ფხენიანის ფხა
- კოტე ნიშნიანიძე
- Apr 18, 2019
- 2 min read
წარმოდგენა არ მაქვს, რამდენმა იცის ეს ჩრდილოეთ კორეაში, მაგრამ, დანარჩენ მსოფლიოში, უმეტესობას მაინც, მოგვეხსენება, თუ როგორ „მოუგო“ მსოფლიო თასზე პირველად და უკანასკნელად გასულმა ჩრდილოკორეულმა ნაკრებმა ბრაზილიას. ის მატჩი 3-1 დასრულდა, თუმცა კორეის მოსახლეობას, მხოლოდ კორეელთა მიერ გატანილი გოლი აჩვენეს და მატჩის შედეგადაც, სწორედ ამგვარი ანგარიში გამოცხადდა.
რამ გამახსენა? რამ და იმან, რომ სამყარო ის კი აღარაა, რაც ოდესღაც, ან ოდესმე იყო, მაგრამ მონათა აჯანყება, როგორც მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტი, არსად წასულა. ასე რომ ფხენიანის ბელადებს კარგად მოეხსენებათ, რომ 80-იანი წლების საბჭოთა კავშირში ცხოვრებას, მათი მოსახლეობა, ერთხელაც აუჯანყდება. ერთადერთი ფაქტორი, რაც ამგვარ შესაძლებლობას თუ არ მოსპობდა, დაამუხრუჭებდა მაინც, მეტ-ნაკლები ეკონომიური კეთილდღეობაა. არადა, სანქციებით შეჭირვებულ ჩრდ. კორეას სულ უფრო უჭირს იმ თავისი რაღაც სტანდარტის შენარჩუნებაც კი.
ამის გამო მძიმე ვითარებაში მყოფი ჩრდილოეთ კორეა ცდას არ აკლებს, რომ თავი დააღწიოს ამ მახეს. საგულისხმოა, რომ ეს ჰიპოთეტური აჯანყება, არა მხოლოდ კორეის ბელადებს, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც ბევრ თავის ტკივილს შესძენს - 25 მილიონიანი ქვეყანა, ბირთვული ტექნოლოგიითა და მენტალურად ფსკერზხე მყოფი მოსახლეობით, ძალიან სახიფათო „კოქტეილია“.

ერთი სიტყვით, კიმ ჩენ ინი წინააღმდეგობებზე თამაშობს. რეალურად, ქვეყანას, რომელიც უკვე ათწლეულებია იზოლირებულია და ისე ცხოვრობს, თითქოს პლანეტაზე ეულად იყოს, დიდად არ აღელვებს სამყაროს განვითრების მიმართულებები - ის ცდილობს გამონახოს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი, ვიდრე სთავაზობენ. ხოლო შეთავაზებები არის და იქნება.
ამის დასტურია ის ერთგვარი ღრიჭო, რომელიც ამ იზოლაციაში გაჩნდა: ჩრდილოეთ კორეამ გამართა უმაღლესი დონის შეხვედრები ოთხჯერ - ჩინეთის ლიდერთან, სამჯერ - სამხრეთ კორეის და ერთხელაც - ვიეტნამის პრეზიდენტთან.
და ყველაზე მთავარი - ის უკვე ორჯერ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტს.
აქ სწრაფ გარღვევას არავინ ელოდა, თუმცა, ამის შემდგიმი მოვლენებიც, ასევე, დიდად მოსალოდნელი არ გახლდათ - მდგომარეობა დამესგავსა ჩიხურს, რაც, რეალურად, სტატუს ქვოსაც არ ნიშნავს, რადგან ასეთ „ნიშანს“, ვითარებას შეხვედრათა და მცდელობათა პრეცედენტი ართმევს. ასეა თუ ისე, ამა მოჰყვა ფხენიანის ლიდერის ლამის წყალობასავით გაღებული განცხადება, რომელშიც კიმ ჩენ ინმა გამოთვა იმედი, რომ დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, აშშ საკუთარი პოზიციას შეარბილებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები ვერ მიიღებდა სასურველს.
ამერიკის შეერთებული შტატები სრულიად შეუძლებელი გეგმებით ჩამოვიდა და სინამდვილეში, საერთოდ არ იყვნენ მზად ჩვენთან პირისპირ შესახვედრად და პრობლემის გადასაჭრელად. ასეთი პოზიციით აშშ ვერ შეძლებს ჩვენს დაძვრას ერთი ადგილიდან, თუგინდ ათასჯერ გამართონ ჩვენთან პირისპირ შეხვედრა, საერთოდ ვერაფერს მიიღებენ იქიდან, რისი მიღებაც სურს
განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა
ამ ფონზე რუსეთის მიმართულებით ნაბიჯები მოსალოდნელზე მეტი გახლდათ, რადგან ჩრდილოკორეელი დიქტატორის ტონი, შეუსაბამოდ მტკიცე იყო - ეს მხოლოდ იმ შემთვევაში იყო დასაშვები, თუ მას რაიმე საპირწონო ექნებოდა „ხელთ“. და აი, კვირის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, მანამდე ვარაუდების დონეზე გამოთქმული მოსაზრება დაადასტურა - უმაღლეს დონეზე შეხვედრა არამც თუ იგეგმებოდა, არამედ ის, შესაძლოა, სულაც ამ თვის ბოლომდეც კი შედეგს.
საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ფხენიანი, მოსკოვს, ალბათ, ეკონომიკურ დახმარებას სთხოვს. მოგეხსენებათ, დალხენილი არც რუსეთია, თუმცა ის ცდას არ დააკლებს, რათა კიდევ სადღაც მოიპოვოს (ან აღიდგინოს) გავლენა. გარდა ამისა, საერთაშორისო ბირთვულ მოლაპარაკებებშიც რუსეთი პოზიციებს გაიმყარებს და ეს პუტინის პოლიტიკას კარგად ეხმიანება. ამ ფონზე, გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავარ ბირთვულ ობიექტზე, თანამგზავრებმა საეჭვო აქტიურობა დააფიქსირეს, რაც უმალ დაუკავშირდა რადიოატიური ნარჩენების გადამუშავებას, რის შედეგადაც, რაკეტებისთვის საწვავის მიღებაა შესაძლებლი.
Comments