სიის საკითხი წამოიწევს, ეს კითხვებიც გაჟღერდება. მაგრამ აქ, ამ სიის ისტორიაში, მთავრი ფული არ გახლავთ - ბვერად უფრო მწვავედ მდგარი საკითხი, უფულოდ გათავისუფლებულთა ინდენტობაა. საერთოდ, ახლა ამ კითხვების გაუჟღერებლობა, ბესელიას ერთ-ერთი საკვანძო ინტერესია და ის იქნება იქ, სადაც ამგვარ კითხვას არ დასვამენ. მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, რომ სიმართლის განახევრების ეს ბესელიასეული მეთოდი თუ ფინტი, სხვა ამოცანას ემსახურებოდეს. მაგრამ ამაზე ოდნავ ქვემოთ. ახლა კი, ისევ იმ საკითხს რომ მივუბრუნდეთ: უბრალო ენით რომ ვთქვათ, ბესელია ხიდებს ბოლომდე არ ანადგურებს. ეს კი ნიშნავს, რომ სადღაც, თუნდაც თეორიასა და გულის კუნჭულში, ის უშვებს შესაძლებლობას, რომ ისარგებლოს ერთ-ერთი „ხიდით“. ის, თუ რამდენად ღირებულია ასეთი ინდივიდი მოკავშირედ, მინიშნებასაც არ საჭიროებს, არათუ განმარტებას - პოტენციური „პერებეჟჩიკია“ და ეს მას მანამდეც უჩვენებია.

მაგრამ არსებობს თუ არა შანსი, რომ ამას სულ სხვა ახსნა ჰქონდეს? არსებობს: ბესელია მთავარ განცხადებებს ინახავს. ეს ლოგიკურია. და ვიდრე მასთან ეს „მარაგი“ ეგულებათ, ის, შესაძლოა, მიტინგზე ან, სულაც, შოუზეც მიიწვიონ.

ოდნავ უკან რომ დავბრუნდეთ.. გულის სიღრმეში, ბესელიაც აღიარებს, რომ მისი ტრიუმფალური სვლა ფილარმონიაში არ შედგა - მოძრაობის „დაიცავი საქართველო“ დედად არავინ გამოაცხადა, რადგან ბესელია მივიდა პოლიტიკური კაპიტალისთვის და არა პოლიტიკური კაპიტალით. და მით უმეტეს არა რაიმე სხვა მატერიალური დოვლათით. მაშინ, თუნდაც ეჭვი რომ ჰქონოდა ვინმეს იმისა, რომ ბესელია უბრალოდ სხვა გრიმითაა, ხოლო „ფულის ნაკადული“ კვლავ მოედინება, დედადაც გამოაცხადებდნენ და ეგებ, სულაც, ქართლის დედის ხორცშესხმად ეღიარებინათ. მაგრამ ბესელიაც საშოვარზე გამოსულის „ვიდზე“ იყო და.. ასეა თუ ისე, ბესელია, რომელიც საკონცერტო დარბაზში Wild West-ის Saloon-ში შესული კალვერას ბრექით გამოცხადდა, უკან გამობრუნებული, ვერ ვიტყვი სასოწარკვეთილიო, მაგრამ რიხდაგუდული კი იყო. შესაძლოა ამიტომაც, ხაზგასმით აცხადებდა, რომ დავით მაღრაძის მოძრაობა „დაიცავი საქართველო“, მოძრაობადვე დარჩებოდა და პოლიტიკურ ორგანიზაციად ვერ გადაკეთდებოდა. რასაც ახლა ვუყურებთ, ეს მოძრაობა უძრავადაა და ეს მოსალოდნელი იყო - ასე ემართებათ ხელოვნურად გაერთიანებულ მასებს. ისე კი, ნებისმიერი მოძრაობა, ეს ადამიანთა გაერთიანებაა, ისევე, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციაც - ამის გარეშე ორივე უქმია. ასე რომ, შესაძლოა, ორგანიზაციულ შერწყმასთან საქმე მართლაც არ გვქონოდა, მაგრამ რა საჭიროა ეს ფორმალობები, არა? იქ იყვნენ ჯგუფები, რომელთაც იდენტურ ვერბალურ მარკერებზე აგებული, ურთიერთმსგავსი შეხედულებები აქვთ. რეალურად, დრომდე, ინტერესებიც მართლაც საერთო ელფერისაა და...

საქართველოში, სადაც ერთადერთი მოქმედი იდეოლოგია „მე ვარ და ჩემი ნაბადი“ გახლავთ, პარტიის „ამოსაქოქად“, მეტი რაღაა საჭირო?

ასე რომ, მოსალონელი იყო, რომ აქ ვიხილავდით ბევრ სახეს, იმათგან, ვინც ფილარმონიაში მოიყარა თავი. ეს საზოგადოება ხოშიანად ერთიანდება „იმ ოცნების იდელებთან“.. თუ რაღაც მსგავსი იდიოტობა თქვა, ხო?

საბოლოო ჯამში, მუსკულატურა მაინც არ იქნება საკმარისი და ამიტომ, მოკავშირეები ამ შემოდგომაზე გამოუჩნდებიან. მიუხედავად საარჩევნო ბარიერის არარსებობისა, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, სხვასთან გაერთიანების გარეშე, ფონს გასვლა „ემუქრებოდეს“. ვიღაც „ევროპელებისკენ“ მიქუჩდება, ვიღაც „ნაციონალებისკენ“. ვიღაც „ოცნებაში“ გაატარებს დროს.. ხაზარაძესთან ბესელიას ხედავთ? მე ვერა, რადგან ეს იქნება ლახვარი ჯერ მხოლოდ დაანონსებული მოძრაობის გულში. მაშ, ვისთან შეიძლება გაერთიანდეს ბესელია? გაგაოცოთ? რატომღაც მგონია, რომ საბოლოოდ, ეკა ბესელიას პარტია თაკო ჩარკვიანთან გაერთიანდება და აქ, მათი პარტიების დასახელებათა მსგავსება, ყველაზე ნაკლებადაა ნიშანდობლივი. ცხადია, ეს პროგნოზი ორაკულ კაკულიას „ხილვებს“ დიდად არ ჩამოუვარდება, მაგრამ თეორიაში, ეს ბუნებრივი პოლიტიკური ლტოლვის შედეგი იქნება, ანდაც პრაგმატული გათვლისა, ვინაიდან, ცალკეულად, არც ბესელიას და არც ჩარკვიანს აქვთ თუნდაც ერთი საპარლამენტო ფრაქციის დაკომპლექტების შნო.

თაკო ჩარკვიანს კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი პარტია რაღაც საერთო ოპოზიციურ გაერთიანებაში შეტენოს და ამით რაიმე, ვთქვათ, საკუთარი თავის გარანტია შეიქმნას და, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი სავარაუდო ფრაქციის შანსი დაიტოვოს, მაგრამ ეკა ბესელია სრულიად უშანსოდ არის - არც თუ მაღალი რეპუტაცია, მწირი ფინანსური რესურსი, გარემოცვაში ინტელექტუალების ნაკლებობა - ყველაფერი ეს და სხვაც არა ერთი, ბესელიას პოლიტიკურ მომავალს ძალიან ბუნდოვანს ხდის. ბევრი რამ შეიძლება დასწამო ბესელიას, მაგრამ სულელს ნამდვილად ვერ უწოდებ. არც ახლა გჯერათ, რომ ბესელიას ამჟამინდელი „ობრაზი“ ფალსიფიცირებულია და სინამდვილეში, ის ივანიშვილის მოთამაშეა?


 
 
 

Commentaires


mebloge networks tbilisihot.com tbilisihot@gmail.com

© Copyright text
bottom of page